
ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით, 11 ივნისს ბრიუსელში საქართველოს მხარესა და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება. ეს, ხანგრძლივი პაუზის შემდგე, „ოცნების" ხელისუფლებისა და ევროკომისიის წარმომადგენლებ შორის პირველი პირისპირე შეხვედრა იქნება და წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა უვიზო მიმოსვლაა. ანალიტიკოსების პოზიცია ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია, თუმცა, ყველა თანხმდება, რომ თავად ევროკავშირის რეგულაციებიდან გამომდინარე, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისთვის რაიმე გამოკვეთილი სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.
ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა. 5 ივნისს მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 11 ივნისს ევროკავშირი საქართველოსთან სავიზო დიალოგს გამართავს, რომელზეც „საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების საკითხს განიხილავენ".
- თორნიკე შარაშენიძე: არ ღირს ამაზე უძილო ღამეების თენება. ვიზალიბერალიზაცია ხომ მოიცავს რაღაც თემებს - უკანონო მიგრაციას და ა.შ. რეალურად ამაზე იქნება ძირითადად აქცენტი".
დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია 6 ივნისს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა:
„ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით, 11 ივნისს ქ. ბრიუსელში საქართველოს მხარესა და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორის ხელმძღვანელობით", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
„შარშან თუ არ გააჩერეს, წელს რატომ უნდა გააჩერონ?!"
საგარეო პოლიტიკის ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ ამ შეხვედრაში უჩვეულო არაფერია, ხოლო ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ნაკლებადაა მოსალოდნელი.
„სხვათა შორის, შარშან მსგავს შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის წევრები მიწვეული არ იყვნენ, ხოლო წელს მიწვეული არიან. შარშან გაცილებით უარესი და დაძაბული იყო ბრიუსელსა და ოფიციალურ თბილისს შორის ურთიერთობა. მადლობა ღმერთს, წელს ასეთი დაძაბული არ არის და შარშან თუ არ გააჩერეს უვიზო მიმოსვლა, წელს რატომ უნდა გააჩერონ?!
- ზაალ ანჯაფარიძე: „თუ ევროკავშირი გონიერებას გამოიჩენს, ამაზე არ უნდა წავიდეს, რადგან შეიძლება ამან ბუმერანგის ეფექტი გამოიწვიოს."
ასე რომ, არ ღირს ამაზე უძილო ღამეების თენება. ვიზალიბერალიზაცია ხომ მოიცავს რაღაც თემებს - უკანონო მიგრაციას და ა.შ. ამის კონტროლი სულ ხდება და ის დაიწყო ჯერ კიდევ მანამ, სანამ მივიღებდით ვიზალიბერალიზაციას. რეალურად ამაზე იქნება ძირითადად აქცენტი", - განაცხადა შარაშენიძემ „პალიტრანიუსის" ეთერში.
„გააჩნია ევროკავშირი რა მიდგომებს აირჩევს..."
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ვარაუდობს, რომ 11 ივნისის შეხვედრაზე მთავარი საკითხი უვიზო რეჟიმი იქნება. მისი აზრით, თუ ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა გააუქმა, ამას ქვეყანაში პროტესტის ახალი ტალღა მოყვება, მაგრამ ეს მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცვლილებებს არ გამოიწვევს.
„უპირველეს ყოვლისა ვიტყოდი, რომ ბოლო წლების მანძილზე პირველი ოფიციალური შეხვედრაა საქართველოსა და ევროკომისიას შორის. აქამდე, მოგეხსენებათ, ევროკომისია ასეთი ტიპის შეხვედრებისგან თავს იკავებდა იმ მოვლენების საპასუხოდ, რაც საქართველოში მოხდა.
რაც შეეხება განსახილველ საკითხებს, ერთ-ერთი სავარაუდო თემა სავიზო რეჟიმი იქნება. საკითხით, რომელზედაც მისი ბიუროკრატია დღემდე ცდილობს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გავლენა მოახდინოს უვიზო მიმოსვლის გაუქმების მუქარით, თუ გაფრთხილებით.
ალბათ, ამასთან ერთად სხვა საკითხებსაც განიხილავენ, მათ შორის ქვეყანაში არსებულ ვითარებას და იმ თემებს, რაც ტრადიციულად, ევროკავშირში საქართველოსთან მიმართებაში აქვთ ხოლმე. თუნდაც ისინი, რაც ევროკავშირის რეზოლუციებში ასახულია, ასევე ევროკომისიის მაღალი რანგის წარმომადგენლების განცხადებები, რაც უკავშირდება არჩევნებს, დემოკრატიის ხარისხს და ა.შ. ჩემი აზრით, მთავარი მაინც უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული საკითხი იქნება.
- დავით ზურაბიშვილი: „უვიზო რეჟიმის შეჩერება მტკივნეულად დაარტყამს საქართველოს ათიათასობით და შეიძლება ასიათასობით მოქალაქეს, ხოლო „ოცნების" ჩინოვნიკებს ოდნავ დისკომფორტსაც არ შეუქმნის."
რთულია იმის პროგნოზი, გააუქმებენ თუ არა უვიზო მიმოსვლას, გააჩნია თავად ევროკავშირში რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამის თაობაზე. რამდენადაც მე ვიცი, საქართველოს კრიტიკულად არ დაურღვევია მიგრაციის წესები, რაც უვიზო რეჟიმის მიღება/შენარჩუნებას ეხება. ანუ აქედან წასული მოქალქეები, რომლებიც იქ ცდილობენ უკანონოდ მოახდინონ ლეგალიზაცია, კრიტიკულად მაღალი არ არის სხვა ქვეყნებთან შედარებით. თუმცა რა თქმა უნდა, ამ მხრივ გარკვეული შეშფოთებები არსებობს.
გააჩნია ევროკავშირი რა მიდგომებს აირჩევს. თუ ის გადაწყვეტს ეს ბერკეტი გამოიყენოს იმისათვის, რომ საქართველოში სიტუაცია კიდევ ერთხელ დაძაბოს და ხელისუფლებას პოზიციები შეუსუსტოს, რასაც ადგილობრივი ოპოზიციური აქტორები ითხოვენ, ამაზე წავა. თუ უფრო გონიერებას გამოიჩენს, ამაზე არ უნდა წავიდეს, რადგან შეიძლება ამან ბუმერანგის ეფექტი გამოიწვიოს.
თუ ევროკავშირმა უვიზო რეჟიმის გაუქმება გადაწყვიტა, გასაგებია ალბათ, რომ ეს უკვალოდ არ ჩაივლის თვითონ ქვეყნის შიგნით. მათთვის, ვინც ევროპაში უვიზოდ დადის, ეს ერთგვარი სტიმული გახდება, რომ საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ. თუმცა იქნება თუ არა ეს აქცია იმ მასშტაბის, რომ ამას მოჰყვეს ის ცვლილებები, რაც სურთ ევროკავშირში გარკვეულ ძალებსა და ადგილობრივ ოპოზიციას, ამაში დარწმუნებული არ ვარ. მაინც მგონია, რომ არ იქნება იმ მასშტაბის მწვავე გამოსვლები, რომ ამას ხელისუფლების შეცვლა მოჰყვეს", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
„შეჩერება იქნება მცდარი ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან"
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ევროკავშირის მხრიდან არასწორი ნაბიჯი იქნება.
„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით ხელისუფლება შეწუხდება, ხოლო ხალხი ხელისუფლებაზე აღშფოთდება, ძალიან ცდება. პირიქით, ხელისუფლება ამ შემთხვევაში ამოქოქავს პროპაგანდას, რომ ბრიუსელი (იგივე დიფსთეითი, გლობალური ომის პარტია, მასონები, 25 ოლიგარქიული ოჯახი და ა. შ.) საქართველოს სჯის იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა არ დადის ევრობიუროკრატების ჭკუაზე და ხელმძღვანელობს საკუთარი ინტერესებით და ეს პროპაგანდა საკმაოდ დამაჯერებელიც იქნება არა მარტო მათი მომხრეებისთვის, არამედ ბევრი ჩამოუყალიბებელი და მოყოყმანე ქართველისთვისაც, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ წმინდა პოლიტიკურის, ანუ ხელისუფლების ანტიევროპული პოლიტიკის გარდა, სხვა არანაირი მიზეზი არ არსებობს უვიზო რეჟიმის შეჩერების. ხოლო სახელისუფლო პროპაგანდის სიმძლავრეებს თუ გავითვალისწინებთ, მათ არ გაუჭირდებათ ანტიევროპული რიტორიკა სუვერენიტეტის დაცვად გაასაღონ და ამ კონკრეტულ შემთხვევაში არცთუ წარუმატებლად.
მეორეს მხრივ, ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებს აქაურ ოპოზიციასაც. მათ მოუწევთ ან ევროკავშირის გადაწყვეტილების დაგმობა, რაც იქნება არაპირდაპირი დასტური იმისა, რომ ხელისუფლება ევრობიუროკრატიასთან მართალია, ან მოუწევთ „გააპრავონ" არაპოპულარული და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელი და მტკივნეული გადაწყვეტილება, აქედან გამომდინარე შედეგებით.
აღარაფერს ვამბობ იმ ადვილად პროგნოზირებად ფაქტზე, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება მტკივნეულად დაარტყამს საქართველოს ათიათასობით და შეიძლება ასიათასობით მოქალაქეს, ხოლო „ოცნების" ჩინოვნიკებს ოდნავ დისკომფორტსაც არ შეუქმნის.
დიახ, ქართველი ხალხი, რომელიც ბოლო წლების უპრეცედენტო ანტიევროპული პროპაგანდის მიუხედავად, მაინც ინარჩუნებს ევროინტეგრაციის მიმართ დადებით დამოკიდებულებას, აპროტესტებს ხელისუფლების პოლიტიკას და ყველა სოციოლოგიურ გამოკითხვაში ადასტურებს, რომ ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგულია, იმსახურებს იმას, რომ ხელისუფლების უგვანი პოლიტიკის მიუხედავად, მას ჰქონდეს ევროპაში თავისუფლად მიმოსვლის საშუალება. უფრო მეტიც: სანამ უვიზო რეჟიმი არსებობს, „ოცნების" ანტიევროპული რიტორიკა ვერასდროს იქნება ისეთი ქმედითი, როგორც ბიძინა ივანიშვილს და მის მომსახურე პერსონალს უნდა.
და ბოლოს: ყველაფერი, რაც ზემოთ ვთქვი, არის სრულიად ელემენტარული ამბავი და თუ ევროკავშირის ქვეყნები ზედაპირულად მაინც აზრზე არიან აქაური ვითარების, უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი არც კი უნდა დაისვას სერიოზულად და თუ აქამდე რომელიმე ოპოზიციონერი ან აქტივისტი არწმუნებდა ევროპელებს, უვიზოს შეჩერება ხალხის რისხვას მოიწევს „ოცნების" თავზე და ლამის ჩამოაქცევს ბიძინასო... აქ უნდა ეწეროს ძალიან ცუდი სიტყვები მათი მისამართით, მაგრამ თავს შევიკავებ", - წერს ზურაბიშვილი.