ნატალია ჯვარიძე
03.06.2026

სომხეთის საპარლამენტო არჩევნების მოახლოების ფონზე, რუსეთი ეკონომიკურ ზეწოლას აძლიერებს და ერევანს აფრთხილებს, რომ ევროკავშირი სომხეთიდან რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის განდევნას ცდილობს. თავის მხრივ, ევროალიანსი დახმარების გაზრდის გზებს ეძებს.

7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე კი, ანალიტიკოსები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ არჩევნები კი არა, გეოპოლიტიკური რეფერენდუმია.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, ევროკავშირი სომხეთიდან რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის განდევნას ცდილობს.

„ევროანტიქრისტეებმა სომხეთში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია მიზანში ამოიღეს. საგარეო დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირის ხელმძღვანელობა სომხეთიდან რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის განდევნას აგრესიულად შეუდგა", - აცხადებს რუსეთის საგარეო დაზვერვის უწყება.

უწყების განცხადებით, „ევროკავშირი სომხეთს ევროინტეგრაციის სავალდებულო წინაპირობად მოსკოვთან საუკუნოვანი რელიგიური და სულიერი კავშირების სრულად გაწყვეტას უყენებს".

ასევე, უწყებაში აღნიშნეს, რომ „ევროკავშირი ცდილობს, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ერევან-სომხეთის ეპარქიას საეკლესიო უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება ჩამოართვას და სომხეთის სამოციქულო ეკლესიასთან მისი დიალოგი დაბლოკოს".

„აპრილში შექმნილი ევროკავშირის პარტნიორობის მისია სომხეთში, ამ პოლიტიკურ-იდეოლოგიური ამოცანის ფარგლებში, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ბოროტ თავდასხმას ახორციელებს", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

იქამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა სომხეთიდან კურკოვანი ხილისა და ყურძნის იმპორტზე შეზღუდვები დააწესა. რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა, „როსსელხოზნადზორმა" განაცხადა, რომ სომხეთიდან კურკოვანი კულტურებისა (ალუბალი, ბალი, გარგარი, ქლიავი, ატამი) და ყურძნის იმპორტზე შეზღუდვები ძალაში 2 ივნისიდან შევა.

ამას სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არასწორი ნაბიჯია.

„ვთვლი, რომ ეს ნაბიჯები არასწორია, რადგან ისინი ხალხს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წინააღმდეგ განაწყობს და როგორც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მაღალი თანამდებობის პირი, ამას პრობლემად მივიჩნევ. თუმცა, ჩვენ ყველა პრობლემას მოვაგვარებთ", - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, მთავრობა დაიწყებს დახმარების პროგრამებს იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ სომხურ საქონელზე დაწესებული აკრძალვით დაზარალდნენ.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი კი აცხადებს, რომ ალიანსი სომხეთისთვის ევროკავშირის დახმარების გაზრდის გზებს ეძებს. მარტა კოსი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა და გამოხატა სოლიდარობა რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის ფონზე.

"სომხეთი სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანაა და მის ხალხს თავისუფლად შეუძლია ქვეყნის მიმართულების არჩევა. პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა შუადღეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან, რომლის დროსაც კიდევ ერთხელ გამოვხატე სომხეთის მიმართ სოლიდარობა რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის ფონზე.

ვეძებთ მოკლე ვადებში სომხეთისთვის ევროკავშირის დახმარების გაზრდის გზებს. ასევე დავაჩქარებთ სამხრეთ კავკასიასთან და სამხრეთ კავკასიაში სავაჭრო და ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებაზე მუშაობას, რაც დაეხმარება სომხეთის ეკონომიკურ კავშირებს უშუალო მეზობლებთან", - წერს კოსი.

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებს ბევრი ანალიტიკოსი ქვეყნისთვის „გეოპოლიტიკურ რეფერენდუმად" აღწერს, რადგან მხოლოდ ერთი საკითხი, ანუ ვინ გაინარჯვებს არ არის დაყენებული. საუბარია იმაზე, ქვეყანა დასავლეთისკენ გააგრძელებს სვლას თუ კვლავ რუსეთის ორბიტისკენ შებრუნდება.

ამ ეტაპზე ანალიტიკოსების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ნიკოლ ფაშინიანი და მისი პარტია დარჩებიან ყველაზე ძლიერ ძალად, თუმცა, ძველი მასშტაბის უპირატესობის მიღწევა გაუჭირდებათ. გამოკითხვებში ისინი ლიდერობენ, მაგრამ ოპოზიციაც საკმაოდ აქტიურია.

არჩევნების შემდეგ ყველაზე ხშირად სამ სცენარს განიხილავენ - პირველი ვერსიის მიხედვით, ფაშინიანი ინარჩუნებს ხელისუფლებას. ეს ყველაზე სავარაუდო სცენარად მიიჩნევა. ასეთ შემთხვევაში სომხეთი გააგრძელებს ევროკავშირთან და აშშ-სთან დაახლოებას, შეეცდება აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების დასრულებას და რუსეთის გავლენის შემცირებას.

მეორე - რუსეთი ზეწოლას გააძლიერებს. ანალიტიკოსები ელიან, რომ მოსკოვი შეიძლება ეკონომიკური ბერკეტებით იმოქმედოს - ენერგომატარებლების, ვაჭრობისა და სხვა სფეროების გამოყენებით.

მესამე, შიდა პოლიტიკური კრიზისი. თუ შედეგები ძალიან მჭიდრო იქნება ან ოპოზიცია გაყალბებაზე ისაუბრებს, შესაძლებელია საპროტესტო აქციები და ხანგრძლივი პოლიტიკური დაპირისპირება.

სომხურ პოლიტიკაში უკვე რამდენიმე თვეა მაღალი პოლარიზაციაა, მათ შორის ეკლესიასა და ხელისუფლებას შორისაც. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ბევრი დასავლელი ანალიტიკოსი არჩევნების შემდეგ უფრო მნიშვნელოვან მოვლენად აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებასა და შესაძლო საკონსტიტუციო რეფერენდუმს მიიჩნევს. თუ ფაშინიანი გაიმარჯვებს, სწორედ ეს საკითხი შეიძლება გახდეს ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ბრძოლა 2026 წლის მეორე ნახევარში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×