
ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვნის, 16 წლის გიორგი ხურციძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცნობილია, რომ იმავე დღეს სამართალდამცავებმა დააკავეს საჭესთან მჯდომი გოგონა. გუშინ ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ დაკავებული გოგონა 14 წლის იყო, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დაკავებული გოგონა 16 წლის არის.
ავარიის დროს მსუბუქად დაშავდა მანქანაში მყოფი კიდევ ერთი გოგონა, რომელსაც სამედიცინო დახმარება გაეწია, მას დაზიანება თვალის არეში აღენიშნება.
ერთ-ერთი ადგილობრივი ტრაგედიის დეტალებს გვიყვება:
"ორი ბიჭი და ორი გოგო იყვნენ მანქანაში. ბიჭმა, რომელიც ავარიის დროს გადარჩა, თურმე, დაუკითხავად წამოიყვანა დედის მანქანა თავისი სახლიდან. ამ ბიჭის ანუ მეგობრის მშობლის მანქანის საჭესთან დამჯდარა გოგონა, რომელიც ახლა დაკავებულია. გავიდნენ ქალაქში და მოხდა ეს უბედურება. დაეჯახნენ გაჩერებულ მანქანას. ბავშვები მეზობლები და ერთად გაზრდილები არიან.
ამ ამბის გაგების შემდეგ სასოწარკვეთილ გიორგის დედას თვითდაზიანება მიუყენებია, კლინიკაში რომ მიიყვანეს იძახდა, თურმე, მე თავი დამანებეთ, ჩემი გიორგი გადამირჩინეთო. საუბედუროდ, გიორგი ამ დროს უკვე გარდაცვლილი იყო.
გიორგი მანქანის ღია ფანჯარაზე მჯდარა, თორემ გადარჩებოდა. ამბობენ, ხერხემალშია გადატეხილი ბავშვიო. ღამით მოხდა ეს დიდი ტრაგედია. ეტყობა, საჭე ვერ დაიმორჩილა იმ გოგომ და დაეჯახა ქუჩაში გაჩერებულ მანქანებს. შეჯახების დროს გადმოვარდა გიორგი მანქანის ფანჯრიდან და შემდეგ მანქანის ქვეშ მოჰყვა. ამბობენ, რომ ადგილზე დაიღუპა.
ძალიან კარგი მშობლები ჰყავს გიორგის. მამამისი სასწრაფოს მძღოლია, რამდენიმე დღის წინ, თურმე, მამამისს მოუხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და იმ ავარიის დროსაც დაიღუპა ერთი ადამიანი, ამიტომ გიორგის მამაც ციხეშია და ახლა მას ეს თავზარდამცემი ამბავი დაემართა. დედამისი არაჩვეულებრივი ქალბატონია, არ ვიცი, როგორ გადაიტანს ამ ტრაგედიას. ორ შვილს ზრდიდნენ. გიორგის პატარა და ჰყავს", - განუცხადა "კვირის პალიტრას" ადგილობრივმა.
"კვირის პალიტრა"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე