
ქართულ ოპოზიციურ ფლანგზე ახალი მოთამაშე ჩნდება. ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი მიერ დაფიძნებული ორგანიზაცია „ჯერ საქართველო" 21 ივნისს ყრილობას გამართავს და ოფიციალურად დაფუძნდება პოლიტიკურ პარტიად.
ამის შესახებ „ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში „ჯერ საქართველოს" დამფუძნებელმა, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.
„ჩვენ ვგეგმავთ და განზრახული გვაქვს, რომ 21 ივნისს მოხდეს პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველოს" დამფუძნებელი ყრილობა. ეს არის ის თარიღი, რომელიც ჩვენ განვსაზღვრეთ და ვმოძრაობთ მაგ თარიღის მისამართით", - განაცხადა ყიფიანმა.
ბევრი დეტალი ახალ პარტიაზე, ჯერჯერობით ისევ უცნობია, თუმცა მის პოლიტიკურ სიმპათიებზე გარკვეულ წარმოდგენას იძლევა ის ფაქტი, რომ ყიფიანი თავის თანამოაზრეებთან ერთად 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის მიერ გამართულ აქციაზე იმყოფობოდა.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიზე „ფეისბუქზე" ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც მოძრაობა „თავისუფლების მოედანთან" ავლებს პარალელს და ვარაუდობს, რომ „ჯერ საქართველო" იქნება დასავლეთის მორიგი პოლიტიკური პროექტი საქართველოში:
„ბიძინა ივანიშვილის ექს-ადვოკატმა (აქ არ დავიწყებ იმის დაკონკრეტებას რატომ შეუწყვიტეს მას კონტრაქტი, ეს დღეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუმცა ბევრმა იცის რატომაც!) ვიქტორ ყიფიანმა როგორც იქნა გამოაცხადა მისი პოლიტიკური პარტიის „ჯერ საქართველოს" დაფუძნება 21 ივნისს. დართეს როგორც იქნა ნება.
„სავარაუდოდ, ამ პარტიის შექმნით დასავლეთს ქართულ პოლიტიკურ ველზე თანდათანობით შემოჰყავს ახალი და მის მიერ თავიდან ბოლომდე მართული პოლიტიკური მოთამაშეები. ერთი ასეთი უკვე შემოიყვანა „თავისუფლების მოედნის" სახით, თუმცა ჯერჯერობით წარუმატებლად".
„ყიფიანის შემთხვევა განსხვავებულია, ბიძინა ივანიშვილთან მუშაობა, მის ფიგურას მოსახლეობის ნაწილის თვალში რაღაც წონას აძლევს. ის არ ყოფილა, თუნდაც ირიბად, აფილირებული „ნაცმოძრაობასთან", თუმცა 26 მაისს ესწრებოდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის" შაბაშს."
- ვახტანგ ძაბირაძე: „მეეჭვება, რომ ოპოზიციურ ალიანსს შეუერთნენ. ორგანიზაციულად მონაწილეობდნენ თუ რა 26 მაისის დაგეგმვაში, ამაზეა ლაპარაკი, თორემ იმ აქციაზე ბევრი ისეთი იყო, ვინც ალიანსის მხარდამჭერი არაა".
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ „ჯერ საქართველო" ცენტრისტული პროევროპული პარტია იქნება.
„მოსალოდნელი იყო, რომ როცა ყიფიანმა ექსპერტთა კლუბი დააარსა და საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოჩნდა, ის აუცილებლად გადმოვიდოდა პოლიტიკურ ველზე, ტრადიციული მარშრუტია. თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, თავად ყიფიანი რა განცხადებებსაც აკეთებს, ეს უნდა იყოს პროევროპული ცენტრისტული პოლიტიკური ორგანიზაცია", - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან".
მისივე აზრით, ახალ პარტიას „ნალკებად აქვს" ე.წ. მესამე ძალად ქცევის პოტენციალი და ასევე ნაკლებად მოსალოდნელა, რომ ის ოპოზიციის ალიანსს შეუერთდეს
„ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას თვლის ეს პოლიტიკური ძალა იმის მიზეზად, რომ 30 წლის განმავლობაში ჩვენ ვერ შევძელით ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლა, რომელშიც ვართ - პარტიები, ლიდერები იცვლებიან, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ტრიალებენ იმ წრეზე, რა წრეზეც მისი წინამორბედი პარტიები. ბოლო ორი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობისა" და „ოცნების" მაგალითზე ეს კარგად ჩანს. დღეს „ოცნება" ისეთივე ჭაობშია, როგორშიც იყო ნაციონალური მოძრობა 2012-ში, შეიძლება უფრო უარესშიც.
„მეეჭვება, რომ ოპოზიციურ ალიანსს შეუერთნენ. ორგანიზაციულად მონაწილეობდნენ თუ რა 26 მაისის დაგეგმვაში, ამაზეა ლაპარაკი, თორემ იმ აქციაზე ბევრი ისეთი იყო, ვინც ალიანსის მხარდამჭერი არაა და უბრალოდ პროტესტის გამოსახატავად მივიდა. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ყიფიანი და მისი პოლიტიკური ჯგუფი ალიანსს შეუერთდეს, ამ ეტაპზე მაინც", - ამბობს ძაბირაძე.