
7 ივნისის გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ, მოსკოვი და მისი მოკავშირეები ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებას ღია პოლიტიკურ და ეკონომიკურ ომს უცხადებენ. ასტანის სამიტის ბოიკოტირების საპასუხოდ, ევრაზიულმა კავშირმა სომხეთს ულტიმატუმი წაუყენა და სასწრაფო რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს. პარალელურად კი რუსეთმა სომხურ პროდუქციაზე ემბარგო აამუშავა. ამ გეოპოლიტიკურ მარათონში ერევნის მთავარ დასაყრდენად ვაშინგტონი რჩება, საიდანაც ფაშინიანმა ტრამპის სრული მხარდაჭერა მიიღო.
28-29 მაისს ასტანაში გამართულ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტს სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი არ დაესწრო. ამის ფონზე კი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხვა ქვეყნებმა სომხეთს ახალი ულტიმატუმი წაუყენეს.
წევრი ქვეყნების (ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და რუსეთის პრეზიდენტები) მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სომხეთში უახლოეს შესაძლო ვადებში უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, სადაც დასმული იქნება კითხვა, თუ რა ურჩევნიათ სომხეთის მოქალაქეებს - ევროკავშირში გაწევრიანება, თუ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შემადგენლობაში დარჩენა:
„ვიზიარებთ პოზიციას იმის თაობაზე, რომ უახლოეს შესაძლო ვადებში სომხეთის რესპუბლიკაში უნდა ჩატარდეს საყოველთაო რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შემადგენლობაში დარჩენის შესახებ."
თუ სომხეთში ასეთი რეფერენდუმი არ დაინიშნა, ამავე დოკუმენტის მიხედვით, კავშირის მთავრობათაშორისი საბჭოს წევრები 2026 წლის დეკემბერში სომხეთთან დაკავშირებით ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შესახებ ხელშეკრულების შესაძლო შეჩერების შედეგების თაობაზე ანგარიშს წარმოადგენენ.
- რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი სომხეთისგან რეფერენდუმის დანიშვნას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი წლის ბოლოს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მისი წევრობის შეჩერებით იმუქრებიან.
ამ კავშირის წევრობის გაუქმება ან შეჩერება კი სომხეთს, სსავარაუდოდ, ბევრ ეკონომიკურ უსიამოვნებას მოუტანს. პირველ რიგში - გაუძირდება ბუნებრივი აირი, რაზეც რამდენიემ დღის წინ, რუსეთის პრეზიდენტის პრესპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც მიანიშნა. გარდა ამისა სომხეთს გაუუქმდა სხვადასხვა შეღავათები კავშირის წევრ ქვეყნებში თავისი პროდუქციის ექსპორტზე.
ოფიციალურმა მოსკოვმა უკვე აამოქმედა სომხეთზე ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტები. 30 მაისიდან რუსეთში სომხეთიდან პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანე ბოსტნეულისა და მარწყვის იმპორტზე „დროებითი შეზღუდვები" დაწესდა, „სანამ არ შემუშავდება შესაბამისი ალგორითმი საიმპორტო პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად".
„გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სომხური ხილისა და ბოსტნეულის პროდუქტების რუსეთში მიწოდებისას დარღვევების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით და ფიტოსანიტარიული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით", - ნათქვამია „როსსელხოზნადზორის" განცხადებაში.
ამავე განცხადების თანახმად, 2026 წლის 21 მაისიდან 27 მაისამდე უწყებამ ჩაატარა სომხური საწარმოების შემოწმება, „რომლის დროსაც გამოვლინდა არაერთი დარღვევა".
მანამდე ამავე უწყებამ შეაჩერა სამი მსხვილი სომხური მწარმოებლის ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა და ასევე აკრძალა სომხეთიდან „ჯერმუკის" მინერალური წყლის რუსეთში შეტანა და გაყიდვა.
ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ყველაფერი სწორედ 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებს უკავშრდება. რუსეთი ამ გზით ცდილობს ზეწოლა მოახდინოს სომეხ ამომრჩევლებზე, რათა მათ არჩევნებზე მხარი პრორუსულ პარტიებს დაუჭირონ მხარი და არა ფაშინიანს.
მეორეს მხირვ, მოახლოებული საპარლამენტო არჩვენების წინ ერევანში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავიდა და რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2 კვირის წინ პუტინი სომხეთს „უკრაინული სცენარით" დაემუქრა. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთი, ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვის შემთხვევაში, შესაძლოა „უკრაინულ სცენარს" წააწყდეს. ამის შესახებ მან 29 მაისს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტის დასრულების შემდეგ, ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზეც ისაუბრა.
პუტინმა ერევნის ევროპული მისწრაფებები უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს შეადარა და აღნიშნა, რომ „უკრაინაში კრიზისი სწორედ ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებით დაიწყო".