რეზონანსი
30.05.2026

ევროპის კარტოფილის ბაზარი მკვეთრი კორექციის ფაზაში შედის. 2025 წლის ჭარბმა მოსავალმა, შემცირებულმა საექსპორტო მოთხოვნამ და გადამამუშავებელი ინდუსტრიის შეზღუდულმა სიმძლავრეებმა სექტორი ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანა, როდესაც ფერმერები 2026-2027 წლების სეზონისთვის ნათესების შემცირებას გეგმავენ. ეს მხოლოდ აგრარული საკითხი აღარ არის. კარტოფილის ბაზარზე მიმდინარე პროცესები პირდაპირ უკავშირდება სასურსათო ინფლაციას, გადამმუშავებელი მრეწველობის ხარჯებს, ფერმერების შემოსავლებს, საცავების დატვირთვას, ექსპორტს და ევროკავშირის აგროპოლიტიკას.

ევროპა კარტოფილის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი რეგიონია. ევროკავშირის ოფიციალური სტატისტიკით, 2024 წელს წევრმა ქვეყნებმა 50.8 მილიონი ტონა კარტოფილი მოიყვანეს, რაც 2023 წელთან შედარებით 5.5%-ით მეტია. ზრდა განსაკუთრებით გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ხარჯზე დაფიქსირდა. ამავე დროს, 2025 წელს ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ძირითად მწარმოებელ ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებსა და ბელგიაში, ნათესების გაფართოებამ ბაზარზე დამატებითი მოცულობები შექმნა. სექტორისთვის ეს პრობლემად იქცა, რადგან მოთხოვნა იმავე ტემპით არ გაზრდილა.

ჩრდილო-დასავლეთ ევროპის კარტოფილის მწარმოებელთა ასოციაციის შეფასებით, კარტოფილის ფართობების შემცირება აუცილებელია, თუმცა ეს პროცესი ფერმერებისთვის ეკონომიკურად მდგრადი უნდა იყოს. ორგანიზაცია პირდაპირ აფრთხილებს მწარმოებლებს, რომ არ დათესონ იმაზე მეტი, ვიდრე რეალურად შეუძლიათ ღირსეულ ფასად გაყიდონ. პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა ე.წ. თავისუფალ ბაზარზე გაყიდვადი კარტოფილისთვის, რომელიც წინასწარ გაფორმებული კონტრაქტებით არ არის დაზღვეული. ასეთი პროდუქტი ჭარბი მიწოდების დროს პირველ რიგში კარგავს ფასს.

ბაზრის კრიზისს რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველია რეკორდულად მაღალი წარმოება, მეორეა გადამმუშავებელი სექტორის შეზღუდული შესაძლებლობები, მესამეა საექსპორტო არხების შესუსტება. ევროპული კარტოფილის დიდი ნაწილი ჩიფსების, გაყინული ფრის, სახამებლისა და სხვა გადამუშავებული პროდუქტის წარმოებაში გამოიყენება. როდესაც გადამმუშავებლებს საკმარისი ნედლეული უკვე შეძენილი აქვთ, დამატებითი მოსავალი ბაზარზე ჭარბად რჩება. ამ დროს ფასი სწრაფად ეცემა, ხოლო ფერმერისთვის შენახვის ხარჯი იზრდება.

სპეციალისტების შეფასებით, 2026 წელი ევროპის კარტოფილის ბაზრისთვის გარდამტეხი იქნება. თუ ფართობები ზომიერად შემცირდება და მოთხოვნა ნაწილობრივ აღდგება, სექტორი შეიძლება დაბალანსდეს. მაგრამ თუ ფერმერები მასობრივად შეამცირებენ ნათესებს, ბაზარი ჭარბი წარმოებიდან დეფიციტის რისკზე გადავა. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი შესაძლოა ისევ ფასების ზრდას შეხვდეს, გადამმუშავებლებს კი ნედლეულის შესაძენად მეტი გადახდა მოუწიოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×