თამთა ჩაჩანიძე
04.06.2026

სომხეთში არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სიტუაცია მკვეთრად იძაბება, აშშ და ევროპა პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას ღიად უჭერს მხარს. რუსეთი კი ფსონს ოპოზიციურ ძალებზე აკეთებს სხვადასხვა ბერკეტებით ცდილობს სომეხ ამომრჩეველზე ზემოქმედებას. გარდა ამისა, მედიაში გავრცელებული ბოლო ცნობებით, არჩევნებისთვის რუსეთიდან სომხეთში დაახლოებით 100 ათასი ადამიანის ორგანიზებულად ჩაყვანა იგეგმება, რათა მათ კრემლის ფავორიტებს მისცენ ხმა, რადგანაც სომხეთის ხელისუფლებამ რუსეთის ტერიტორიაზე საარჩევნო უბნების გახსნაზე უარი თქვა.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ არჩევნებს დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და მისი შედეგები გავლენას მოახდენს არა მხოლოდ სომხეთის, არამედ სამხრეთ კავკასიის მომავალზეც.

საპარლამენტო არჩევნები 7 ივნის გაიმართება. საარჩევნო ბარიერი პარტიებისა და ბლოკებისთვის განსხვავებულია. პარლამენტში მოსახვედრად პარტიამ ხმების მინიმუმ 4% უნდა მიიღოს, 2 ან 3 პარტიისგან შემდგარმა საარჩევნო ბლოკმა - 8%, ხოლო 4 და მეტი პარტიისგან შემდგარმა საარჩევნო ბლოკმა - 10%.

ბოლო გამოკითხვებით, ნიკოლ ფაშინიანის პარტია ლიდერობს და მნიშვნელოვნად უსწრებს უახლოეს მდევარს - კრემლის ფავორიტის, პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის პლატფორმას. თუმცა, ამ გამოკითხვების ავტორები თავად აღნიშნავენ, რომ მიღებული შედეგები რეალურ სურათს ვერ იძლევა, რადგან გამოკითხულთა 80%-ზე მეტი უარს ამბობს უპასუხოს კითხვას, თუ რომელ პარტიას მისცემს ხმას.

მოსკოვი კი ბოლო რამდენიმე კვირაა ფაშინიანის მთავრობაზე ზეწოლას აძლიერებს და ცდილობს გავლენა მოახდინოს სომეხი ამომრჩევლების განწყობაზე. აწესებს კრიტიკულ სავაჭრო შეზღუდვებს და იმუქრებოდა სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობის შეჩერებით. კრემლმა შეტევა დაიწყო ეკონომიკური გაფრთხილებებითა და ზომებით, გამოაცხადა დროებითი შეზღუდვები სომხეთიდან ყვავილების, ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტზე, რასაც დაემატა სომხური მინერალური წყლის, ღვინისა და კონიაკის ბოლოდროინდელი აკრძალვები, ასევე იმუქრება იაფი გაზისა და ნავთობის მიწოდების შეწყვეტით, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პარალელები გაავლო სომხეთსა და უკრაინაში არსებულ სიტუაციას შორის და განაცხადა, რომ „უკრაინაშიც ყველაფერი ასე იწყებოდა" - ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით.

  • მარია ზახაროვა: „სომხეთის ხელმძღვანელობის მიდგომა, რომლის მიხედვითაც ერევანში ორ სკამზე (ევროკავშირი და ევრაზიული ეკონომიკური კავშირი) ჯდომას აპირებენ, მისაღები არავისთვის არის".

მაისში სომხურმა სამთავრობო მედიამ გამოაქვეყნა მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტი, რომელიც, მათი ცნობით, წარმოადგენს რუსული სპეცსამსახურების მიერ შემუშავებულ გეგმას ფაშინიანის მთავრობის დასამხობად. დოკუმენტის თანახმად, კრემლი სომხეთის არჩევნებზე პოლიტიკურ ფსონს მილიარდერ სამველ კარაპეტიანზე დებს, რომელსაც დოკუმენტებში ღიად უწოდებენ „სომეხ ივანიშვილს".

30 მაისს მოსკოვმა სომხეთში რუსეთის ელჩი, სერგეი კოპირკინი სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებით „კონსულტაციებისთვის" გაიწვია. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ერთი დღით ადრე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრმა სახელმწიფოებმა სომხეთს მოუწოდეს, სასწრაფოდ ჩაატაროს რეფერენდუმი ორ ბლოკს - ევრაზიულ კავშრსა და ევროკავშირს შორის არჩევანის გასაკეთებლად.

4 ივნისს რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ სომხეთმა ქვეყნის კურსი უნდა აირჩიოს და მოსკოვისთვის მისაღები არაა სომხეთის „ორ სკამზე ჯდომა". მისი თქმით, რუსეთი სომხეთისთვის ევროკავშირისკენ გზის დაფინანსებას არ აპირებს.

„სომხეთის ხელმძღვანელობის მიდგომა, რომლის მიხედვითაც ერევანში ორ სკამზე (ევროკავშირი და ევრაზიული ეკონომიკური კავშირი) ჯდომას აპირებენ, მისაღები არავისთვის არის", - განაცხადა ზახაროვამ.

ამის საპასუხოდ პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა 1-ლ ივნისს დაურეკა დაბადების დღის მილოცვისთვის, ასევე იყო, საქმიანი შეხვედრები, სადაც შეთანხმდნენ, რომ არჩევნების შემდეგ ფაშინიანი კვლავ ჩავა რუსეთში „მიმდინარე საკითხების მოსაგვარებლად".

  • ნიკოლ ფაშინიანი: „რუსეთის ფედერაციის ინტერესების წინააღმდეგ არ ვიმოქმედებთ, მაგრამ ასევე, არ ვიმოქმედებთ ჩვენი საკუთარი ინტერესების წინააღმდეგაც".

„სამთავიანმა ომის პარტიამ" მიზანი დასახა - მიაღწიოს, რომ ჩვენს რუს პარტნიორებთან კონფლიქტში შევიდეთ. ჩვენს რუს პარტნიორებს ვუთხარი: თქვენთან არ ვიომებთ, არ ვიკამათებთ, დებატებში, სიტყვებით ომში არ შევალთ, მშვიდად და მოთმინებით დავიცავთ ჩვენს პოზიციებს. რუსეთის ფედერაციის ინტერესების წინააღმდეგ არ ვიმოქმედებთ, მაგრამ ასევე, არ ვიმოქმედებთ ჩვენი საკუთარი ინტერესების წინააღმდეგაც", - განაცხადა ფაშინიანმა.

მოლოდინები სომხეთში

სომეხი ჟურნალისტი და ექსპერტი არსენ ხარატიანი აცხადებს, რომ სომხეთში სერიოზულად არ აღიქვამენ პუტინის მუქარას „უკრაინის სცენარის განმეორებაზე".

„არ ვიტყოდი, რომ სომხეთი ამას ომის მუქარად მიიჩნევს. თუმცა, სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. უფრო მნიშვნელოვანია ეკონომიკური, ჯერჯერობით, არაფორმალური სანქციები, რომლებსაც ერევანი უკვე განიცდის რუსეთისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირისგან (თუმცა, ოფიციალურად, ევრაზიული ეკონომიკური კავშირისგან ასეთი სანქციები ჯერ არ არსებობს). ეს მოიცავს გარკვეული საკვები პროდუქტების ექსპორტის შეჩერებას, რომლებიც ძირითადად რუსეთის ბაზარზე იყო ექსპორტირებული. ამან, რა თქმა უნდა, შეიძლება გავლენა იქონიოს სომხეთის ეკონომიკაზე. თუმცა, არ მგონია, რომ ეს ამჟამად ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დისკურსში ყველაზე სერიოზული საკითხია", - განაცხადა ექსპერტმა.

მისი თქმით, „სომხეთში ხალხი ხვდება, რომ რუსეთთან ურთიერთობები შეიცვალა. ეკონომიკური თვალსაზრისით ზოგიერთი სომხური ბიზნესი და ექსპორტით დაკავებული პირები უკვე გრძნობენ ამ ზეწოლას, თუმცა, ხალხს ეს გადაწყვეტილებები ჯერ არ უგრძვნია". ექსპერტი ამბობს, რომ ვერ ხედავს რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის მიზეზს, რადგან რუსულენოვან მოსახლეობაში პრობლემები არაა.

რაც შეეხება რუსეთიდან 100 ათასი სომეხის მობილიზებას, ხარატიანი ამბობს, რომ ფიზიკურად ამდენი ადამიანის შესვლა რთულ პროცესთანაა დაკავშირებული, თუმცა, საზღვრები გაკონტროლდება, რადგან „ბევრი სახმელეთო გზით გადავა".

სამველ კარაპეტიანის შანსებზე ექსპერტი ამბობს, რომ „დიდი ალბათობით ბარიერს გადალახავს და პარლამენტშიც შევა, თუმცა 12-13%-ს ვერ გასცდება".

100 ათასი ამომრჩეველი რუსეთიდან

სააგენტო „როიტერსი" ხუთ დაზვერვის თანამშრომელსა და მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის ოფიციალურმა პირებმა განიხილეს რუსეთში მცხოვრები 100 ათასამდე სომეხის ორგანიზებულად ჩაყვანა სომხეთში, რათ მათ არჩევნებზე ფაშინიანის ოპონენტებს მისცენ ხმა. საუბარია რუსეთში მცხოვრებ იმ პირებზე, ვისაც სომხეთის მოქალაქეობა აქვთ და მათი ტრასპორტირება კრემლს დაახლოებით დაახლოებით 50 მილიონი დოლარი დაუჯდება.

ოფიციალური დასავლური წყაროები მიიჩნევენ, რომ მოსკოვის ფავორიტი მთავრობის დამხობის ბრალდებით დაპატიმრებული სამველ კარაპეტიანია. ამა წლის ოქტომბერში კი კრემლმა შექმნა „სტრატეგიული თანამშრომლობისა და პარტნიორობის დეპარტამენტი", რომელიც, ოთხი წყაროს ცნობით, ზედამხედველობს „გავლენის ოპერაციებს" სომხეთში.

სააგენტოს უჭირს იმის დადგენა. რეალურად შეუძლია თუ არა მოსკოვს ამ გეგმის განხორციელება, ან საკმარისი იქნებოდა თუ არა ეს რაოდენობა არჩევნებში ლიდერებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობის დასადებად.

სომხეთის მთავრობას ამ სცენარზე პასუხი უკვე აქვს - როგორც ოპოზიციური სომხური გამოცემა „პასტი" ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, „რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნებული 55 წლამდე ასაკის სომხეთის მოქალაქეები სავალდებულო 25-დღიან სმახედრო წვრთნებში გაგზავნიან". გაზეთის ცნობით, „ხელისუფლება ცდილობს მოქალაქეები დააშინოს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალოს 7 ივნისამდე".

ბოლო გამოკითხვები

„ევრონიუსის" დაკვეთით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია „ბრევისის" მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის თანახმად, ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას" ხმათა 65%-ის მოპოვება და საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა შეუძლია. 5-11 მაისის ფარგლებში 1551 რესპონდენტი გამოიკითხა, სადაც ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ნიკოლ ფაშინიანი, „სამოქალაქო შეთანხმება" - 65%;

სამველ კარაპეტიანი, „ძლიერი სომხეთი" - 12%;

პარტია „დაშნაკცუთიუნი" - 6%;

გურგენ სიმონიანი, „სომხეთის მერიტოკრატიული პარტია" - 4%;

გაგიკ ცარუკიანის „აყვავებული სომხეთი", ვარდან ღუკასიანის „დემოკრატია, კანონი და წესრიგი", „გაერთიანებული სომხეთი" და სხვა პარტიები - 2-2%.

ამისგან მნიშნელოვნად განსხვავებულია „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" წინასაარჩევნო კვლევის შედეგები, რომელსაც გერმანული „დოიჩე ველე" აქვეყნებს. აქ ასევე მმართველი პარტია ლიდერობს, თუმცა, „ექსპერტები ამ მონაცემების ინტერპრეტაციისას სიფრთხილისკენ მოუწოდებე"", რადგან რესპონდენტების დიდი ნაწილი ერიდება ღიად საუბარს, თუ ვის აძლევენ ხმას. რჩეული პარტია გამოკითხილთა მხოლოდ 16%-მა გაამხილა, როცა 2021 წლის ვადამდელი არჩევნებისას ეს რიცხვი 37% იყო. ეს ყველაფერი, ექსპერტების აზრით, საბოლოო შედეგის პროგნოზირებას მნიშნელოვნად ართულებს.

ამასთან, გამოკითხულთა რეკორდულმა 92%-მა გამოთქვა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 72% იყო.

ამ გამოკითხვაში ფაშინიანის „სამოქალაქო შეთანხმება" 32%-ით ლიდერობს, პრორუსული იმიჯის მქონე ოპოზიცია კი მას მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ამ ფლანგს სამი ძალა წარმოადგენს, სომხური წარმოშობის რუსი მილიარდერი სამველ კარაპეტიანის „ძლიერი სომხეთი" 7%-ით, რობერტ ქოჩარიანის ალიანსი „სომხეთი" 4%-ით და გაგიკ ცარუკიანის „აყვავებული სომხეთი" 2%-ით.

აღსანიშნავია, რომ წინა, 2021 წლის არჩევნებში, რომელიც სომხეთისათვის დამანგრეველი შედეგების მქონე ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ჩატარდა, ფაშინიანის პარტიამ ხმების 54% მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×