მარიამ ვეკუა
06.06.2026

ოპოზიციურ ალიანში შიდა დაპირისპირება კვლავ გრძელდება. გაერთიანების წევრები „ნაციონალურ მოძრაობას" იმას საყვედურობენ, რომ პარტია საერთოდ არ მონაწილეობს ალიანსის საქმიანობაში, ხოლო „ნაცმოძრაობაში" იმით არიან უკმაყოფილო, რომ „პატარა პარტიები" ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის როლის ნიველირებას ცდილობენ. შეძლებს თუ არა ალიანსი ერთიანობის შენარჩუნებას და ზოგადად, აქვს თუ არა აზრი ასეთი დაპირისპირების პირობებში ალიანსის ამ ფორმით არსებობას?

ამ ეტაპზე დაპირისპირებული მხარეები თავს იკავებენ რაიმე რადიკალური გადაწყვეტილებებისაგან და მათ განცხადებებში მაინც ერთიანობის შენარჩუნების სურვილი უფრო ჩანს.

ორი დღის წინ „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ „კოალიცია ცვლილებებისათვის" („ახალი") ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია გააკრიტიკა ენმ-ზე თავდასხმისთვის.

„არ მეგონა, რომ ნიკა გვარამიას მხრიდან ამგვარ თავდასხმას ვიხილავდი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე". ვფიქრობ, ეს განპირობებულია იმ შიდაპარტიული ტურბულენციით, რომელიც თავად „ახალშია". სწორედ ამ პერიპეტიებმა განაპირობა, რომ ამგვარი საჯარო განცხადება გააკეთა. ამას მივაწერ ასეთ განცხადებას, რომელიც ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო და ძალიან გაკვირვებული დამტოვა. რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", რადგან საუბარი იყო, რამდენად ქმედითუნარიანია თავად პარტია, მერწმუნეთ, ვინ-ვინ და მე გადასარევად მესმის, რა არის გასაკეთებელი „ნაციონალურ მოძრაობაში", რათა კიდევ უფრო ბრძოლისუნარიანი გახდეს პარტია", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

  • გვარამია „ნაცმოძრაობას": „იმედი მაქვს, ალიანსის საქმიანობაში რამე მონაწილეობას მაინც მიიღებთ, მიტინგზე გამოსასვლელად სცენასთან მოსვლის და სიტყვით გამოსვლის მოთხოვნის გარდა."

ამის საპასუხოდ გვარამიამ „ნაცმოძრაობა" „დისფუნქციურ ორგანიზმად" მოიხსენია და უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ენმ პრაქტიკულად არ მონაწილეობს ალიანსის აქტივობებში.

„მიხარია, თუ გესმის და დისფუნქციურ ორგანიზმს რეალურ მოქმედ გუნდად აქცევ. წარმატებას გისურვებ ამაში, მხოლოდ გამიხარდება, თუ ამის შესაძლებლობა მოგეცემა და ყველას და ყველაფრის გინებას მორჩება „ერთიან ნაციონალური მოძრაობა". იცი ამაზე ჩემი პოზიცია და არ გაგიკვირდება ჩემი კეთილი სურვილები.

ასევე, იმედი მაქვს, ალიანსის საქმიანობაში რამე მონაწილეობას მაინც მიიღებთ, მიტინგზე გამოსასვლელად სცენასთან მოსვლის და სიტყვით გამოსვლის მოთხოვნის გარდა. რამეს, ელემენტარულს მაინც. რაც შეეხება თამარ ბაღაშვილის კომენტარს მიშა სააკაშვილზე ჩემი თავდასხმის შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, სინამდვილეს არ შეესაბამება და სამწუხარო მოსასმენია", - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

ამის პარალელურად ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ ალიანსის ზოგიერთი ლიდერის განცხადებები და „ოცნების" მიერ წარმოებული კამპანია ერთმანეთს ემთხვევა.

  • ფრაზა - ლევან ბეჟაშვილი: „რეალურად მიმდინარეობს მცდელობა, რომ მიხეილ სააკაშვილის როლის ნიველირება მოახდინონ პატარა პარტიებმა

„სამწუხარო რეალობაა, როდესაც ასეთი პოლემიკა მიმდინარეობს პარტიებსა და ოპოზიციურ ლიდერებს შორის. როგორც ჩანს, წარსული ტრავმები მძიმეა. რეალურად მიმდინარეობს მცდელობა, რომ მიხეილ სააკაშვილის როლის ნიველირება მოახდინონ პატარა პარტიებმა. მეგობრებო, დააკვირდით თქვენს რიტორიკას, შეფასებებს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით და შეადარეთ „ქართული ოცნების" მიერ რამდენიმე თვის წინ წარმოებული კამპანია, ნახავთ, რომ იდენტურ თემაში ხარ. სამწუხაროდ, მათი ძალისხმევა არის უფრო „ნაციონალური მოძრაობისა" და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ვიდრე ამ ქვეყნის საერთო მოწინააღმდეგის - „ქართული ოცნების" წინააღმდეგ", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" ოპოზიციის ალიანსი დატოვოს.

„ყველაფერი შესაძლებელია. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ახლა ყველამ, მათ შორის „ნაცმოძრაობამ", სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც ალიანში არიან, დაივიწყონ ურთიერთწყენა, პასუხიმგებლობა უნდა აიღონ, შესაძლებელია გარკვეული საკითხების ისე განხილვა, რომ ეს არ მოხვდეს საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რადგან, საერთო ჯამში, ამით ოპოზიციური მოძრაობა ზარალდება.

  •  ნიკა ჩიტაძე: „შესაძლებელია გარკვეული საკითხების ისე განხილვა, რომ ეს არ მოხვდეს საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რადგან, საერთო ჯამში, ამით ოპოზიციური მოძრაობა ზარალდება."

„რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ალიანსის დატოვების საკითს, ორივე ვარიანტი განხილვა შეიძლება. თუ დატოვებს, თუ ისევ გახლეჩა მოხდა, ეს ოპოზიციურ სპექტრზე ნეგატიურად აისახება", - განაცხადა ჩიტაძემ.

კითხვაზე, ზოგადად აქვს თუ არა აზრი ასეთი კონფლიქტისა და აზრთა სხვადასხვაობის ფონზე, ოპოზიციური ალიანსის არსებობას და მასში „ნაცმოძრაობის" ყოფნას, გვპასუხობს:

„ვფიქრობ, რომ ოპოზიციური ალიანსის არსებობას მაინც აქვს აზრი. შესაძლოა, აზრთა სხვადასხვაობა არსებობდეს და ეს უნდა არსებობდეს კიდეც, რადგან ეს არის პოლიტიკური პლურალიზმი, რომელიც დემოკრატიის ერთ-ერთი ატრიბუტია. თუმცა აზრთა სხვადასხვაობა არ უნდა გადაიზარდოს პირად დაპირისპირებაში", - განაცხადა ჩიტაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×