მარიამ ვეკუა
06.06.2026

ვოლოდიმირ ზელენსკის მოულოდნელი მცდელობა - ღია წერილითა და მკვეთრი რიტორიკით ეიძულებინა ვლადიმირ პუტინი პირისპირ მოლაპარაკებებზე დათანხმებულიყო, კრემლის დემონსტრაციულ უარს შეეჯახა და კიდევ ერთხელ გამოაჩინა მხარეებს შორის არსებული უფსკრული. სანამ თეთრი სახლი ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში დიალოგის განახლების იმედს ინარჩუნებს, მოსკოვი გრძელვადიან კაპიტულაციას ითხოვს, კიევი კი პუტინის პოლიტიკურ უუნარობაზე მიანიშნებს.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ის ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის აზრს ვერ ხედავს. უკრაინის ლიდერმა რუს კოლეგას პირისპირ მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. ზელენსკიმ ღია წერილი ხუთშაბათს გაავრცელა, სადაც პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებებს ითხოვს. უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ „ლოდინი უბრალოდ არასწორია", თუ როდის მოექცევა აშშ-ის ყურადღების ცენტრში 2022 წელს რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციით დაწყებული ომი.

პუტინმა წერილს „უცერემონიო" უწოდა და შეხვედრის მოთხოვნა უარყო.

„ამ ეტაპზე ამის აზრს ვერ ვხედავ", - განაცხადა პუტინმა პარასკევს, სანქტ-პეტერბურგის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, როდესაც ზელენსკის შეთავაზების შესახებ ჰკითხეს.

„ეს პირისპირ შეხვედრისთვის პირობების შექმნის მცდელობა იყო თუ პირიქით, მისი ჩაშლის? ვფიქრობ, უფრო მეორე", - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის ამ პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი „კვლავ ომის გზას ირჩევს".

„მას უბრალოდ არ სურს ომის დასრულება. ვფიქრობ, ამ პასუხით ბევრი იმედგაცრუებული დარჩა", - დაწერა ზელენსკიმ „ტელეგრამის" არხზე.

  • ვლადიმირ პუტინი: „ეს პირისპირ შეხვედრისთვის პირობების შექმნის მცდელობა იყო თუ პირიქით, მისი ჩაშლის? ვფიქრობ, უფრო მეორე".

ზელენსკის წერილზე საუბრისას, პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ ცეცხლის შეწყვეტა უკრაინას მხოლოდ ძალების გადაჯგუფების საშუალებას მისცემს, მაშინ, როცა კიევის მხრიდან მოსკოვის მოთხოვნები კვლავ შეუსრულებელია.

„ერთადერთი მიზანი (უკრაინული მხარისთვის) ჩვენი შეიარაღებული ძალების წინსვლის შეჩერებაა. თუმცა ჩვენ გვჭირდება შეთანხმება არა ექვსი ან სამი თვით, არამედ გრძელვადიანი პერსპექტივით", - განაცხადა პუტინმა და დაამატა: „მიეცით ექსპერტებს მუშაობისა და გადაწყვეტილებების შემუშავების საშუალება, რის შემდეგაც შეგვიძლია შევხვდეთ".

პუტინის თქმით, ის ომს მხოლოდ მას შემდეგ დაასრულებს, რაც რუსეთი დასახულ მიზნებს მიაღწევს: „როგორც ვვარაუდობთ, სამხედრო მოქმედებები ოდესღაც დასრულდება. ეჭვგარეშეა, ისინი დასრულდება მას შემდეგ, რაც მივაღწევთ ჩვენ დასახულ მიზნებს".

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: „მას უბრალოდ არ სურს ომის დასრულება. ვფიქრობ, ამ პასუხით ბევრი იმედგაცრუებული დარჩა".

მოსკოვის მოთხოვნა უცვლელია - უკრაინამ გაიყვანოს ჯარები დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან, ასევე ნატო-ში გაწევრიანების მცდელობებზეც უარი უნდა თქვას.

თავის მხრივ, კიევი ნებისმიერი ტერიტორიის დათმობაზე უარს აცხადებს და მიიჩნევს, რომ მოსკოვთან კომპრომისზე წასვლა რუსეთს მომავალში ახალი აგრესიისკენ უბიძგებს. უკრაინული მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენცია ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიიდან რვა წლის შემდეგ დაიწყო.

ზელენსკიმ თავის წერილში აღნიშნა, რომ „ხელისუფლებაში ყოფნის 26 წლის შემდეგ, ასაკი (პუტინს) თავის კვალს ატყობს". ამასთანავე, მან ყურადღება რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის ბოლო დროინდელ დარტყმებზე გაამახვილა - მათ შორის ხუთშაბათს სანქტ-პეტერბურგზე განხორციელებულ იერიშზე, რასაც უკრაინის პრეზიდენტმა „სტუმრობა" უწოდა.

პუტინის განცხადებით, წერილი „საკმაოდ უხეშ შენიშვნებს" შეიცავდა.

მიუხედავად ამისა, ზელენსკის წერილის შინაარსმა გარკვეულ წრეებში, მათ შორის თეთრ სახლში, მშვიდობის დამყარების იმედი გააჩინა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ორ ლიდერს შორის შეხვედრის გამართვა „შესანიშნავი იქნებოდა".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×