
აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა დაუშვა, რომ ამერიკულმა მხარემ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეამსუბუქოს. თუმცა აღნიშნული გარკვეულ გარემოებებთან იქნება დაკავშირებული.
ბესენტს, რომელიც რეიგანის ეროვნულ ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოდიოდა, ჰკითხეს, შეინარჩუნებს, თუ არა აშშ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს.
„ვნახოთ. ნებისმიერი სანქციების ეტაპობრივად მოხსნა შესაძლებელია“, - განაცხადა ბესენტმა.
როგორც ბესენტმა დასძინა, სანქციების მოხსნა ეტაპობრივად იქნება შესაძლებელი, თუ ამერიკული მხარე დაინახავს, რომ თეირანი დადებულ შეთანხმებას ასრულებს.
აშშ-ის ხაზინის მდივანმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ამერიკულ ადმინისტრაციას სანქციების გამკაცრებაც შეუძლია, თუ დაინახავს, რომ სამშვიდობო შეთანხმება უახლოეს დღეებში მიღწეული არ იქნება.