
ახალგაზრდების როლის გაძლიერება ქვეყნის განვითარების პროცესში, განათლება, დასაქმება, ახალგაზრდული სივრცეების მოწყობა, კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურა - ეს იმ თემების ნაწილია, რომელიც კახეთში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე გაჟღერდა. სიღნაღში გამართულ შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე. კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
სიღნაღში გამართულ რიგით მერვე კონფერენციას სტუმრის სტატუსით ცოტნე ივანიშვილი ესწრებოდა. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მას კითხვა მიგრაციასთან დაკავშირებით დაუსვა. ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრი ნუგო შოშიაშვილი დღეს სოციალურ ქსელში აქტივისტ ნიკო მანაგაძის კრიტიკასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მანაგაძე სიღნაღში, კონფერენციაზე მიიწვია, თუმცა ის შეხვედრაზე არ მივიდა.
კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გამოეთქვათ მოსაზრებები, გაეჟღერებინათ იდეები და საკუთარი წინადადებები. აქცენტი გაკეთდა ისეთი სივრცის შექმნაზე, სადაც ახალგაზრდები საკუთარ საჭიროებებზე ისაუბრებენ. რეგიონული კონფერენციის მიზნებზე ამახვილებენ ყურადღებას ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბორდის წევრები. მათი თქმით, სტუდენტებთან ღია და აქტიური კომუნიკაცია ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ კონფერენციები უკვე 8 რეგიონში გამართა. შეხვედრები უახლოეს მომავალში რაჭასა და იმერეთშია დაგეგმილი. დასკვნით ღონისძიებას თბილისი უმასპინძლებს.