თამთა ჩაჩანიძე
03.06.2026

მმართველი პარტიის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს და მათ არანაირი ბერკეტი არ აქვთ. ამასთან, საკითხი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების საგანია და ანალიტიკოსებიც არ გამორიცხავენ, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადატვირთვის ვაშინგტონის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაც ამ საკითხის უკან წაღება იყოს.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" "ვერც ვერასდროს მიიღებს" პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას.

"ჩვენ არანაირი გადაწყვეტილება პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით არც არასდროს მიგვიღია და ვერც ვერასდროს მივიღებთ. ჩვენ ერთადერთი გვაქვს ჩვენი მოსაზრება, რომ კონკრეტული პარტიები არიან არაკონსტიტუციური პარტიები და კონსტიტუცია გვეუბნება, რომ თუკი პარტია არის არაკონსტიტუციური, ის არ უნდა არსებობდეს. ამიტომ, მივმართეთ სასამართლოს, რომ განსაჯოს ჩვენი და მოსახლეობის უმეტესობის აზრი.

"შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო.

"ჩვენ 1 120 000-მა ადამიანმა მოგვცა მანდატი, რომ მიგვემართა სარჩელით. ამიტომ ამ სარჩელის უკან დგას არა ქართული ოცნების თუ პარლამენტის წევრები, არამედ 1 120 000 ადამიანის სარჩელია ეს კონკრეტულ პარტიებთან დაკავშირებით. თუ საკონსტიტუციომ დაადგინა, რომ პარტია არაკონსტიტუციურია - ასეთი პარტია უნდა არსებობდეს?"- განაცხადა პაპუაშვილმა.

ამა წლის აპრილში "ქართულმა ოცნებამ" ძველი საკონსტიტუციო სარჩელი უკან გამოითხოვა, სადაც ენმ-ს, "ახალისა" და "ლელოს" აკრძალვას ითხოვდა, ახლით შეცვალა და ამ სიას "ფედერალისტები დაამატა. ძველი სარჩელის განხილვის 9 თვიანი ვადა ამა წლის ივლისში ეწურებოდა.

პარტიების აკრძალვის უკან წაღება, როგორც წინაპირობა

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ პარტიების აკრძალვის უკან წაღება შეიძლება იყოს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ვაშინგტონის მხრიდან.

"ცალსახა პასუხის გაცემა რთულია, გააჩნია ფსონზე რა დევს - "ქართული ოცნებისთვის" რა უფრო მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პარტიები აკრძალოს, თუ აშშ-სთან სტრატეგიულად გადატვირთოს ურთიერთობები. აქ საუბარია არა იმდენად "ქართულ ოცნებაზე", არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.  ბევრს ჰქონია, რომ თითქოს მმართველ პარტიას გავლენა აქვს სასამართლოზე, მაგრამ მთლად ასე არაა.

  • ზაალ ანჯაფარიძე: "გააჩნია ფსონზე რა დევს - "ქართული ოცნებისთვის" რა უფრო მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პარტიები აკრძალოს, თუ აშშ-სთან სტრატეგიულად გადატვირთოს ურთიერთობები"

"თუმცა, სარჩელის გამოტანაც შეუძლია, ყველა ვარიანტი დასაშვებია, უბრალოდ გააჩნია ამის სანაცვლოდ რას მიიღებენ. თუ სარჩელის უკან გამოტანით მიღებული ზიანი უფრო ნაკლები აღმოჩნდება, ვიდრე ის სარგებელი, რასაც არა მარტო "ქართული ოცნება", არამედ ზოგადად ქვეყანა მიიღებს აშშ-სთან ურთიერთობების სტრატეგიულად გადატვირთვით, რასაც დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მოჰყვება ევროპასთან ურთიერთობების გადატვირთვაც, რადგან ისინიც აშშ-ს უყურებენ, როგორც უფროსს პარტნიორს, ამ ყველაფრით გათვალისწინებით ბოლომდე არაფერი გამორიცხული არაა.

"თუმცა, აუცილებლად აღსანიშნია, რომ სარგებელ-ზიანი აფთიაქარის სასწორზე უნდა აიწონოს, რაც ამ ნაბიჯს მოჰყვება, სარჩელის უკან გამოტანას ვგულისხმობ, ან იმას, რომ ვთქვათ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა.

"აშშ-ში პოლიტიკური ტრადიციებიდან გამომდინარე, ალბათ ასეთ ნაბიჯს და გადაწყვეტილებას მთლად დადებითად არ უყურებენ, პარტია შეიძლება აკრძალო მაშინ, როდესაც მის მიმართ არსებობს წყალგაუმტარი ძალიან მძიმე ბრალდებები.

ეს რომ მარტო ენმ იყოს, კიდევ შეიძლებოდა ამის გამართლება იმით, რომ კომისიაზე რაც ითქვა და რაც არა, ბრალდებები ამ პარტიის მიმართ საკმაოდ მძიმეა, მაგრამ იმ სიაში სხვა პარტიებიც არის მოხსენიებული. ამიტომაც ეს პოლიტიკურად სენსიტიური საკითხია და დასავლელ პოლიტიკოსს ვერ დაარწმუნებ, რომ საქართველოში ამდენი პარტია აკრძალვას იმსახურებდეს. ასეთ საჩოთირო სიტუაციაშია მოხვედრილი დღეს ქვეყანაც და ხელისუფლებაც.

"რაღაცა ირიბი კავშირი შეიძლება იკითხებოდეს, მაგრამ შეიძლება ამერიკელებისთვის არა ეს, არამედ უფრო სხვა რამ იყოს მნიშვნელოვანი, კერძოდ ანაკლიის პორტი, ამერიკული კომპანიის შემოსვლა და ჩინეთის განდევნა, ირანის საქმეებში დახმარება და სხვა სტრატეგიული საკითხები",- განაცხადა ანჯაფარიძემ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული საკითხი ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იყოს ურთიერთობების გადატვირთვაში.

  • ნიკა ჩიტაძე: "ვფიქრობ ეს აშშ-ს ერთ-ერთი წინაპირობაა...პაპუაშვილის განცხადებაში უკანდახევა იკითხება"

"ვფიქრობ ეს აშშ-ს ერთ-ერთი წინაპირობაა. ჯერ ივანიშვილმა განაცხადა პარტიების აკრძალვაზე. საკონსტიტუციო სასამართლოც მათ მიერაა მართული და შეიძლება ვითომ წარმოებაში არ მიიღოს, ან საქმე გადადოს, რომ თითქოს ხელისუფლება არაფერ შუაშია. ეს უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა, რომ თითქოს უმტკივნეულოდ გამოძვრნენ.

"მნიშვნელოვანწილად შესაძლებელია, რომ აღნიშნული საკითხი აშშ-საქართველოს ურთიერთობებთან იყოს დაკავშირებული",- განაცხადა ჩიტაძემ.

იხევს თუ არა უკან "ოცნება"

ზაალ ანჯაფარიძე გვეუბნება, რომ პაპუაშვილის განცხადებაში არ იკითხება, რომ მმართველი პარტია უკან იხევს.

"სად არის უკანდახევა? მმართველ პარტიას არავითარი უფლება არ აქვს რომელიმე პარტიის აკრძალვის. ეს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გააკეთოს.

"(საკონსტიტუციო სარჩელის განახლებით) შეიძლება მმართველ პარტიას უნდოდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მეტი დრო მიეცა, რომ მას უფრო მეტად განესაჯა ეს საკითხი. შესაძლოა მოისურვა, რომ ენმ თავის განაყოფებიანად მთლიანად ყოფილიყო პოლიტიკური ველიდან განდევნილი, არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება უჭირდა და დრო მისცეს. ყველა ვარიანტის დაშვება შეიძლება, მაგრამ ამაზე ზუსტი პასუხი მმართველი პარტიის გარდა არავინ იცის.

"მაინც ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილების უკან გამოტანა, ეს იქნებოდა ძალიან სერიოზული პოლიტიკური და რეპუტაციული დარტყმა მმართველ პარტიაზე და ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა იდოს სასწორის მეორე მხარეს, რომელიც ამ სარისკო გადაწყვეტილებას გადასწონის",- განაცხადა ანჯაფარიძემ.

ნიკა ჩიტაძე კი გვეუბნება, რომ განცხადებაში უკან დახევა იკითხება.  

"ერთი ვარიანტია, რომ დროის გაწელვა დასავლელ პარტნიორებთან სავაჭროდ სჭირდებოდათ. აი, ვთქვათ, თქვენ გვაღიარეთ ჩვენ როგორც ხელისუფლება და ჩვენ პარტიებს არ გავაუქმებთ, რაღაც დათმობაზე რომ წავიდეს. საბჭოთა სპეცსამსახურების მეთოდი იყო, რომ ცუდზე უარესი გააკეთე, რომ მერე ცუდზე ედაო.

"პაპუაშვილის განცხადებაში ახლა უკან დახევა იკითხება",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×