მარიამ ვეკუა
29.05.2026

აშშ-მა და ირანმა, ურთიერთგაგების წინასწარ მემორანდუმზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 60 დღით გახანგრძლივებასა და საზღვაო ბლოკადის მოხსნას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ თეთრი სახლი ამ ინფორმაციას ადასტურებს, თეირანი შეთანხმების მიღწევას ამ ეტაპზე უარყოფს, ვაშინგტონი კი საბოლოო გადაწყვეტილებისთვის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „მწვანე შუქს" ელოდება.

დასავლურ მედიაში ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მა და ირანმა ურთიერთგაგების წინასწარ მემორანდუმს მიაღწიეს. შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 60 დღით გახანგრძლივებასა და ომის საბოლოოდ დასრულების მიზნით მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს.

ამერიკულმა წყაროებმა „ალ-ჯაზირას" ხუთშაბათს განუცხადეს, რომ აღნიშნული დოკუმენტი ჯერ კიდევ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საბოლოო დამტკიცებას საჭიროებს.

თუმცა, წინასწარი შეთანხმების დეტალები კვლავ ბუნდოვანია.

ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების წინაპირობა სპარსეთის ყურეში აშშ-სა და ირანს შორის მომხდარი პერიოდული შეტაკებები გახდა, რაც ზავის ჩაშლის საფრთხეს ქმნიდა.

წინასწარი შეთანხმების შესახებ ინფორმაცია პირველად გამოცემა „აქციოსმა" ხუთშაბათს დილით გაავრცელა. ამ წყაროს თანახმად, შეთანხმება ჰორმუზის სრუტეში გემების შეუზღუდავ გადაადგილებას ითვალისწინებს, რის სანაცვლოდაც აშშ ირანის პორტებზე საზღვაო ბლოკადას გააუქმებს.

თეირანი აცხადებს, რომ სრუტე ირანმა და ომანმა ერთობლივად უნდა მართონ, რადგან ის ორივე ქვეყნის ტერიტორიულ წყლებზე გადის.

ვაშინგტონი ჰორმუზის სრუტეზე ირანის კონტროლის ნებისმიერ ფორმას, მათ შორის გემებისთვის სპეციალური მოსაკრებლის დაწესებას, კატეგორიულად უარყოფს.

ხუთშაბათს, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ვაშინგტონის ახლო მოკავშირე ომანიც კი გააფრთხილა და სანქციებით დაემუქრა, თუკი ეს უკანასკნელი სრუტეში გამავალი გემებისთვის გადასახადების დაწესებას ხელს შეუწყობს.

  • სკოტ ბესენტი: „პრეზიდენტზე წინ გაჭრა ყოველთვის შეცდომაა, ასე რომ, საბოლოო გადაწყვეტილებას მთლიანად პრეზიდენტი მიიღებს"

მოგვიანებით, ბესენტმა გავრცელებული შეთანხმების დეტალების დადასტურებაზე უარი თქვა და მიანიშნა, რომ ვერანაირი შეთანხმება ვერ შედგება, თუ ის ტრამპის მიერ დაწესებულ „წითელ ხაზებს" არ დააკმაყოფილებს.

„პრეზიდენტზე წინ გაჭრა ყოველთვის შეცდომაა, ასე რომ, საბოლოო გადაწყვეტილებას მთლიანად პრეზიდენტი მიიღებს", - განუცხადა ბესენტმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ირანის მიმართ ტრამპის სამი პირობა მკაფიოა: ჰორმუზის სრუტის გახსნა, ურანის მარაგების დათმობა და ბირთვული პროგრამის შეწყვეტა.

ირანული სააგენტო გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

ირანის საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმმა", მოლაპარაკებებთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით, ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებები მოსალოდნელი შეთანხმების შესახებ უარყო.

„თუ ტექსტი მართლაც საბოლოოდ შეთანხმდა, ირანი ამის შესახებ აცნობებს როგორც პაკისტანელ მედიატორს, ისე საკუთარ მოსახლეობას. მანამდე კი დასავლური წყაროების ნებისმიერი ვერსია არასანდოა", - აცხადებს სააგენტო.

გავრცელებული ინფორმაციით, საზღვაო გზასთან დაკავშირებული შეთანხმების გარდა, მემორანდუმი ირანისგან ბირთვულ იარაღზე უარის თქმის ვალდებულებასაც მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ თეირანს ეს ვალდებულება საჯაროდ არაერთხელ აქვს აღებული. უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ, რომელიც აშშ-ისა და ისრაელის ძალებმა ომის პირველსავე დღეს, 28 თებერვალს მოკლეს, მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ რელიგიური დეკრეტიც (ფეტვა) კი გამოსცა.

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა ხუთშაბათს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა „ბირთვულ იარაღს არ ეძებს".

„ჩვენ არ ვაწარმოებთ დიპლომატიას დამცირების ხარჯზე", - განაცხდა პეზეშკიანმა.

  • ირანული მედია: „თუ ტექსტი მართლაც საბოლოოდ შეთანხმდა, ირანი ამის შესახებ აცნობებს როგორც პაკისტანელ მედიატორს, ისე საკუთარ მოსახლეობას. მანამდე კი დასავლური წყაროების ნებისმიერი ვერსია არასანდოა".

დასავლური გამოცემების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მიღწეულო შეთანხმებას ჰორმუზის კრიზისის მოგვარება შეუძლია, სხვა სადავო საკითხები, მათ შორის აშშ-ის სანქციების გაგრძელება და ირანის ურანის მარაგების მომავალი, შემდგომი მოლაპარაკებების საგანი უნდა გახდეს.-წერენ გავლენიანი გამოცემები.

ირანი ურანის შიდა გამდიდრების უფლებას დაჟინებით მოითხოვს, რაც „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებით" აკრძალული არ არის. თუმცა, ტრამპი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყნის ბირთვული პროგრამა სრულად უნდა დაიშალოს.

აშშ ირანის მიერ რაკეტებისა და დრონების წარმოების შეზღუდვასაც ითხოვს, თუმცა თეირანი საკუთარი თავდაცვის პოლიტიკაზე მოლაპარაკებებს კატეგორიულად გამორიცხავს.

კიდევ ერთ პრობლემურ საკითხად რჩება ომი ლიბანში, სადაც ისრაელმა ბოლო კვირების განმავლობაში იერიშები გააძლიერა, რასაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა, ქვეყნის სამხრეთის ორ უდიდეს ქალაქში კი მოსახლეობის იძულებითი ევაკუაციის ბრძანება გაიცა. ირანთან მოკავშირე დაჯგუფება „ჰეზბოლამაც" დრონებით თავდასხმები ისრაელის საოკუპაციო ძალებზე გაახშირა.

მანამდე ირანმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ზავი აუცილებლად უნდა მოიცავდეს ლიბანსაც.

პარალელურად, ლიბანის მთავრობა ომის დასასრულებლად ისრაელთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ვაშინგტონში მანამდე განაცხადეს, რომ ლიბანი აპრილის ზავის ნაწილი არ ყოფილა, თუმცა აშშ ამავდროულად მხარს უჭერს და თავადვე მასპინძლობს ლიბან-ისრაელის ორმხრივ შეხვედრებს.

გასულ ხუთშაბათს, ბოლო სამი კვირის განმავლობაში პირველად, ისრაელმა ბეირუთი დაბომბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×