თამთა ჩაჩანიძე
05.06.2026

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს შესახებ მორიგ განცხადებას აკეთებს, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთის მიზანი რუსეთის დასუსტება და დაშლაა, რის გამოც, მეზობელ ქვეყნებს მოსკოვთან თანამშრომლობისგან მიღებული სარგებლის დაკარგვას აიძულებენ.

ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოში ამჟამად „პრაგმატიკოსები" არიან ხელისუფლებაში, რის გამოც, მისი შეფასებით, "თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება". ის ეკონომიკურ ბერკეტებზე აკეთებს აქცენტს და დასძენს, რომ მისი თქმით, თუ საქართველო ევროკავშირთან ვაჭრობას გადაწყვეტს, რუსეთთან ვაჭრობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

ოპოზიცია კრემლის მორიგ განცხადებას და "ოცნებას" მწვავედ აკრიტიკებს, მათი შეფასებით, იმპორტის თვალსაზრისით ოკუპანტ ქვეყანაზე დამოკიდებულება უაღრესად შემაშფოთებელია.

რას ნიშნავს რუსეთისგან განცხადებები საქართველოზე

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მაქებარი განცხადებები ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის "მისაღებ თამაშს თამაშობს".

  • ნიკა ჩიტაძე: "საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის მისაღებ თამაშს თამაშობს. ეს "ოცნების" იმიჯს თავისთავად აზიანებს, როგორც საქართველოს შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ერთის მხრივ მოსკოვიდან ასეთი გამოხმაურებები "ქართულ ოცნებას" არ აწყობს, თუმცა,მეორეს მხრივ რუსეთიდან მხარდაჭერას გრძნობენ"

"განცხადება ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის მისაღებ თამაშს თამაშობს. ეს "ოცნების" იმიჯს თავისთავად აზიანებს, როგორც საქართველოს შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ერთის მხრივ მოსკოვიდან ასეთი გამოხმაურებები "ქართულ ოცნებას" არ აწყობს, თუმცა,მეორეს მხრივ რუსეთიდან მხარდაჭერას გრძნობენ.

"ბუნებრივია, ამ მხარდამჭერი განცხადებების გამო, ბევრი კითხვა დაისმევა, რომ თუ დასავლეთს აკრიტიკებთ და ამავდროულად რუსეთი მხარს გიჭერთ, ესე იგი რუსეთისთვის სასარგებლო თამაშს თამაშობ. კრემლისგან მინიშნებაა, რომ ეგრე გააგრძელეთ და ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა იქნება",- განაცხადა ჩიტაძემ. 

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთმა აგრესიული რიტორიკა მას შემდეგ შეიცვალა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ "მეტ-ნაკლებად პრაგმატული და ნეიტრალური კურსი აიღო".

"ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მეტ-ნაკლებად პრაგმატული და ნეიტრალური კურსი აიღო. მე, როგორც "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი (და ამიტომაც შევედი ამ პარტიაში) ვამბობ, რომ ეს საკმარისი არაა, მაგრამ ეს მაინც ბევრად სჯობს იმას, რაც ადრე იყო.

"2022 წელს, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, საქართველომ პირველი ორი კვირა ყველა ეტაპზე ხმა მისცა ისე, როგორც ხმას აძლევდა აშშ და დასავლეთი - რუსეთი არა მარტო დაგმეს, არამედ საქართველომ ხმა მისცა ევროპის საბჭოდან მის გარიცხვას. ასევე გაეროს ასამბლეაზე მისცა ხმა.

"მერე სასწაული, 7 მარტს საქართველომ 32 ქვეყანასთან ერთად ხმა მისცა, რომ პუტინის წინააღმდეგ აღძრულიყო კრიმინალური საქმე ჰააგაში და ეს ძალიან სახიფათო რამ იყო. მოგეხსენებათ, თბილისიდან 28 კმ-ში ბაზები დგას და რუსული ტანკები შეიძლება დედაქალაქში აღმოჩნდეს როცა კი მოუნდებათ 40 წუთში.

"მაშინ კი საქართველოს ხელისუფლებამ როგორც იქნა უარი თქვა ამერიკელების მოთხოვნაზე უკრაინისთვის იარაღის გადაცემაზე. მაშინ მოხდა, რომ დასავლეთთან ურთიერთობა რეალურად ასე წახდა. ამ ფონზე, რუსეთიდან ხმები გაისმა, ახლა ვრწმუნდებითო, რომ თბილისის მხრიდან არავითარი ხიფათი არ გვემუქრება.

  • პეტრე მამრაძე: "საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის არავითარ სახიფათო და მიუღებელ თამაშს არ თამაშობს და აგრესიული რიტორიკაც კი შეწყდა, ამას აფასებენ"

"ახლა გაფრთხილებები აღარ სჭირდებათ, როცა ორი რეგიონია ოკუპირებული და ბაზები დგას, სააკაშვილმა თვითონვე თქვა ინტერვიუში, რომ მორჩა, პუტინმა სწორად იბრძოლა და საქართველოს აღარასდროს არ მიიღებენ არც ევროკავშირში, არც ნატოში.

"ის, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის არავითარ სახიფათო და მიუღებელ თამაშს არ თამაშობს და აგრესიული რიტორიკაც კი შეწყდა, ამას აფასებენ",- განაცხადა პეტრე მამრაძემ.

რას ამბობს ლავროვი

"დასავლეთს არასოდეს დაუმალავს, რომ სურს ჩვენს მეზობლებს რუსეთთან თანამშრომლობისგან მიღებული სარგებელი დააკარგვინოს და აიძულოს, გადაიხადონ იმ ავანტიურის საფასური, რომელსაც დასავლეთი ყოველთვის ამზადებდა და დღემდე ამზადებს - კერძოდ, რუსეთის დასუსტებისა და, უკეთეს შემთხვევაში, მისი დაშლის მიზნით", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან.

ამ კონტექსტში მან უკრაინაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპა არ დაუჭერს მხარს კონფლიქტის არანაირ დარეგულირებას, რომელიც რაიმე ფორმით მისი კონტროლიდან გამოიყვანს „ზელენსკის ნაცისტურ რეჟიმს", ან იმას, ვინც, შესაძლოა, ის მომავალში ჩაანაცვლოს.

„და საქართველო - იყო იგივე მცდელობა, საქართველოს რუსეთისგან ჩამოშორების სრულიად აშკარა და ღია მცდელობა. იქ ჩავიდა კონდოლიზა რაისი (იმ დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი), ასევე შეერთებული შტატების სხვა წარმომადგენლებიც.

სამხრეთ ოსეთში ომამდე ცოტა ხნით ადრე, 2008 წლის აპრილში, ბუქარესტში გაიმართა რუსეთ-ნატო-ს სამიტი. იქვე, ცალკე გამართულ ნატო-ს სამიტზე, მიიღეს გადაწყვეტილება : უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან. როდესაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთ-ნატო-ს შეხვედრაზე იკითხა: „რატომ გააკეთეთ ეს?" - ბუნდოვანი ახსნა-განმარტებები გაკეთდა. სრულიად ნათელია, რომ ამის შემდეგ ბატონ მიხეილ სააკაშვილის, როგორც ჩვენში იტყვიან, „გონება დაებინდა". მან გადაწყვიტა, რომ ყველაფერი ნებადართული იყო, რადგან საქართველო ნატო-ს წევრი გახდებოდა და მან დაამტკიცა სამხრეთ ოსეთში აგრესია, მათ შორის რუს სამშვიდობოებზე თავდასხმა და, რა თქმა უნდა, მრავალრიცხოვანი მსხვერპლი, რომელიც ამ აგრესიას მშვიდობიან მოსახლეობაში მოჰყვა", - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, შეიქმნა ევროკავშირის სპეციალური კომისიაც, რომელმაც დაადასტურა, რომ ეს "ომი სწორედ სააკაშვილმა დაიწყო".

„თუმცა ყველა დანარჩენისთვის, ვინც დღემდე გვადანაშაულებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „ოკუპაციაში", ეს თითქოს არაფერს ნიშნავს", - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, ევროპელების აზრით, „სამხრეთ ოსეთზე" თავდასხმა არ მომხდარა და რუსეთმა უბრალოდ საქართველოს ნაწილის, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის" ოკუპაცია მოახდინა და „ისინი დღემდე აქედან გამოდიან".

მისი მტკიცებით, ნებისმიერი აგრარული ქვეყანა, რომელიც ევროკავშირს გაფართოების მეორე ან მესამე ტალღის დროს შეუერთდა, საკუთარ სოფლის მეურნეობას კარგავდა, რადგან ევროკავშირში არსებობენ „წამყვანი ქვეყნები", რომლებსაც აქვთ საკუთარი სოფლის მეურნეობა, საკუთარი ინტერესები და ჰყავთ საკუთარი ფერმერები.

"ამჟამად საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 70% მოდის რუსეთსა და დსთ-ის სხვა ქვეყნებზე. ასევე საკმაოდ დიდი წილი მოდის ჩინეთსა და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობაზე. ამიტომ, თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას გადაწყვეტს, ყველაფერი ეს სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუ გავითვალისწინებთ, რა მოთხოვნებს უყენებს ბრიუსელი ახალ წევრებს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ მოთხოვნებზე, როგორიცაა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთება, ევროკომისიის ყველა საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილებისა და ქმედების აღიარება და სხვა.

"მიმაჩნია, რომ ახლა საქართველოში პრაგმატიკოსები არიან, როგორც უკვე აღვნიშნე, და, დიდწილად, ჩვენი ურთიერთობები რეგულარულად გრძელდება. რუს ტურისტებს უყვართ იქ ჩასვლა და ქართული ბუნებითა და ქართული სტუმართმოყვარეობით ტკბობა", - აღნიშნა ლავროვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×