
უპილოტო სისტემების ძალების პირველი ცალკეული ცენტრის ოპერატორებმა, სპეციალური ოპერაციების ძალებთან და თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით, რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკში მდებარე „გრუშოვაიას" ნავთობგადამტვირთავ საცავზე დარტყმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„გრუშოვაიას" ნავთობსაწყობი, რომელიც „ჩერნომორტრანსნეფტს" ეკუთვნის, კავკასიაში ნავთობპროდუქტების შესანახ ერთ-ერთ უდიდეს ობიექტს წარმოადგენს. უკრაინული მედია წერს, რომ ობიექტი გამოიყენება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მისაღებად, შესანახად და გადასატვირთად, რომლებიც მაგისტრალური მილსადენებით შემოდის ზღვის საშუალებით შემდგომი ექსპორტის მიზნით.
კომპლექსის ფუნქციონირება მნიშვნელოვან შემოსავალს ქმნის რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტისთვის, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დასაფინანსებლად გამოიყენება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ობიექტზე ხანძარი დაფიქსირდა. ზარალის ოდენობა დგინდება. ექსპერტების შეფასებით, „გრუშოვაიას" საცავი უბრალოდ შიდა მოხმარების ბაზა არ არის.
უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებისა და ანალიტიკოსების მონაცემებით, ეს კომპლექსი აკონტროლებს რუსეთის საზღვაო ნავთობექსპორტის დაახლოებით 12%-ს. აქედან გამომდინარე, მასზე წარმატებული თავდასხმა პირდაპირ დარტყმას აყენებს კრემლის ბიუჯეტს, საიდანაც მოსკოვი ომის წარმოებას აფინანსებს.
სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ასეთი მასშტაბის ინფრასტრუქტურის დაზიანება იწვევს ჯაჭვურ რეაქციას - ფერხდება ნავთობის მიღება მაგისტრალური მილსადენებიდან, ირღვევა ტანკერების დატვირთვის გრაფიკი და იქმნება საცობები შიდა სისტემაში.
ადგილობრივი წყაროებისა და მონიტორინგის ჯგუფების მიხედვით, თავდასხმისას 50-ზე მეტი აფეთქების ხმა გაისმა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინამ გამოიყენა დრონების დიდი ჯგუფი საჰაერო თავდაცვის გადასატვირთად.
ექსპერტები ასევე ყურადღებას აქცევენ იმას, რომ პარალელურად დარტყმები განხორციელდა ვოლგოგრადის ოლქში მდებარე „კრასნი იარ"-ის სადგურზეც, რომელიც სწორედ ამ ნოვოროსიისკის ექსპორტის მიმართულებას კვებავს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინის გენშტაბი მიზანმიმართულად და სისტემურად უტევს მთლიან ნავთობ-ლოგისტიკურ ჯაჭვს. ექსპერტები თანხმდებიან, რომ უკრაინა წარმატებით აგრძელებს „გამოფიტვის სტრატეგიას".
კიევი პარტნიორებისგან მიღებული დასავლური იარაღის შეზღუდვებს საკუთარი, შორ მანძილზე მოქმედი უპილოტო აპარატების მასშტაბური წარმოებით აკომპენსირებს და რუსეთს სულ უფრო მეტ მტკივნეულ წერტილზე ურტყამს.