მარიამ ვეკუა
03.06.2026

უკრაინის რუსეთის მიერ კონტროლირებად დონეცკის ოლქში, სამგზავრო ავტობუსზე უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. ტრაგედია ფართომასშტაბიანი საჰაერო ესკალაციის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, მათ შორის სანქტ-პეტერბურგსა და ტამბოვში, სამხედრო და ინფრასტრუქტურული ობიექტები დაბომბეს, რასაც კრემლი „სისტემური პასუხით" ემუქრება.

უკრაინის დონეცკის ოლქში, რომელიც ამჟამად რუსეთის კონტროლქვეშაა, უპილოტო საფრენი აპარატი ავტობუსს დაეჯახა, დაღუპულია სულ მცირე შვიდი ადამიანი. ინციდენტი მხარეებს შორის საბრძოლო მოქმედებების მორიგი ესკალაციის ფონზე მოხდა.

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ხელმძღვანელის, დენის პუშილინის განცხადებით, რეისი მოსკოვიდან ყირიმის მიმართულებით, კერძოდ კი სიმფეროპოლში მიემგზავრებოდა. 11-მა ადამიანმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. ყველა მათგანს უტარდება აუცილებელი სამედიცინო მკურნალობა", - დასძინა მან.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასის" ცნობით, ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული აქტის" მუხლით აღძრა. ამის შესახებ უწყების პრესსპიკერმა, სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა.

პარალელურად, სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა განაცხადა, რომ უკრაინულმა დრონებმა რამდენიმე რაიონში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიიტანეს იერიში, რასაც ნგრევა და რამდენიმე ადამიანის დაშავება მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ თავდასხმა იმ დროს განხორციელდა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქალაქში ეკონომიკურ ფორუმს „რუსულ დავოსს" მასპინძლობს.

აღნიშნულ დარტყმებს ერთი დღით ადრე უკრაინის მასშტაბით რუსული რაკეტებისა და დრონების მასირებული იერიში უძღოდა, რომელმაც 23 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საბრძოლო მოქმედებები კვლავაც აქტიურად გრძელდება და კონფლიქტის დასრულების მკაფიო პერსპექტივა ამ დრომდე არ ჩანს.

  • პესკოვი: „სპეციალური სამხედრო ოპერაცია სწორედ მსგავსი დარტყმების აღსაკვეთად გრძელდება"

ოთხშაბათს დილით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გასულ ღამეს „რუსეთის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ობიექტები დაიბომბა".

„მათ შორის იყო პეტერბურგის ნავთობტერმინალი. უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან რუსეთის ნავთობმრეწველობის ამ ობიექტამდე, რომელიც ომის მიზნებს ემსახურება, მანძილი დაახლოებით 1100 კილომეტრია. დარტყმები განხორციელდა კრონშტადტის ბაზაზე არსებულ წმინდა სამხედრო მიზნებზეც", განაცხადა ზელენსკიმ.

„კიდევ ერთი სამიზნე ტამბოვის ოლქში მდებარე საწარმო გახდა, რომელიც რუსული იარაღის წარმოებაშია ჩართული. ფრონტის ხაზიდან ამ ობიექტამდე მანძილი თითქმის 600 კილომეტრია

სანქტ-პეტერბურგზე განხორციელებული თავდასხმის შეფასებისას, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პასუხი ამ იერიშზე „სისტემური ხასიათის" იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი" ავრცელებს.

„ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია სწორედ მსგავსი დარტყმების აღსაკვეთად გრძელდება", განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

"დრონული ტალღა"

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ დროზდენკოს განცხადებით, ოთხშაბათს დილით, რეგიონის თავზე ღამის განმავლობაში 50 დრონი ჩამოაგდეს, სავარაუდო თავდასხმების მოგერიების პროცესი კი კვლავ გრძელდებოდა.

გუბერნატორ ევგენი პერვიშოვის თქმით, დრონები ცენტრალურ რუსეთში, ტამბოვის ოლქის ქალაქ მიჩურინსკშიც ჩამოვარდა.

უკრაინის სამხედრო უწყების ინფორმაციით, ღამის განმავლობაში იერიში მიიტანეს რუსეთის ბალტიის ფლოტის ბაზაზე განთავსებულ სამხედრო ხომალდზე, რამაც კორვეტ „ბოიკიზე" ხანძარი გამოიწვია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი გაავრცელა ცნობა, რომ ღამის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონის თავზე 354 უკრაინული დრონი იქნა „გადაჭერილი და განადგურებული".

როგორც სანქტ-პეტერბურგიდან „ალ ჯაზირას" კორესპონდენტი, იულია შაპოვალოვა იტყობინება, ქალაქში 59 დრონი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც დასავლეთ ნაწილში, კიროვის რაიონში მდებარე ნავთობტერმინალზე ხანძარი გაჩნდა.

„ეს ობიექტი რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ტერმინალია. სიახლოვეს მდებარე პულკოვოს აეროპორტში ფრენებზე შეზღუდვები რამდენჯერმე დაწესდა, რის გამოც 20-მდე რეისი გადაიდო", განაცხადა შაპოვალოვამ.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს თავდასხმები უკრაინული მხარის პასუხია კიევზე, დნიპროსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე განხორციელებულ ბოლოდროინდელ იერიშებზე".

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ხერსონის სამხრეთ რეგიონში რუსული დრონის დარტყმის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა.

რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმების ტალღას წინ უძღოდა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ანგარიში, რომლის მიხედვითაც, მოსკოვმა სამშაბათს დილით, მთელი ღამის განმავლობაში, 656 დრონი გაუშვა.

სამხედრო-საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინის მრავალშრიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა 54-მა დრონმა და 33-მა რაკეტამ გაარღვია. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, ამ თავდასხმებს სულ მცირე 23 ადამიანი ემსხვერპლა.

მოსკოვის მტკიცებით, სამშაბათის მასირებული იერიში საპასუხო ნაბიჯი იყო ორი კვირის წინ რუსეთის მიერ კონტროლირებად ლუგანსკის ოლქში, საერთო საცხოვრებელზე განხორციელებულ სისხლისმღვრელ თავდასხმაზე.

პარალელურად, რუსული თავდასხმების ფონზე, ოთხშაბათს ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×