
ბათუმში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, ადგილზე რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა, რის შემდეგაც ქუჩაში სისხლის გუბეში მყოფი კაცი შველას ითხოვდა.
მათი თქმით, გასროლას წინ სიტყვიერი ან ფიზიკური დაპირისპირება არ უძღოდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ კაცი ტრიტუარზე იმყოფებოდა და სილამაზის სალონში შესულ მეუღლეს ელოდებოდა, რა დროსაც უცნობმა პირმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
"ცოლ-შვილს ელოდებოდა და მაგ დროს 7-8 ტყვია გავარდა... 8 ჭრილობა მიაყენეს კაცს. სკოლის მოსწავლეები მიდი-მოდიან, შეეშინდათ ბავშვებს, ტირილი დაიწყეს".
"გავიგონეთ ტყვიის ხმა, 7-8 ტყვია გავარდა... შიშისგან ბავშვებმა ტირილი დაიწყეს. ვინ ისროლა, არ ვიცით, გაიქცა... ცოლი და ბავშვი აგერ სალონი რომაა, იქ იყვნენ, იცდიდა და მოხდა ამფერი ამბავი. კაცს 8 ჭრილობა მიაყენეს, ფეხებში, მუცელში, კისერში და რა ვიცი..." - განუცხადეს მკვლელობის თვითმხილველებმა გამოცემა "აჭარა თაიმსს".
სროლის შედეგად 50 წლამდე კაცი დაიჭრა და ის კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
წყარო: აჭარათაიმსი