
უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ახალ ფაზაში შედის. ევროკომისარი მარტა კოსი აცხადებს, გაწევრიანებაზე მოლაპარაკების პირველი კლასტერი ივნისში გაიხსნება, დანარჩენები კი - ივლისში. მედიაში კი პირველი კლასტერის გახსნის უფრო კონკრეტული თარიღი სახელდება - 16-დან 19 ივნისამდე პერიოდი.
ამის შესახებ გამოცემა „იურაქტივი"ევროკომისიის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, ევროკომისია აღნიშნულ წინადადებას ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე წარადგენს, ორი დღის შემდეგ კი, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ლიდერები მის დამტკიცებას შეძლებენ.
ეს საკითხი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხუთშაბათს კვიპროსზე გამართული მინისტერიალის დროსაც განიხილეს. აქცენტი უფრო მეტად უკრაინაზე იყო გაკეთებული.
მინისტერიალის დაწყებამდე ევროკომისარმა მარტა კოსმა გაერთიანების წევრ ქვეყნებს მოუწოდა, სასწრაფოდ შეათანხმონ ახალი წევრების მიღების „ალტერნატიული" მოდელი. მისი განცხადებით, გაფართოების არსებული მექანიზმი ვეღარ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც უკრაინის განაცხადმა წარმოშვა.
მისი თქმით, ტრადიციული, წლობით გაწელილი მოლაპარაკებების პროცესი დღეს ეფექტური აღარ არის. ექსპერტების შეფასებით, ბრიუსელი, სავარაუდოდ, „ეტაპობრივი ინტეგრაციის" მოდელზე გადასვლას განიხილავს, რაც კანდიდატ ქვეყნებს ევროპულ ბაზრებსა და ფონდებზე წვდომას სრულუფლებიან წევრობამდე ბევრად ადრე მისცემს.
გაწევრიანების მოლაპარაკების ფორმატი
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 33 თავად არის დაყოფილი, რომლებიც, თავის მხრივ, ექვს თემატურ ბლოკში (კლასტერში) ერთიანდება. სწორედ ეს კლასტერები წარმოადგენს წევრობისკენ მიმავალ მთავარ სამართლებრივ ნაბიჯებს.
პირველ ბლოკს (კლასტერს) „ფუნდამენტური საკითხები" ჰქვია და ის კანდიდატი ქვეყნისგან ორ ძირითად „საგზაო რუკას" მოითხოვს, კანონის უზენაესობისა და საჯარო მმართველობის რეფორმირების მიმართულებით.
ცალკეულ თავებზე მოლაპარაკებები მანამ არ ჩაითვლება დასრულებულად, სანამ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო არ დარწმუნდება კანდიდატის პროგრესში, რომელსაც მანამდე ევროკომისია აფასებს. მთლიანი მოლაპარაკებების პროცესი კი საბოლოოდ მხოლოდ მას შემდეგ იხურება, რაც ქვეყანა ყველა კლასტერის მოთხოვნებს შეასრულებს
ევროკავშირის ბოლო გაფართოება 2013 წელს მოხდა, როდესაც ბლოკს ხორვატია შეუერთდა.
უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში მოიპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაწევრიანების განაცხადს ხელი რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 2022 წლის 28 თებერვალს მოაწერა. უკრაინის კვალდაკვალ ანალოგიური განაცხადები მოლდოვამ და საქართველომაც წარადგინეს.
თუმცა, 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამმიიღო გადაწყვეტილება, რომ 2028 წლამდე არ მოახდენს ევროკავშრშ გაწევრიანებაზ მოლაპარაკების დაწყების ინიცირებას, რასაც ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოყვა.
„ასოცირებული წევრობა" და სხვა ვარიანტები
რაც შეეხება უკრაინას, გერმანიამ და საფრანგეთმა მისთვის ევროკავშირის „ასოცირებული წევრობის" მინიჭების ინიციატივა წამოაყენეს, რაც ქვეყანას სრულუფლებიან წევრობამდე გარკვეულ ბენეფიტებს მისცემდა. თუმცა, ეს არ ითვალისწინებს ევროკავშირის აგრარულ სუბსიდიებზე წვდომას და უკრაინას გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხმის უფლებას არ უტოვებს.
- ევროკომისარ მარტა კოსის თქმით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნა, რომ უკრაინა უკვე მომავალ წელს გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, არარეალისტურია. ხოლო უკრაინისა და მოლდოვის მოლაპარაკებები სავარაუდოდ ერთმანეთისგან გაიყოფა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სიმბოლური წევრობის" იდეა მკაცრად უარყო და განაცხადა, რომ უკრაინა მხოლოდ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას ელოდება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა „ევროპას სიმბოლურად კი არა, რეალურად იცავს", რისთვისაც ყოველდღიურად ადამიანურ მსხვერპლს იღებს და საერთო ევროპულ ფასეულობებს უფრთხილდება.
კვიპროსის მინისტერიალზე მარტა კოსმა პირდაპი არ უარყო „ასოცირებული წევრობის" იდეა, თუმცა განაცხადა, რომ ეს შეიძლება გაცდეს „კარგი დასაწყისი დისკუსიისათვის".
მისივე თქმით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნა, რომ უკრაინა უკვე მომავალ წელს გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, არარეალისტურია, თუმცა ეს ქმნის საფუძველს დისკუსიის დაჩქარებისთვის.
ამასთან, კოსი არც იმას გამორიცხავს, რომ ახლო მომავალში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესი ერთმანეთისგან გაიყოს.
2026 წლის მაისის მონაცემებით, უკრაინამ ყველა კლასტერთან დაკავშირებული მოთხოვნები უკვე მიიღო, თუმცა დე იურედ ისინი კვლავ დახურული რჩება.
კიევი პარტნიორებს არაერთხელ მოუწოდებდა უკრაინის ევროინტეგრაციის დაჩქარებული პროცედურით წარმართვისკენ. ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირის წევრთა უმრავლესობა ამ ინიციატივას მხარს უჭერს, ქვეყანამ კი დასახული პირობები შეასრულა და ახლა პროცესი „მხოლოდ ცალკეული ევროპელი ლიდერების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული". ამ დრომდე ინტეგრაციის პროცესს ძირითადად უნგრეთი აფერხებდა, თუმცა მაისის დასაწყისში ქვეყანაში მთავრობა შეიცვალა და ხელისუფლებაში ოპოზიციური ძალები მოვიდნენ
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ინდივიდუალურ დამსახურებებზე დაფუძნებული პროცესია და კონკრეტული ქვეყნებისთვის „მოკლე გზები" არ არსებობს.