რეზონანსი
03.06.2026

ნიკა გვარამიას ან ინგლისურთან აქვს პრობლემა, ან კეთილსინდისიერებასთან, - ამის შესახებ პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

გრიგოლ გეგელია ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც იგი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების გზავნილების არასწორ ინტერპრეტაციასა და სიცრუეში დაადანაშაულა. „ლელოს“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ აშშ-ის პოზიცია როგორც შეხვედრაზე, ისე ოფიციალურ განცხადებაში მკაფიოდ იყო დაფიქსირებული და საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს.

„ნიკა გვარამიას ან ინგლისურთან აქვს პრობლემა, ან კეთილსინდისიერებასთან. ინგლისური თუ არ გესმით, აშშ-ს საელჩომ ქართულადაც მკაფიოდ დაწერა საჯაროდ, რა ჰგონია ამერიკას სწორი. გეგელიას შეფასება არ სჭირდება იმის გაგებას, რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა შეხვედრაზეც თქვა და ოფიციალურ განცხადებაშიც. როცა ვერცერთ ენაზე იგებ სათქმელს, ეს სხვა ტიპის პრობლემაზე მიგვითითებს.

მესმის, რომ გაწბილებულები ხართ, რადგან სასურველი და რეალობა ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ ეს იოტისოდენადაც არ მადარდებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ხალხმა იცოდეს სიმართლე. მესმის, რთულია, როცა არც უნგრეთის მაგალითი, არც ამერიკის პოზიცია და არც კოალიციაში არსებული სიტუაცია არ მუშაობს შენს სასარგებლოდ, მაგრამ მე არ ვაპირებ ჩავერთო ბოღმის ნთხევის მარათონში, რაც ზოგიერთ ალიანსს ჰობად აქვს ქცეული და როგორც ჩანს, ახლა ამის გარეთ გამოტანაც მოინდომეს. ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს ივანიშვილის რეჟიმისგან ამ ქვეყნის გათავისუფლება და ამისათვის ყველა ბერკეტით ბრძოლა. თქვენს გემს მიხედეთ, ბატონებო, თქვენს გემს!“, - წერს გრიგოლ გეგელია.

ცნობისთვის, „ლელოსა“ და „ახლების“ კონფლიქტის მიზეზი ამჯერად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი და დელეგაციის გზავნილები გახდა. გრიგოლ გეგელია და ნიკა გვარამია ერთმანეთს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×