
იმ ფონზე, როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესი პრაქტიკულად გაჩერებულია, მოსკოვსა და კიევში ომის სწრაფ დასრულებაზე საუბრობენ. უკრაინაში ამტკიცებენ, რომ უკვე შეინიშნება საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის შემცირებისა და შესაძლო ცეცხლის შეწყვეტისკენ გადადგმული ნაბიჯები. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტი დასასრულისკენ მიდის.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა 2 ივნისს განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთთან მიმდინარე ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.
ბუდანოვის განცხადებით, ეს არის უკრაინის პრეზიდენტის მკაფიო პოლიტიკური მიზანი, რომლის მისაღწევად სახელმწიფოს საკმარისი რესურსები და შესაძლებლობები გააჩნია. თუმცა, მისივე შეფასებით, პროცესის მთავარი რისკი რუსეთის პოზიციაა, რადგან მოსკოვმა შესაძლოა შეთანხმებების შესრულებაზე უარი თქვას.
„ეს პრეზიდენტის დავალებაა - რაც შეიძლება სწრაფად ვეცადოთ ამ ომის დასრულებას. სასურველია, ეს ზამთრამდე მოხდეს. მე ყველაფერს გავაკეთებ იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა დასახა", - განაცხადა ბუდანოვმა.
- კირილ ბუდანოვი: „სასურველია, ეს ზამთრამდე მოხდეს. მე ყველაფერს გავაკეთებ იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა დასახა".
მისივე თქმით, უკვე შეინიშნება საბრძოლო მოქმედებების შემცირების და შესაძლო ცეცხლის შეწყვეტისკენ გადადგმული ნაბიჯების ნიშნები, რაც, მისი შეფასებით, მოლაპარაკებების პერსპექტივას აჩენს.
ამასთან, 29 მაისს, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება გვაფიქრებინებს, უკრაინაში კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება.
„ეს განცხადება არა უმიზეზოდ, არამედ ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის ანალიზზე დაყრდნობით გავაკეთე, სადაც ჩვენი ჯარები ყველა მიმართულებით წინ მიდიან", - განაცხადა პუტინმა.
- ვლადიმირ პუტინი: „ეს განცხადება არა უმიზეზოდ, არამედ ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის ანალიზზე დაყრდნობით გავაკეთე, სადაც ჩვენი ჯარები ყველა მიმართულებით წინ მიდიან".
მისი თქმით, „საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას მისი დასრულების კონკრეტული ვადების დასახელება შეუძლებელია".
„ეს არა მხოლოდ წინდაუხედავი ნაბიჯია, არამედ ეს თითქმის არასდროს კეთდება და ამის გაკეთებას არც მე ვაპირებ", - აღნიშნა პუტინმა.
ასევე, პუტინი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის მზად არის:
„ჩვენ მოლაპარაკებებზე უარი არასდროს გვითქვამს. ჩვენ ის არ შეგვიწყვეტია და მზად ვართ გავაგრძელოთ. გარკვეული კონტაქტები ნარჩუნდება, მაგრამ მოლაპარაკებები, როგორც ასეთი, არ არის".
პუტინის თქმით, „ევროპულმა პოლიტიკამ გამოიწვია ის, რაც უკრაინაში ხდება".
- ვახტანგ მაისაია: „როგორც ჩანს, ორივე მხარეს კონფლიქტის გაყინვა სურს. მეორე ვარიანტია, ზელენსკის ადმინისტრაცია და რუსეთი ფიქრობს, რომ შეუძლიათ ომის შემობრუნება მათთვის სასარგებლოდ."
მანამდე, 9 მაისს, პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მესამე ქვეყანაში, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საუბარი ომის დასრულების შესახებ საბოლოო შეთანხმების გაფორმებას შეეხება. მოგვიანებით, კრემლის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ კონფლიქტი „დასასრულისკენ მიდის", თუმცა კონკრეტული ვადები არ დაუსახელებიათ.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ ომის სწრაფად დასრულება ნაკლებად სავარაუდოა. მისივე აზრით, მხარეებს ომის გაყინვა სურთ.
„მე ეჭვი მეპარება, რომ ომი წელს დასრულდეს. როგორც ჩანს, ორივე მხარეს კონფლიქტის გაყინვა სურს. მეორე ვარიანტია, ზელენსკის ადმინისტრაცია და რუსეთი ფიქრობს, რომ შეუძლიათ ომის შემობრუნება მათთვის სასარგებლოდ.
„სხვათა შორის, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს და ასიმეტრიული ბრძოლის თეორია მოახვიეს რუს ოკუპანტებს, რაც დრონებისა და სარაკეტო დარტყმების სიღრმისეულ ელემენტებში, მათი სამხედრო ძალების გათიშვას ითვალისწინებს. ასევე წერტილოვან დარტყმებსა და ლოჯისტიკური ქსელების ჩამოშლას, რაც სერიოზულ დეორგანიზაციასა და რუს სამხედროებში შიშის დანერგვას იწვევს.
„რა თქმა უნდა, ეს საბრძოლო მოქმედებების ტემპზე გავლენას ახდენს. სავარაუდოდ, ზელენსკი ამის გათვალისწინებით საუბრობს. პუტინის შემთხვევაში კი, როგორც ჩანს, მას არასწორი ინფორმაცია აქვს და ცდილობს გამოიყენოს კონვენციური ფართომასშტაბიანი საბრძოლო პოტენციალი, მათ შორის ბირთვული ტრიადის ელემენტები არაბირთვული ელემენტების შემადგენლობით - მაგალითად, ბელორუსში ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლების ჩატარება. მას იმედი აქვს, რომ შეუძლია ომი მისთვის სასარგბლო პირობებით დასრულოს. თუმცა რეალობა სხვაა - ომი კიდევ გაგრძელდება", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".