
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მორიგი პოლიტიკური გამარჯვება მოიპოვა, რაც ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან მოვლენად შეფასდა. მიღებული შედეგი მის ხელისუფლებას მანდატის განმტკიცებისა და დაწყებული რეფორმების გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს.
ფაშინიანმა გამარჯვების შემდგომ ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრება დაანონსა, მისი თქმით, კრემლის მიერ მხარდაჭერილი მისი ოპონენტები" კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემის წარმომადგენლები არიან და მათ სომხეთში მოქმედების არეალი არ უნდა ჰქონდეთ".
კრემლის ფავორიტმა, „ძლიერი სომხეთის" ლიდერმა სამველ კარაპეტიანმა, არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა. მისი თქმით, "არჩევნები ჯერ არ დასრულებულა" და ფაშინიანი "მიზანს ვერ მიაღწევს". სომხეთის ოპოზიცია გამარჯვების შემთხვევაში სომეხ ხალხს "რადიკალურ ცვლილებებს" ჰპირდებოდა.
სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 005-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დაითვალა. არჩევნებში გამარჯვება ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ, „სამოქალაქო კონტრაქტმა", ხმების 49.825%-ით მოიპოვა. ახალ ეროვნულ ასამბლეას 105 დეპუტატი ეყოლება, მმართველ პარტიას 61 ადგილი ექნება და დამოუკიდებლად შეძლებს მთავრობის ჩამოყალიბებას. პრორუსი ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანის ბლოკი „ძლიერი სომხეთი" - 23.29%;
რობერტ ქოჩარიანის ბლოკი „სომხეთი" - 9.94%; გაგიკ ცარუკიანის პარტია „აყვავებული სომხეთი" - 4%. თუმცაღა, სხვადასხვა წყაროს ცნობით, მათ შორის "არმენპრესი" წერს, რომ ცარუკიანის პარტიამ 4%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.
არჩევნებს ორაზროვანი გამოხმაურება მოჰყვა კრემლიდან, პრესსპიკერი დიმიტრი პესოვი აცხადებს, რომ "მოსკოვი ყურადღებით აკვირდება სომხეთში არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა სიახლეს, მათ შორის მრავალრიცხოვან დარღვევებს".
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა სომხეთის საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება, მისი თქმით, "7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციაზე უპრეცედენტო ზეწოლისა და დასავლეთის, პირველ რიგში ევროკავშირის ჩარევის ფონზე ჩატარდა".
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, დაკავებულია ერევნის ყოფილი მერი და ყოფილი მინისტრი, გაგიკ ბეგლარიანი, რომელიც ბრალდებულია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ფულის გათეთრებაში.
საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, საგამოძიებო კომიტეტმა დააკავა ოპოზიციური პარტიის, "ძლიერი სომხეთის" დეპუტატობის ექვსი კანდიდატი. უსაფრთხოების სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა "ძლიერი სომხეთის" შტაბ-ბინასა და ადამიანის უფლებათა დამცველ კარაპეტ პოღოსიანის ბინაშიც.
დაკავებულია დეპუტატობის კანდიდატი ჰასმიკ საჰრადიანიც. ბრალდება რამდენიმე პირის მატერიალურ წახალისებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრებას უკავშირდება. სულ სომხეთში დაკავებულია ოპოზიციურ პარტიებთან და რუსეთთან დაკავშირებული 100-მდე პირი.
ბოლო თვეებში სომხეთში საარჩევნო კამპანია ფაქტიურად გეოპოლიტიკურ დაპირისპირებად იქცა - დასავლეთი ღიად უჭერს მხარს ფაშინიანის კურსს, ხოლო რუსეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და საინფორმაციო გავლენის ინსტრუმენტებს აქტიურად იყენებს. მოსკოვი წინააღმდეგობას რამდენიმე მიმართულებით ცდილობდა - ღიად დაემუქრა ერევანს, რომ ევროკავშირთან დაახლოებამ შესაძლოა ქვეყანა ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გარიყოს.
ბოლო კვირებში დაუწესა სხვადასხვა შეზღუდვა სომხური პროდუქციის ექსპორტზე, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და სასმელების სექტორში. რუსული მხარე ასევე საუბრობს ენერგეტიკული შეღავათების შესაძლო გაუქმებაზე.
ფაშინიანი გამარჯვების შემდეგ
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთის ხელისუფლების პრიორიტეტული ამოცანა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მოქალაქეების მოთხოვნის დაკმაყოფილება იქნება, რომ "კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემა სომხეთის რესპუბლიკიდან სრულად აღმოიფხვრას".
კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია თანამშრომლობა იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებმაც სომხეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ასევე გადალახეს პარლამენტში შესვლისთვის საჭირო ბარიერი, ფაშინიანმა უპასუხა :
„ჩემი პოზიცია და გეგმა არ შეცვლილა. ამ ძალების ლიდერებმა [„ძლიერი სომხეთის" ლიდერი სამველ კარაპეტიანი, „სომხეთის ალიანსის" ლიდერი რობერტ კოჩარიანი და პარტია „აყვავებული სომხეთის" თავმჯდომარეს გაგიკ ცარუკიანი] კანონის შესაბამისად უნდა აგონ პასუხი.
მათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ თქვენთვის ცნობილ საქმეებთან დაკავშირებით, ხოლო კრიმინალური ოლიგარქებისთვის ქონების ჩამორთმევა უნდა განხორციელდეს ძალიან სწრაფი ტემპებით - უკანონო ქონების კონფისკაციის მექანიზმით, სისხლის სამართლის საქმეებით, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის სისტემით.
"ჯამში, ეს ძალები პოლიტიკური ძალები არ არიან; ისინი კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემის წარმომადგენლები არიან და სომხეთში საქმიანობის არანაირი სივრცე არ უნდა ჰქონდეთ. ომის სამთავიანი ჯაშუშური პარტია სომხეთიდან უნდა აღმოიფხვრას. ეს არის ჩვენი ამოცანა პოლიტიკურ სფეროში", - აღნიშნა ფაშინიანმა.
ამბობს, რომ სომეხმა ხალხმს "სახელმწიფო დაიცვა, დაიცვა დამოუკიდებლობა, მომავლისთვის, მშვიდობისთვის და თავად სომხეთის რესპუბლიკისთვის. უნდა აღვნიშნო, რომ სამმხრივი ომის პარტია დამარცხდა. ხალხმა ნათლად გამოხატა თავისი ნება, რომ სამმხრივი ომის პარტია და მასთან დაკავშირებული კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემა უნდა აღმოიფხვრას სომხეთის რესპუბლიკიდან".
ფაშინიანი ამბობს, რომ სომხეთის ხელისუფლება დაინტერესებულია ევროკავშირი-საქართველო, აშშ-საქართველოს შორის "შერიგებით".
„დაინტერესებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით და ეს ჩვენი პოზიციაა. თუმცა გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობები საქართველოსთან განუწყვეტლივ განვითარდება, ეს ჩვენი მოძმე ქვეყანაა და ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს და ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ურთიერთობების განვითარებას", - აღნიშნა ფაშინიანმა.
გამოხმაურებები თბილისიდან
პრემიერი ირაკლი კობახიძე ფაშინიანს გამარჯვებას ულოცავს და მზადყოფნას გამოთქვამს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.
"გულწრფელად ვულოცავ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას. მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის, ჩვენი ერების საკეთილდღეოდ", - აღნიშნავს კობახიძე.
ფაშინიანს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც ულოცავს, მისი თქმით, მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობა, სტაბილურობა, რომელსაც "მარტო საქართველო ვერ უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია, მთლიანად რეგიონში ყველა იყოს მოწადინებული. ნიკოლ ფაშინიანის დაპირება სწორედ ეს იყო, სომხეთისთვის მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა".
- ნიკოლ ფაშინიანი: „დაინტერესებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით"
"ლელო"-ს საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ რუსეთი მთელს რეგიონში მარცხდება.
„რუსეთი მარცხდება მთელს რეგიონში და მალე დამარცხდება საქართველოშიც „ქართული ოცნების" სამარცხვინო პრორუსული რეჟიმის განდევნით. გუშინ გაიმარჯვა არა მხოლოდ დემოკრატიულმა სომხეთმა, არამედ დემოკრატიულმა საქართველომაც, რადგან ამ ორს ერთმანეთი სჭირდებათ სასიცოცხლოდ. სომხეთი, რუმინეთი, უნგრეთი, მოლდოვა - ყველა ეს მაგალითი აჩვენებს, რომ ხალხის დამთრგუნველ უპირატესობას ვერ მოერევა ვერაფერი",- ამბობს გეგელია.
ენმ-ს ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი კი ამბობს, რომ სომხეთს ჰქონდა ისეთივე მნიშვნელობის არჩევნები, რაც საქართველოში 2012 წელს იყო, თუმცა, "სომხეთმა შეცდომა არ დაუშვა".
"სომხეთს ჰქონდა ისეთივე მნიშვნელობის არჩევნები, როგორიც იყო 2012 წელს საქართველოში, როდესაც მოდერნიზაციის და დემოკრატიზაციის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ უნდა მიეცათ ხმა. ამ შემთხვევაში, სომხეთმა, როგორც იქაურმა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, სომხეთმა არ გადადგა ის ნაბიჯი, როგორიც საქართველომ და ეს შეცდომა არ დაუშვა და ხმა მისცა დემოკრატიზაციას", - განაცხადა ფავლენიშვილმა.
საერთაშორისო გამოხმაურებები
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
"2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციის სული, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობდით, ცოცხალი და ძლიერია. უაღრესად ვაფასებთ ჩვენს პარტნიორობას დემოკრატიულ სომხეთთან, რომელიც თანდათან უახლოვდება ევროპას. ჩვენ სომხეთის გვერდით ვდგავართ", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
ფაშინიანს გამარკვებას ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი ულოცავს.
"გილოცავთ, პრემიერ-მინისტრო ნიკოლ ფაშინიან, არჩევნებში ბრწყინვალე გამარჯვებას! სომხეთმა, მუქარისა და დაშინების მიუხედავად, საკუთარი დემოკრატიული გზა აირჩია. ლატვია მტკიცედ დგას თქვენს გვერდით და მხარს უჭერს სომხეთსა და ევროკავშირს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობებს", - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბიბს, რომ ფაშინიანმა დამაჯერებლად გაიმარჯვა.
„მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად გავაგრძელებ მუშაობას ჩვენი ხალხის სამსახურში ჩვენი თანამშრომლობის გასაძლიერებლად, მშვიდობისა და სომხეთის სუვერენიტეტის მხარდასაჭერად და ევროპასთან დაახლოების იმპულსის გასაძლიერებლად", - წერს მაკრონი.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი ამბობს, რომ ესაა ტესტი ევროკავშირისთვის და დროა სომხეთს რეალური მხარდაჭერა გაუწიოს ბლოკმა.
"ახლა ზუსტად ის დროა, რომ ევროკავშირმა რეალური მხარდაჭერა გაუწიოს სომხეთს და გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ხალხმა იგრძნოს, რომ მათი ცხოვრება უკეთესია ევროპასთან ურთიერთობის წყალობით. ეს არის ტესტი ევროკავშირისთვის. მნიშვნელოვანია, არ დაიკარგოს დრო და არ მოხდეს შესაძლებლობების ხელიდან გაშვება", - წერს ზელენსკი.
ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი წერს, რომ შეეცდება "რაც შეიძლება მალე" ჩავიდეს სომხეთში.
"ევროპის სოლიდარობა სომხეთის მიმართ უცვლელია. დღეს ჩვენ ასევე დავიწყებთ მუშაობას ევროკავშირ-სომხეთის ახალ სამუშაო ჯგუფში, რათა გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორობა", - წერს ევროკომისარი.