ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებს სათანდო შედეგი არ მოაქვს და ყოველ წელს დათქმული ვადების გადაწევაზე მეტს ვერაფერს აკეთებს
ქეთო გოგოხია
03.06.2026

ინფლაციის შემცირების ტენდენცია დაწყებულია. მაისში  წლიურმა მაჩვენებელმა 5.7%-მდე დაიკლო, რაც იძლევა იმედს, რომ სამომავლოდ კიდევ შემცირდება. ამ მხრივ გარკვეულ გავლენას სეზონური ფაქტორიც მოახდენს. როგორც კი ქართული პროდუქტით გაჯერდება ბაზარი, ცვლილება უფრო შესამჩნევი გახდება. მიხედავად ამისა, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოება წარმოუდგენელია და ამ ამოცანის გადაჭრას ეროვნული ბანკი ვერ შეძლებს. 

ქვეყნის ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, რომ 2027 წელს ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის (3%) გარშემო დასტაბილურდება. სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა, რომ ენერგორესურსების, განსაკუთრებით კი ნავთობის ფასის მკვეთრმა ზრდამ საქართველოში საწვავის გაძვირება განაპირობა, რაც პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტების შედეგად ინფლაციის მაჩვენებელზეც აისახა.

„ენერგორესურსების გლობალური გაძვირება საქართველოში საწვავის ფასებზე პირდაპირ აისახა. შედეგად, პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტების გამო, აპრილში ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა, თუმცა მაისში ინფლაცია შემცირდა - წლიურმა მაჩვენებელმა მაისში 5.7%-მდე დაიკლო, რაც სრულ თანხვედრაშია საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ სცენართან და მოლოდინთან“, - განაცხადა მიქაბაძემ. 

სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ინფლაციის სამომავლო დინამიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კონფლიქტის ხანგრძლივობასა და სიმწვავეზე, თუმცა დღეს არსებული სცენარის მიხედვით, კონფლიქტის ეტაპობრივად დარეგულირების შემთხვევაში, ინფლაციაც თანდათან შემცირდება და 2027 წელს მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება. 

ანალოგიურად, სპეციალისტებიც ყურადღებას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ტენდენციებზე ამახვილებენ და აცხადებენ, რომ კონფლიქტმა ინფლაციურ პროცესებზე საქართველოში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, თუმცა მოლოდინი არაერთგვაროვანია.

ეკონომისტი აკაკი ცომაია ფიქრობს, რომ ინფლაციის მაჩვენებელი კლებას გააგრძელებს და არ არის გამორიცხული, მიზნობრივ მაჩვენებელთან მიახლოება დაიწყოს.

,,ინფლაციასთან დაკავშირებით საგანგაშო მდგომარეობა ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს. ეროვნულმა ბანკმა გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა, ამ მომენტისთვის  აღარ იზრდება, პირიქით, შემცირების ტემპით ხასიათდება. თუ ვერ მოხერხდა შემცირება, კიდევ გაამკაცრებენ მონეტარულ პოლიტიკას და მიზნობრივ მაჩვენებელზე ჩამოვა დროთა განმავლობაში. ფასები საკმარისად გაიზარდა, უსასრულოდ ხომ არ გაგრძელდება ეს პროცესი, შესაბამისად, ზომები იქნება მიღებული. იმედია, რაიმე ტიპის შოკს, მათ შორის, საგარეოს,  არ ექნება ადგილი.

ფასების დონის კონტროლი ძალიან რთულია. რა თქმა უნდა, სებ-თვის გამოწვევაა, ზუსტ გათვლებს ვერ აკეთებს. საკმაოდ რთული პროცესებია ეკონომიკაში გლობალური მდგომარეობის გამო. სებ-ს აქვს სავარაუდო  მოდელები სხვადასხვა სცენარების მიხედვით, მაგრამ ამავე დროს აქვს ცთომილების დიდი დიაპაზონი. შესაბამისად, დიდი გამოწვევაა ცენტრალური ბანკებისთვის, როცა საქმე ფასების მონიტორინგს ეხება.

თავის დროზე, სებ-ს  რეზერვები რომ არ შეევსო, მაგალითად, 2025 ან 2024 წლებში, ლარის კურსი უფრო მეტად გამყარდებოდა და ინფლაციაზეც აისახებოდა. რაც შეეხება განცხადებას კლების შესახებ, სებ-ი მეტი დამაჯერებლობისთვის ყოველთვის შეეცდება ასეთი მოლოდინის შექმნას“, - აღნიშნა აკაკი ცომაიამ ,,რეზონანსთან“ საუბრისას.

საპირისპიროდ ინფლაციის პროცესის მიმართ ანალიტიკოს მერაბ ჯანიაშვილს სკეპტიკური მოსაზრება აქვს და აცხადებს, რომ შემცირების ტენდენცია გამორიცხულია და ამ მხრივ გავლენას ვერც კარ მომდგარი ზაფხულის სეზონი მოახდენს.

,,ფასების შემცირების მოლოდინი არ მაქვს. მით უმეტეს, საერთაშორისო პროცესს თუ გავითვალისწინებთ. ახლო აღმოსავლეთში დიდი დაძაბულობაა. აღარ არის ისეთი ცუდი მდგომარეობა, როგორიც ვთქვათ, 2-3 კვირის წინ იყო, მაგრამ სტაბილურობის ნიშნების ნაკლებადაა. 

ამასთან, საქართველოს შიგნით მიმდინარე სიტუაციაც არასახარბიელოა. ჩვენს შემთხვევაში, ხშირადაა, რომ ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი შედარებით დაბალია, ვიდრე ფასების დონე. სურსათის თუ სხვა პირადი მოხმარების საქონლის ღირებულება მაღლა იწევს. სტატისტიკაც რეალობას უმეტესწილად არ ასახავს. კარგი იქნება, თუკი სურსათის ინფლაცია ცალკე დაითვლება. 

ფაქტია, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა, ე.ი. მისი მოლოდინია, რომ ინფლაცია კიდევ გაიზრდება. ვფიქრობ, მიზნობრივ მაჩვენებელს საკმაოდ გადააჭარბებს, დასახული მიზნის მიღწევა სებ-ს გაუჭირდება. 

რაც შეეხება სეზონის გავლენას, ასევე ნაკლებადაა მოსალოდნელი. ტურიზმის გამო ქვეყანაში ტრადიციულად მაღალი მოთხოვნა და მოხმარებაა. შესაბამისად, ადგილობრივი პროდუქცია გაძვირდება. ამდენად, არ ველოდები, რომ ინფლაცია შემცირდება“, - გამუცხადა ჯანიაშვილმა ,,რეზონანსს“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 3 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2026 წლის მაისში წლიურმა ინფლაციამ 5.7% შეადგინა, რაც აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×