
ქუთაისში მომხდარ საშინელ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვნის, 16 წლის გიორგი ხურციძის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპული არასრულწლოვანი მე-11 საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლე იყო. დაკავებულია 16 წლის გოგონა, რომელიც დაუკითხავად წამოყვანილი მანქანის საჭესთან იჯდა.
"კვირის პალიტრას" ადგილობრივი დაუჯერებელ ამბავს უყვება:
"ორი ბიჭი და ორი გოგო იყვნენ მანქანაში. ბიჭმა, რომელიც ავარიის დროს გადარჩა, თურმე, დაუკითხავად წამოიყვანა დედის მანქანა თავისი სახლიდან. ამ ბიჭის ანუ მეგობრის მშობლის მანქანის საჭესთან დამჯდარა გოგონა, რომელიც ახლა დაკავებულია. გავიდნენ ქალაქში და მოხდა ეს უბედურება.
ამ გოგოს, რომელიც დააკავეს, ადრეც ჰქონდა მსგავსი შემთხვევა. მან, თურმე, თავის მეგობარს (გოგონას, რომელიც ახლა, ამ ავარიის დროს იჯდა იმ მანქანაში და მსუბუქად დაშავდა), ცოტა ხნის წინ, თურმე, მოაპარვინა დედის მანქანის გასაღები, გამოიყვანეს ის მანქანა - "ტოიოტა ქემრი" , თვითონ დაჯდა საჭესთან. საბედნიეროდ, იმ დღეს შორს ვერ წავიდნენ, რადგან სახლთან ახლოს იქვე მდგარ მანქანებს გაუსვა და დააზიანა მეგობრის დედის მანქანა...
მაშინ, როგორც ვიცი, მანქანის პატრონს, მეგობრის დედას არც უჩივლია. ამბობდა, მთავარია, გადარჩნენო და ახლა იგივე განმეორდა. ნეტავ, მაშინ მოეთხოვათ პასუხი, იქნებ ეს უბედურება არ მომხდარიყო.
დაკავებული გოგოს მშობლები ემიგრაციაში არიან. ეს ბავშვი ბებიასთან იზრდება. სიმართლე უნდა ითქვას - ყველანი ნასვამები ყოფილან. ექსპერტიზა რომ ჩაუტარდათ, თურმე, ყველას აღმოაჩნდა ანალიზებში ალკოჰოლი, მათ შორის - საჭესთან მყოფ გოგოსაც..." - განაცხადა ადგილობრივმა.
წყარო: "კვირის პალიტრა"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე