თამთა ჩაჩანიძე
03.06.2026

ოპოზიციაში კვლავ მიზნის მიღწევის გზებზე მსჯელობენ - პატიმრობეში მყოფი ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, , რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მხოლოდ "ლოდინისა" და პასიური პროცესების იმედი არ უნდა ჰქონდეთ მოქალაქეებს. მისი თქმით, დასამარცხებლად აუცილებელია აქტიური მოქმედება, "თავგანწირვა და რისკზე წასვლა".

ნაწილი ოპოზიციისა კი კვლავ მიაჩნია, რომ არჩევნებში შესვლაა ერთადერთი სწორი გზა და ბოიკოტმა მათი კოლეგები უფრო დააზიანა. "ოცნებაშიც" ამბობენ, რომ ბოიკოტი "კატასტროფა იყო".

„ის, რომ ბოიკოტი შეცდომა კი არა, კატასტროფა იყო, ფაქტია. აქ მხოლოდ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ამ ბოიკოტის გამო ოპოზიცია მანდატების გარეშე დარჩა და პარლამენტში არ შემოვიდა, არამედ მთავარი ისაა, რომ მათ ამ "შეტევით" დემოკრატიის წინააღმდეგ, ფაქტობრივად, შეტევა განახორციელეს საქართველოს წინააღმდეგ... არავის არ უნდა თავისი კატასტროფული შეცდომის აღიარება",- ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.

ლევან ხაბეიშვილი კი წერილში წერს, რომ "თავგანწირვა და რისკია" საჭირო.

" უბრალოდ უნდა გავიხსენოთ, რომ ასე მდორე, "დაველოდოთ" , "თავისით მოხდება", პროცესით ვერ მოვერევით ბიძინას, მოქმედება და ბრძოლაა საჭირო. კლავიატურაზე კაკუნის იქით გვაქვს საბრძოლო, თავგანწირვა და რისკი საჭირო აქტიურობაა.

პ.ს მომეცა უფლება ფოსტით მივიღო წერილები, გთხოვთ არ დაიზაროთ და მომწეროთ თქვენი ანალიზი და პოზიციები, ასევე, წერილთნ ერთად გამომიგავნეთ რაიმე ბეჭდური მასალა (გაზეთები) ", - წერს ხაბეიშვილი.

"ჯერ ხაბეიშვილმა თქვას რა მიზანიც ბოიკოტს ჰქონდა, მიაღწიეს?"

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" ფიქრობს, რომ ლევან ხაბეიშვილმა თავადვე უნდა ახსნას ამ სიტყვებში რას გულისხმობს. მისი თქმით, ამას უნდა მოაყოლოს მან და ბოიკოტის მომხრეებმაც, თუ რა მოუტანა ბოიკოტმა და შეასრულეს თუ არა ის მიზანი, რაც ჰქონდათ.

"პირველ რიგში ლევან ხაბეიშვილს სოლიდარობას ვუცხადებ, თავისუფლებას ვუსურვებ და მისი ციხეში გამომწყვდევის ნამდვილად არანაირი საფუძველი არ არსებობდა, ისევე, როგორც მელია, ხოშტარია და სხვა პოლიტპატიმრების, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით არიან დაპატიმრებულები. მზია ამაღლობელზე არ ვლაპარაკობ, ეს სხვა რამაა.

  • პაატა ზაქარეიშვილი : "ხაბეიშვილი ბოიკოტის მომხრე იყო, გაანებოს ამ თემებზე ლაპარაკს და თქვა რა შეცდომები დაუშვეს - პარლამენტში რომ არ შევიდნენ სწორი იყო თუ არა, რა მიზნები ჰქონდათ და მიიღეს თუ არა ეს მიზნები"

"თუმცაღა, ცოტა უცნაურია ხაბეიშვილი ბოიკოტის მომხრე იყო, გაანებოს ამ თემებზე ლაპარაკს და თქვა რა შეცდომები დაუშვეს - პარლამენტში რომ არ შევიდნენ სწორი იყო თუ არა, რა მიზნები ჰქონდათ და მიიღეს თუ არა ეს მიზნები. მერე, ამას რომ პირდაპირ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი მოჰყვა, ამას რა მიზანიც ჰქონდათ მიაღწიეს?  შედეგები და ანგარიში დადეს?

"მაინცდამაინც 4 ოქტომბერს რატომ დანიშნეს ის უდღეური ვითომ რევოლუცია? თუ ეს "ქართული ოცნების" ინტერესებში არ იყო და ადგილობრივ არჩევნებზე მკაფიოდ ოპოზიციის მომხრეების არმისვლაში.

"მან უნდა თქვას, როგორც პოლიტიკურმა ფიგურამ, ეს ყველაფერი შეაფასოს როგორც პოლიტიკოსმა, რადგან ეს წარსული კი არაა. უნდა თქვას 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში შედის თუ არა, ანდა 2029 წლის ადგილობრივ არჩევნებს უცხადებს თუ არა ბოიკოტს.

"თან აცხადებ, რომ ავტორიტარული რეჟიმიაო და თან გაიძახი სამართლიანი არჩევნებიო და რომელი ავტორიტარული რეჟიმი ატარებს სამართლიან არჩევნებს? ბრძოლაში უნდა შეხვიდე. 26 მაისს ტრიბუნა არ მოგვცესო, ვაი თქვენს პატრონს უბედურს, თქვენ ტრიბუნაზე უარი თქვით მთელი 4 წლის განმავლობაში, არა პარლამენტის წინ, არამედ პარლამენტის შიგნით და ახლა ცხვირ-პირი ჩამოგტირით ტრიბუნა არ მოგვცესო.

"ვინმემ შეაფასა ეს ყველაფერი რა იყო? ხაბეიშვილმა, ან სხვა ვინმემ კეთილი ინებოს და გააანალიზოს ეს ყველაფერი. არაფერი არ დასრულებულა და ეს ყველაფერი წარსული არაა, განგრძობითი დროა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე გაგრძელდება და კითხვები იქნება.

"აზრზე არ ვარ რისკსა და თავგანწირვაში რას გულისხმობს. თუ რისკი არ იყო პარლამენტში შესვლა, აბა რა იყო? გახარიას დღემდე ლანძღავენ, ეს იყო რისკი და შევიდა. ანდა, რამდენს ლანძღავდნენ "ლელოს", რომელმაც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, ესეც რისკი იყო. ამიტომ ხაბეიშვილმა თვითონ განსაზღვროს რას გულისხმობს",- განაცხადა ზაქარეიშვილმა. 

"განცხადების შინაარსი რევოლუციური სცენარია"

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ის, რაზეც ხაბეიშვილი ლაპარაკობს, რევოლუციური სცენარია, თუმცა, მისი თქმით, დღეს არ არის ის პირობები, რაც საქართველოში 2003 წელს იყო.

"არაფერი სათქმელი არ აქვთ, ვერანაირად ვერ მოძებნეს რაიმე ისეთი ნარატივი, აგიტაცია, პროპაგანდა, პროგრამა, მოწოდება ისეთი, რომ შექმნან ის მუხტი, რომელიც სჭირდებათ. ჩაფიქრებულია არა პოლიტიკური მუხლჩაუხრელი მუშაობა, არამედ მიზნის სწრაფად მიღწევა, ანუ არსებული ხელისუფლების დამხობა, რასაც მათი გაგებით ასობით ათასი ადამიანის ქუჩაში გამოყვანა სჭირდება.

"განცხადების შინაარსი რა თქმა უნდა რევოლუციური სცენარია, ეს ვერ მოიძებნა. ხაბეიშვილის ლოზუნგები გვახსოვს, რომ მე თვითონ შევარდები "ვივა-მედში" პირადად, გამოვიყვან და ა.შ. თუმცა, საქმე-საქმეზე რომ მიდგებოდა არაფერს კეთებდა, მაგრამ თავის მოწოდებებში, ლოზუნგებში ნათქვამია, რომ ძალიან გამოყენებაა საჭირო.

"მათ ამ სცენარისთვის არანაირი რესურსი არ აქვთ. ამ აქციამ ეს უფრო ცხადყო, უცხოელმა პროფესიონალმა კოლეგებმა მითხრეს, დრონებიდან რომ ანგარიშობენ ხოლმე, რომ 4 ათას ადამიანამდე შეიკრიბა, მეტი არაო. საქართველოსთვის ეს რაოდენობა, თან უმუხტოდ, რომელიც არცერთი შტურმზე არ წავა, სტატისტიკური ნულია.

  • პეტრე მამრაძე: "ჩაფიქრებულია არა პოლიტიკური მუხლჩაუხრელი მუშაობა, არამედ მიზნის სწრაფად მიღწევა, ანუ არსებული ხელისუფლების დამხობა, რასაც მათი გაგებით ასობით ათასი ადამიანის ქუჩაში გამოყვანა სჭირდება. განცხადების შინაარსი რევოლუციური სცენარია"

"პოლიტიკოსები ასეთ ვითარებას ვერ ქმნიან, ვითარებას ყოფა-ცხოვრება ქმნის, როდესაც მაცივარი თანდათან ტელევიზორს ერევა, მაშინ ხალხი ქუჩაში გამოდის და სჯერა, რომ დაამხობენ რა ამა თუ იმ გზით ხელისუფლებას, უკეთესიც იქნება.

"ასე იყო 2003 წელს, როცა ტოტალურმა კორუფციამ საქართველო წალეკა. ამან ხალხი იქამდე მიიყვანა, რომ ოღონდ ვინმე გამოჩნდეს, რომელიც გაგვიძღვება. გვახსოვს 14 ლარიანი არ გაცემული პენსიები, ყველა ნაბიჯზე და უწყებაში ქრთამის მიცემა, საერთოდ პოლიციასთან ურთიერთობა მხოლოდ ქრთამით იყო.

"ეს ხალხმა ვეღარ აიტანა და შევარდნაძე სამართლიანად ამბობდა, რომ ან ჩვენ დავამარცხებთ კორუფციას, ან კორუფცია დაგვამარცხებსო, ასეც მოხდა. ახლა მსგავსი არაფერია, კორუფციასთან ბრძოლის ინდექსით საქართველო ერთ-ერთი წამყვანია, ვხედავთ რა შედეგებია.

"ოცნების" დროს სიღატაკე არნახული ტემპებით შემცირდა. ისტორიაში პირველად საქართველო გახდა საშუალო-მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანა საერთაშორისო ინდექსით, სომხეთსა და აზერბაიჯანს გაუსწრო და ა.შ.

"თითქმის 2 მილიონი მსუბუქი ავტომობილი დადის, ოჯახების რაოდენობა კი ერთი მილიონია, ეს ერთ-ერთი მაღალი მონაცემია. რა უნდა ქნან როგორ უნდა ააგორონ რაღაცა?"- განაცხადა მამრაძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×