თამთა ჩაჩანიძე
08.06.2026

ახლო აღმოსავლეთში არსებული მყიფე სიმშვიდე 8 ივნისს დაირღვა - ისრაელმა და ირანმა ერთმანეთის წინააღმდეგ იერიშები განაახლეს, რაც აპრილში გაფორმებული დროებითი ზავის შემდეგ საომარი მოქმედებების ყველაზე მძიმე ესკალაციაა.

ისრაელის არმიამ ირანის დასავლეთსა და ცენტრალურ ნაწილში მდებარე სამხედრო ობიექტები, ასევე მაჰშარის ნავთობქიმიური კომპლექსი დაბომბა. საპასუხოდ, ირანმა ისრაელის მიმართულებით სარაკეტო შეტევები განახორციელა, თავდასხმებში ირანის მოკავშირე იემენელი "ჰუსიტებიც" ჩაერთნენ.

სამხედრო ოპერაციების განახლების ფონზე, რეგიონი კიდევ ერთხელ ფართომასშტაბიანი კონფლიქტის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რაც განსაკუთრებულად საყურადღებოა იმ დროს, როდესაც ვაშინგტონი და თეირანი დიპლომატიური გზით შეთანხმების მიღწევას ცდილობენ. ამ ფონზე, ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა დიპლომატიური ძალისხმევა ჩიხში შევიდეს.

ანალიტიკოსების შეფასებით, საბრძოლო მოქმედებების განახლება არა მხოლოდ მოლაპარაკებების პროცესს ართულებს, არამედ ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების გარემოს კიდევ უფრო არასტაბილურს ხდის.

ისრაელის განცხადებით, ირანზე დარტყმების განახლება პასუხია ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ ისრაელზე 7 ივნისს განხორციელებულ სარაკეტო შეტევაზე. თეირანმა კი განაცხადა, რომ ეს შეტევა იყო ისრაელის არმიის მიერ ლიბანში ჰეზბოლას ობიექტების მორიგ დაბომბვაზე პასუხი იყო.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელმა და ირანმა ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ. ტრამპმა ისრაელის პრემიერს ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით უკვე ორჯერ ესაუბრა, თუმცა საუბრის შინაარსი უცნობია.

"სი-ენ-ენ"-ის ინფორმაციით, ისრაელი მიიღებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნას ირანზე თავდასხმების შეჩერების შესახებ, თუმცა გააგრძელებს სამხრეთ ლიბანზე თავდასხმებს.

ერთ-ერთი წყაროს შეფასებით, სიტუაცია ძალიან მყიფეა იმის გათვალისწინებით, რომ ირანი კვლავ დაესხმება თავს ისრაელს, თუ ის გააგრძელებს ლიბანზე თავდასხმას.

ირანის სამხედრო ძალების თქმით კი, ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას "აჩერებს თუ მათი მხრიდან აგრესია და მტრული ქმედებები გაგრძელდება, გაცილებით მკაცრ და გამანადგურებელ ზომებს" მიიღებს.

მოსალოდნელი სცენარები

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" არ ელოდება, რომ სიტუაცია გამწვავდეს.

"ეს უფრო ლოკალური ომის ვარიანტია ისრაელსა და ირანს შორის და ნაკლებსავარაუდოა, რომ ეს ამერიკა-ირანს შორის დაპირისპირებამდე მივიდეს, რადგან მათ შორის საკმაოდ დაძაბული მოლაპარაკებები იყო. არ მგონია ისრაელის ნაბიჯი ტრამპთან შეთანხმებული ყოფილიყო.

  • ვახტანგ მაისაია: "ეს უფრო ლოკალური ომის ვარიანტია ისრაელსა და ირანს შორის და ნაკლებსავარაუდოა, რომ ეს ამერიკა-ირანს შორის დაპირისპირებამდე მივიდეს"

"აშშ ახლა სხვა დღის წესრიგზეა გადართული და თავად არ ჩაერთვება დაპირისპირებაში - სენატმა ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები შეუზღუდა. მეორეც, არ მგონია, რომ ამჯერად ტრამპი ისრაელს დაეხმაროს, რადგან დაპირისპირებების პირველი ფაზები მსოფლიო ეკონომიკას შეეხო და დამატებით ესკალაციაზე ჯერჯერობით არ წავა.

"შესაძლოა, ეს ლოკალური ესკალაციაც არ იყოს ხანგრძლივი და რამდენიმე დარტყმით შემოიფარგლოს. ეს რეგიონსაც არ შეეხება, ლოკალური მომენტია და ეს შეიძლება ერთჯერადი აქციის სახით იყოს.

"ამ ეტაპზე ჩანს, რომ აშშ ჯერჯერობით ირანის წინააღმდეგ მოქმედებებს არ განაახლებს, თუ მესამე ფაზას წამოიწყებს, ეს შეიძლება შემოდგომიდან იყოს. ახლა ზაფხულია, ტურისტული სეზონია, მოლაპარაკებებიც მიდის, თან აშშ-ს სენატისა და კონგრესის არჩევნებია მოახლოებული და ტრამპს არ უნდა, რომ წააგოს.

"წინა ფაზებიდან გამომდინარე, მხარეებს მარაგების შევსება ესაჭიროება. აშშ-მ შესაძლოა შემოდგომისთვის განაახლოს სამხედრო პოტენციალი, თუმცა, გააჩნია შემოდგომითაც რა სიტუაცია იქნება",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ აშშ-ირანს შორის სიტუაცია გამწვავდეს.

"ვფიქრობ, ირანი დათმობაზე არ წავიდა, აშშ-ს მოთხოვნაა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონოდა. თუმცა, ამ ეტაპზე ირანი მაინც უარს აცხადებს და ამერიკულ ბაზებს შეუტია. მეორეს მხრივ კი, ისრაელმა განახორციელა დარტყმები.

არ გამოვრიცხავ აშშ-ირანს შორის ოფიციალურად ომი განახლდეს და მწვავე ფაზაში გადავიდეს - აშშ ირანის სამხედრო ობიექტების დაბომბვას გააგრძელებს, მეორეს მხრივ, აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე სამხედრო ბაზა აქვს და ეს ლოკაციები ირანის მხრიდან მოწყვლადი ხდება.

"ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს და შესაძლოა ეს ზეწოლის ერთ-ერთი ფორმაა. სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ იერიშები იმაზე მწვავე აღმოჩნდეს, ვიდრე წინა ფაზებში იყო. თითქოს აშშ დროს წელავდა, იქ კონგრესს ტრამპმა დამატებით 200 მილიარდი დოლარის გამოყოფა სთხოვა.

  • ნიკა ჩიტაძე: "შეიძლება კონფლიქტი გართულდეს, ოღონდ საუბარი არაა სახმელეთო ოპერაციებზე, შესაძლებელია საზღვაო ოპერაციები იყოს ჰორმუზის სრუტესთან ახლოს"

"არის საუბარი, რომ შეიძლება კონფლიქტი გართულდეს, ოღონდ საუბარი არაა სახმელეთო ოპერაციებზე, შესაძლებელია საზღვაო ოპერაციები იყოს ჰორმუზის სრუტესთან ახლოს",- განაცხადა ჩიტაძემ. 

აშშ-ირანის პოზიცია

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ესმაილ ბაღაი ისრაელსა და ირანს შორის სარაკეტო იერიშების განახლებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისრაელის ქმედებებზე პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს ეკისრება.

„აშშ-ს, როგორც 8 აპრილის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მხარეს, პასუხისმგებლობა ეკისრება. რაც არ უნდა მოხდეს რეგიონში, შეერთებული შტატების პირდაპირი პასუხისმგებლობა დადგენილია და ის ასევე იქნება პასუხისმგებელი ნებისმიერი ესკალაციის შედეგებზე", - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების მიზანი იყო ირანის წინააღმდეგ ომის დასრულება და ლიბანში კონფლიქტის დასრულება.

„მოლაპარაკებების მიზანი იყო ირანის წინააღმდეგ ომის დასრულება და ჩვენ ასევე განვიხილეთ ლიბანში კონფლიქტის დასრულება ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში", - განაცხადა ბაღაიმ და დასძინა, რომ ამ წინაპირობისთვის ძირის გამოთხრა დიპლომატიურ პროცესზე აუცილებლად იმოქმედებს.

ამასთან, მისი თქმით, ირანსა და აშშ-ს შორის შეტყობინებების გაცვლა არ შეწყვეტილა.

ბაღაის განმარტებით, ორი დღის წინ პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრის, მოჰსინ ნაქვის თეირანში ჩასვლის ერთ-ერთი მიზეზი „მოლაპარაკებების გაგრძელებასა და მედიაციასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების ხელშეწყობა იყო".

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წერს, რომ ისრაელმა და ირანმა სროლა უნდა შეწყვიტონ.

„ისრაელმა და ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ „სროლა", - წერს ტრამპი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×