
„კოალიცია ცლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ დუმილი დაარღვია და ციხიდან გამოგზავნილ წერილში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკა. პრაქტიკულად ეს იყო სააკაშვილის ყველაზე მწვავე კრიტიკა მისი ყოფილი თანამებრძოლის მხრიდან და ამან ოპოზიციაში ნამდვილი ბომბის აფეთქების ეფექტი გამოიწვია.
ეს დაპირისპირება თავად ექსპრეზიდენტმა გამოიწვია, რომელიც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებსა თუ მისი სასამართლოს სხდომებზე გაკეთებულ საჯარო განცხადებებში პერიოდულად, ზოგჯერ მინიშნებებით და ზოგჯერ ღიად აკრიტიკებდა ოპოზიციას და უშუალოდ ნიკა მელიას და „კოალიციას ცვლილებებისათვის".
სააკაშვილის კრიტიკული განცხადებები განსაკუთრებით გახშირდა ბოლო 10 დღეში. 21 მაისის სასამართლო პროცესზე ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოში არალეგალურად ჩამოსვლის შემდეგ მისი დაპატიმრება ღალატის საფუძველზე მოხდა და ეს გამცემი მისი ახლო გარემოცვის წევრი იყო. მისი განცხადების ზოგიერთი დეტალიდან გამომდინარე, საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ ეს გამცემი შეიძლება ნიკა მელია ყოფილიყო.
- ლევან ბეჟაშვილი: „არც არასდროს უყვარდა მიშა და ამას არც მალავდა. პირიქით - საჯაროდაც ადასტურებდა, აფიშირებდა და ამით ამაყობდა კიდეც. მაგრამ ამავე დროს უნდოდა მისი პარტიის თავმჯდომარეობაც, მისი ამომრჩეველიც და მისი ხმებიც".
27 მაისს სააკაშილმა „ფეისბუქზე" დაპოსტა, რომ „მისი ღალატის საკითხი არ ეხებოდა არცერთ მოქმედ აქტიურ პოლიტიკოსს", მათ შორის არც ნიკა მელიას, თუმცა მელია დაადანაშაულა ექსპრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქციის დაშლაში.
სააკაშვილის კრიტიკას „კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი გამოეხმაურა და სააკაშვილს „მაოხრებელი გზირი" უწოდა.
კრიტიკას კოალიციის კიდევ ერთი წევრი ნიკა გვარამია გამოეხმაურა. მისი თქმით, შორსაა იმ აზრისგან, რომ ნიკა მელიამ მიტინგი დაშალა, ან „რამეს ხელი შეუშალა".
მელიას წერილი
29 მაისს ნიკა მელიამ „ფეისბუქში" გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი, სადაც სააკაშვილი მკვეთრად გააკრიტიკა და თქვა, რომ მას ეჭვიანობა ალაპარაკებს.
„სააკაშვილს უკვე მრავალი წელია ჩემს მიმართ ეჭვიანობა, როგორც ყელს შემოჭერილი მარყუჟი, ისე ახრჩობს.
„გულის საოხად და დარდის გასაქარვებლად მორიგი ტყუილით გაჯერებული, ცილისმწამებლური წერილი გაუვრცელებია: მელიამ ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა და ხალხი სახლებში გაუშვაო!
„ტყუილის თქმას მხოლოდ ის ბედავს, ვინც სიმართლე იცის, ასეა სააკაშვილის საქმეც.
„სააკაშვილისთვის ტყუილი და უტიფრობა პროზაულია, ამის გარეშე ის აღარ არსებობს, თუმცა, მაინც, იქნებ სიმართლის თქმის ძალა მოიკრიბოს და თავად ალაპარაკდეს მის მიერ დაშვებულ უმძიმეს შეცდომებზე და ადამიანურ სისუსტეებზე, რაც მან მთელი 2022 წლის განმავლობაში დაუშვა და გამოავლინა.
„როცა შეცდომებსა და ადამიანურ სისუსტეს ვახსენებ, რეალურად მის მიერ გადადგმულ უმძიმეს მორალურ და პოლიტიკურ ნაბიჯებს ვგულისხმობ.
„ისიც მოჰყვეს, იმ კაცს, რომელსაც არ ასახელებს, მთელი 2022 წლის განმავლობაშიც რა საკითხებზე ეთანამშრომლებოდა.
„ამ ძალიან მძიმე დეტალებს ფართო საზოგადოება მაინც შეიტყობს, თანაც კონკრეტული ფაქტებით და აჯობებს თავად დაასახელოს ის კაციც და მისი პარტნიორებიც.
„სააკაშვილი „იმ კაცს" საქართველოში ჩამოსვლის შემდეგაც მრავალი თვე აქტიურად ეკონტაქტებოდა, "ის კაცი" იყო სააკაშვილის კომუნიკატორი ხელისუფლებასთან.
„სააკაშვილის გაუთავებელი ტალახის სროლა და დროდადრო მისი მხრიდან, მის წინააღმდეგ თითქოს ჩადენილ ღალატზე საუბარი, მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება მისი უცხოეთში გაშვების სანაცვლოდ, ხელისუფლებასთან გარიგებაში შესვლის კონკრეტული ისტორიის გადაფარვის მცდელობას, რომელიც მას ბევრი მიზეზის გამო, დღეს ძალიან აწუხებს.
- აკაკი ბობოხიძე: როდესაც ბატონი ხაჭაპურიძე გყავს ადვოკატად, ფაქტია, რომ მაშინ აპირებ და ცდილობ ხელისუფლებასთან დალაგდე. სააკაშვილის პოზიციონირებაც - გამიშვით და „ნაციონალურ მოძრაობასთანაც" შევწყვეტ ურთიერთობას, ამას სააკაშვილი ამბობდა, არ მინდა ვიმარჩიელო..."
„მას აქვს მისი იმ მძიმე ისტორიის გახმაურების კომპლექსი და შიში. ადამიანს შიში აიძულებს იცრუოს. აი, ამიტომაც იქცევა იმდენად უზნეოდ და არაადეკვატურად, რომ შეიძლება ეშმაკმაც კი ფეხი მოიტეხოს.
„სააკაშვილს უყვარს ღალატი, მაგრამ სძულს მოღალატე, რომელსაც არ ასახელებს!
„სააკაშვილისგან განსხვავებით, საკუთარი სიტყვის ფასი ვიცი და კვირაში შვიდჯერ პოზიციასა და აზრს არ ვიცვლი. აკი ვთქვი წინა წერილში, თუ შხამის ფრქვევას გააგრძელებდა, პასუხგაუცემელი აღარ დარჩებოდა.
„ჰოდა, ვამჟღავნებ ამ წერილში ჩემ საიდუმლოდ ნალოლიავებ პოზიციას, რითაც იხსნება მისი ბოღმის შადრევნის ამოხეთქვები. რას ვიზამთ, მან კვლავაც ძალიან უადგილო ადგილას ჩაიწყვიტა თოკი.
„ვახსენე 2021-2022 წლები. რაც შეეხება უშუალოდ მის ჩამოსვლას ადგილობრივი არჩევნების წინ: ის საკუთარმა დაუძლეველმა ეჭვიანობამ აიძულა ჩამოსულიყო.
„პლუს, სააკაშვილს „ის კაციც" და სხვებიც ეუბნებოდნენ, თუ ის არ ჩამოვიდოდა საქართველოში, მელია მას პარტიას წაართმევდა. თუმცა ის ამ ფობიით უკვე ისედაც შეპყრობილი იყო...
„ამას დაემატა მაშინდელი, დღემდე უპრეცედენტო ოპოზიციური ერთობა, რამაც მისი ეჭვიანობა საშინლად გააძლიერა.
„დაინახა ისიც, რომ პარტიას მსხვილი დონორი გაუჩნდა, რაც მე საზოგადოებას არ დავუმალე და ბუნებრივია, მანაც გაიგო.
„კიდევ ერთი, 2021 წელს [მაისი-ივნისში] დახურული სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა. ეს დაახლოებით ის პერიოდია, როცა მე და მამუკა ხაზარაძე თბილისის საერთო მერობის კანდიდატს ვეძებთ. მე უკვე ციხიდან გამოსული ვარ.
„ბევრი ვეცადეთ, თუმცა დრო ძალიან ცოტა იყო და საინტერესო კანდიდატებთან შეთანხმებას ვეღარ ვასწრებდით. ამიტომ, ოპოზიცია ტაქტიკურად მეორე ტურებში მთლიანად გავვერთიანდით და აქ მამუკას წვლილი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მამუკას და ჩემმა ასეთმა ურთიერთობამ და სვლებმა საააკაშვილი უფრო მეტად შეაშფოთა.
„სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია. ვიყო ივანიშვილის მტერი არ ნიშნავს, რომ უნდა ვიყო სააკაშვილის პარტნიორი. დანარჩენს მომავალი გვაჩვენებს!", - წერს მელია.
გამოხმაურებები
მელიას წერილს ენმ-ის ყოფილ და ახლანდელ წევრებს, ასევე ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის განსხვავებული გამოხმაურებები მოყვა და ოპოზიციური ფლანგი ორად გაიყო,
ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ „მელია შეცდომაშია შეყვანილი".
„არა მარტო აბსურდია, არამედ დიდი უზნეობაა მიხეილ სააკაშვილი ამ რეჟიმთან და პუტინთან გარიგებასა და თანამშრომლობაში დაადანაშაულო. ორ პოლიტიკოსს, ორ პოლიტიკურ პატიმარს შორის კამათი, დაპირისპირებაც გამიგია, მაგრამ ასეთი აბსურდი ყოველგვარ ზღვარს სცილდება", - თქვა ბარამიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი მელიაზე ამბობს, რომ მას „არც არასდროს უყვარდა მიშა და არც მალავდა, აფიშირებდა და ამაყობდა კიდეც".
„ნუ, ახალი რა ითქვა მისგან? - არც არაფერი. არც არასდროს უყვარდა მიშა და ამას არც მალავდა. პირიქით - საჯაროდაც ადასტურებდა, აფიშირებდა და ამით ამაყობდა კიდეც. მაგრამ ამავე დროს უნდოდა მისი პარტიის თავმჯდომარეობაც, მისი ამომრჩეველიც და მისი ხმებიც.
„რატომ ვერ შედგა 2024-ში რეალური ერთიანობა? - პასუხიც აქ არის.
„მთავარი „წითელი ხაზი" ყოველთვის მიშა და ენმ იყო. მთელი პოლიტიკური კამპანია ხშირად არა ივანიშვილის წინააღმდეგ, არამედ ენმ-სგან დისტანცირებასა და ხმების წართმევაზე გადიოდა", - განაცხადა ბეჟაშვილმა.
მინიშნებები ადვოკატზე
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ ამ თემაზე საუბრისას მიანიშნა, რომ, სავარაუდოდ, „ის კაცი", რომელიც სააკაშვილის დამსმენად მოიაზრება, მისივე ადვოკატი იყო.
„ნიკა მელიასაც მოვუწოდებ და მიშასაც, ან არ უნდა თქვან ასეთი რამ, ან ბოლომდე თქვან. არ მჭირდება, არც ნიკა მელიას დადასტურება, არც არავის დადასტურება, როდესაც ბატონი ხაჭაპურიძე გყავს ადვოკატად, ფაქტია, რომ მაშინ აპირებ და ცდილობ ხელისუფლებასთან დალაგდე. სააკაშვილის პოზიციონირებაც - გამიშვით და „ნაციონალურ მოძრაობასთანაც" შევწყვეტ ურთიერთობას, ამას სააკაშვილი ამბობდა, არ მინდა ვიმარჩიელო...
„მომეწონა სააკაშვილის წინა „პოსტი", სადაც ამბობს, რომ ამ ხელისუფლებასთან გარიგება შეუძლებელია. დიახ, ყველანი შეცდომებს ვუშვებთ, მათ შორის მიხეილ სააკაშვილიც. კარგია, ეს დასკვნა, რომ გააკეთა - რომ ამ ხელისუფლებასთან გარიგება შეუძლებელია. „გადააგდეს" და მომავალშიც გადააგდებენ", - აცხადებს ბობოხიძე.
მისივე აზრით, კონკრეტული გამცემი რეალურად შეიძლება არც არსებობს.
„არ ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლაზე რომელიმე კონკრეტულმა ერთმა პირმა უღალატა. სააკაშვილის განწყობა, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდოდა, შექმნა „ნაციონალური მოძრაობის" თითოეულმა წევრმა. ეს ადამიანები დღესაც აქტიურად პოზიციონირებენ და სხვისკენ იშვერენ ხელს. ჩვენი დამოკიდებულება იყო ისეთი, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა არ იქნებოდა კარგი.
- პაატა ზაქარეიშვილი მელიაზე: „გულახდილად რომ ვთქვა, მასზე დადებითი წარმოდგენა არ მქონია. ყოჩაღ მას, რადგან ის პასუხისმგებელიანი პირი აღმოჩნდა და როგორც ჩანს, მისი პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს."
„ჩამოსვლას თუ მოახერხებდა არ ველოდი. ვაღიარებ, რომ სრულიად მოულოდნელი სვლა გააკეთა. ის, რომ მისი ჩამოსვლიდან 2 საათში ვიღაცამ გაყიდა, ფაქტები რაც მახსოვს, ამას არ მიდასტურებს, რომ ვიღაცამ გაყიდა და ვინც უნდა დახვედროდა, მან აცნობა. მისი „ლაივით" გაიგო ხელისუფლებამაც და ჩვენც. ისინი არ იჯერებდნენ, რომ ბათუმში იყო. რომ არა ხინკლის გამოძახების დროს დაშვებული შეცდომა, საერთოდ ვერ ნახავდა მას ხელისუფლება არჩევნებამდე", - აცხადებს ბობოხიძე.
იქნება თუ არა პასუხის პასუხი
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ვარაუდობს, რომ მელიას წერილს სააკაშვილის გამოხმაურება მოჰყვება. მისი თქმით, ამ საჯარო დისკუსიას საბოლოოდ მხოლოდ დადებითი შედეგი ექნება.
„რაც ახლა ხდება, ჯანსაღი პროცესია. ცუდია ის, როცა რაღაც ხდება და საჯარო არაა. თუკი აქამდე, ვიღაცამ ნიკა მელია არასწორად შეაფასა, ახლა გამოვიდა და საჯაროდ ილაპარაკა. ეს ბევრად უკეთესია, რადგან ეს თემა ყველას ეხება, მათ შორის ენმ-ს, რომელსაც არჩევნებში მელიას გუნდმა აჯობა. აშკარად ის გაყოფა, რამაც ამომრჩევლის ხმები გაუნაწილა, თავისთავად რაღაც რეალობაზე მეტყველებს. აქედან გამომდინარე, უმჯობესია მისმა ამომრჩევლებმა ამის შესახებ იცოდნენ.
„როცა ადამიანი ასე იქცევა, ის რაღაც პასუხისმგებლობას გრძნობს. გულახდილად რომ ვთქვა, მასზე დადებითი წარმოდგენა არ მქონია. ყოჩაღ მას, რადგან ის პასუხისმგებელიანი პირი აღმოჩნდა და როგორც ჩანს, მისი პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.
„გარდა მისი წერილისა, წავიკითხე გამოხმაურებებიც და ვნახე, რომ უმეტესი მის წინააღმდეგაა. ეს მომეწონა, რადგან როცა ამდენი ადამიანი აბობოქრდა, ესე იგი სადღაც მიზანში გაარტყა. ამ ლანძღვა-გინებით ვხედავ, რომ მელია მართალია.
„არ ვიცი სააკაშვილი თუ გასცემს პასუხს, მაგრამ წესით ასე უნდა მოხდეს, რადგან მათი მოქმედება საჯაროაა და მათმა ამომრჩეველმა კარგად უნდა იცოდნენ, ვისთან და რასთან აქვთ საქმე. კარგი იქნება, თუ ნორმალური პაექრობა დაიწყება. შესაძლოა ჯანსაღმა კამათმა ამ ორი პარტიის გაერთიანებას ხელი შეუწყოს.
„ნებისმიერი საჯაროობა დადებითად მოქმედებს, თუნდ გაყოფა მოჰყვეს. საჯაროობა ადანიანს აიძულებს მეტად პასუხისმგებლიანი იყოს. ამ დისკუსიების შემდეგ რაც არ უნდა მოხდეს, უკეთესია, ვიდრე რაც იატაკქვეშ ხდება - მათი ამომრჩევლების ხარჯზე შეთქმულებები",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".