ნატალია ჯვარიძე
08.06.2026

ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ლატვიის ეროვნულ შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების ცნობით, დრონი ბალტიის საჰაერო პატრულირების ნატო-ს მისიაში ჩართულმა ფრანგულმა გამანადგურებლებმა ჩამოაგდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონი ლატვიაში რუსეთის რადიოელექტრონული საბრძოლო სისტემების მოქმედების შედეგად შევიდა. ამასთან, დრონმა მოლდოვას საჰაერო სივრცეც დაარღვია. მისი ჩამოვარდნის ადგილას არსებული ნიშნები მიუთითებს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა.

სამხედრო და პოლიტიკური ანალიტიკოსები ამ ინციდენტს ძალიან სერიოზულ სიგნალად აფასებენ. მათი ანალიზი ძირითადად სამ მთავარ ასპექტს უკავშირდება: პირველი, ნატო-ს პოზიციის გამკაცრება და „წითელი ხაზები".

აქამდე ნატო-ს წევრი ქვეყნები მათ შორის პოლონეთი და რუმინეთი მაქსიმალურად არიდებდნენ თავს მათ საჰაერო სივრცეში შეფრენილი აპარატების ჩამოგდებას, რათა თავიდან აეცილებინათ კონფლიქტის პირდაპირი ესკალაცია რუსეთთან.

ანალიტიკოსების აზრით, ფრანგული გამანადგურებლების მიერ დრონის განადგურება აჩვენებს, რომ ალიანსმა შეცვალა ტაქტიკა და გადავიდა უფრო მკაცრ, პროაქტიულ საჰაერო თავდაცვაზე. ეს არის მკაფიო გზავნილი კრემლისთვის, რომ ნატო-ს საჰაერო სივრცის დარღვევას მყისიერი სამხედრო პასუხი მოჰყვება.

ამასთან, ექსპერტები შიდაპოლიტიკურ კრიზისზა და უსაფრთხოების წნეხზე საუბრობენ. მათი შეფასებით, ეს ნაბიჯი პირდაპირ კავშირშია ლატვიაში არსებულ დიდ პოლიტიკურ წნეხთან. მაისში მომხდარი მსგავსი ინციდენტების გამო, როდესაც თავდაცვის სისტემებმა ვერ შეძლეს დრონების დროული განადგურება, ლატვიაში სამთავრობო კოალიცია დაიშალა და თავდაცვის მინისტრი გადადგა.

შესაბამისად, დღევანდელი ოპერატიული რეაგირება და საჰაერო განგაშის გამოცხადება იყო იმის დემონსტრირება, რომ ლატვიის შეიარაღებულმა ძალებმა და ნატო-მ დასკვნები გამოიტანეს და უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გაამკაცრეს.

ასე რომ, ექსპერტები თანხმდებიან, ეს აღარ არის მხოლოდ „შეცდომით შეფრენილი დრონი" - ეს არის ღია დაპირისპირების ახალი ფაზა ბალტიისპირეთის ცაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×