
უძრავი ქონების ბაზარზე დიდი გამსხვილების პროცესი დაიწყო. ამის მთავარი განმაპირობებეი ფაქტორი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაა. განსაკუთრებით ეს ეხება არაბული ქვეყნების საინვესტიციო კაპიტალს, რაც ბოლო წლების განმავლობაში მზარდი ტენდენციით ხასიათდება. სექტორში აცხადებენ, რომ მოსალოდნელია მსხვილი საერთაშორისო კომპანიების შემოსვლა საქართველოში, შესაბამისად, ქართული კომპანიები ეძებენ რესურსს კონკურენციის გასაწევად, ხოლო გამსხვილების პროცესი ამ მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
სპეციალისტების შეფასებით, მიმდინარე ცვლილებები გარკვეულ გავლენას ფასზეც მოახდენს და უძრავი ქონების ღირებულებას დაახლოებით 10%-ით გააძვირებს. ამის გარდა, ბაზარზე რაიმე არსებით ცვლილებას ნაკლებად ელოდებიან.
საინვესტიციო კომპანია "ჯორჯია კაპიტალის" ცნობით, 2026 წლის 5 ივნისს კომპანიამ თავის პორტფელში შემავალი დეველოპერული კომპანია "ემ კვადრატი" გაასხვისა. შპს "მ2 ჯგუფის" ახალი მფლობელი 2026 წლის 23 აპრილს რეგისტრირებული კომპანია შპს "თრასთ ჰოლდინგი" გახდა. მისი მფლობელები კი, თავის მხრივ, ლაშა კვაჭაძე (70%) და დიმიტრი ადამია (30%, კომპანიის დირექტორი) არიან.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, მხარეებმა წილის ნასყიდობასთან დაკავშირებული ჩარჩო ხელშეკრულება მიმდინარე წლის 5 მაისს გააფორმეს და მის ძირითად პირობებზე კონფიდენციალურობა შეათანხმეს, შესაბამისად, აღნიშნული გარიგების ღირებულება კომერციულ საიდუმლოდ რჩება.
დიმიტრი ადამია წილებს ფლობს სხვადასხვა დეველოპერულ კომპანიაში, მათ შორის დეველოპერული კომპანია "არქის" რამდენიმე პროექტში (ვარკეთილი, თამარაშვილი, გურამიშვილი და სხვა). დეველოპერულ ბიზნესებში წილებს ლაშა კვაჭაძეც ფლობს, მათ შორის დეველოპერულ კომპანია "ბლოქსიში".
Georgia Capital-ის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯი საინვესტიციო კომპანიის ფართო სტრატეგიის ნაწილია, რაც არაპროფილური კომპანიების პორტფელიდან გასვლას გულისხმობს.
დეველოპერული და სამშენებლო კომპანია "არქის" დირექტორის შიო ხეცურიანმას შეფასებით, "ემ კვადრატის" გაყიდვით უძრავი ქონების ბაზარზე სიტუაცია არ შეიცვლება.
"კომპანია გაიყიდა, თუმცა საქმიანობას აგრძელებს. ბოლო წლების განმავლობაში უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურად ვითარდება, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სექტორით, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორები ინტერესდებიან. თუ სტატისტიკას დავაკვირდებით, უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა მზარდია. შესაბამისად, როდესაც მოთხოვნა იზრდება და ინვესტიციის უკუგება ინვესტორების მოლოდინს შეესაბამება სექტორის მიმართ ინტერესი ლოგიკურია", - განაცხადა "არქის" დირექტორმა.
რაც შეეხება სამშენებლო კომპანიების გამსხვილების პროცესს, "მწვანე ინვესტიციების” დამფუძნებელი გივი კორინთელი ფიქრობს, რომ ბევრი ტრანფორმაციაა მოსალოდნელი ბაზარზე და საბანკო სექტორიც უფრო ინტენსიურად ჩაერთვება პროცესში.
,,ბევრი უცხოური კომპანია შემოდის საქართველოში, შესაბამისად, ქართული კომპანიები კონკურენციაში უნდა შევიდნენ. ამის გამო რესურსის მობილიზება სჭირდებათ. კონკურენცია უნდა გაუწიონ უცხოურ ბრენდებს, ამიტომ მიმდინარეობს გამსხვილების პროცესი. საინტერესო სიახლეებია მოსალოდნელი. ასე ზედაპირულად არ ჩანს, მაგრამ უცხოური კაპიტალის შემოედინება ინტენსიურ ხასიათს მიიღებს. ცხადია, ყველა დიდი კომპანია ფიქრობს გამსხვილებაზე, რომ კონკურენციის გასაწევად მზად იყოს.
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ,,იგლ ჰილსს“ შემოყვება სხვა კომპანიებიც, არა მხოლოდ არაბები, სხვა ქვეყნებიდანაც, მათ შორის ყაზახური ინვესტიციების მოცულობაც მოიმატებს. საბოლოოდ ეს გამოიწვევს ფასის ზრდას და რაღაც კონკრეტულ ნიშნულამდე მივა 2027 წლის ბოლომდე, უძრავო ქონება დაახლოებით 10%-ით გაძვირდება“, - აღნიშნა კორინთელმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.
არსებობს საპირიპირო მოსაზრებაც. სექტორში ღიად აცხადებენ, რომ კომპანიების მდგომარეობა ბოლო წლების განმავლობაში სერიოზულად დამძიმდა სამშენებლო რეგულაციების და სხვა მიზეზის გამო. ამის გამო განსაკუთრებით მცირე და საშუალო კომპანიებს უჭირთ. კომპანია „ემ-ქეი დეველოპმენტ გრუპის“ დამფუძნებელი მალხაზ კუნელაური პრობლემის ერთ-ერთ მიზეზად არაჯანსაღ კონკურენციას მიიჩნევს.
,,ბევრ კომპანიას გაუჭირდა, რისი მიზეზი ც წლების განმავლობაში მიღებული სხვადასხვა სამშენებლო რეგულაციები და საბანკო შეზღუდვებია. კომპანიები, რომლებსაც ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდათ, საქმიანობის გაგრძელება გაუჭირდათ, სხვები კი უფრო მეტად გაიზარდნენ. ვფიქრობ, გამსხვილების პროცესის დაწყებულია.
"ემ კვადრატის" გაყიდვა რაიმე განსაკუთრებული პროცესის მომასწავებელი არ არის. ჩვეულებრივი ბიზნესგარიგებაა, სადაც ერთმა სამშენებლო ჯგუფმა გადაწყვიტა გაფართოება, მაგრამ რამ გამოიწვია, რატომ გაიყიდა კომპანია, ამაზე პასუხი არ გვაქვს. არსებობს ბევრი სხვადასხვა გარემოება, სადაც საზოგადოებას კითხვები უჩნდება. წესით, ეს უნდა იყოს თავისუფალ ნებაზე დამყარებული ღია გარიგება, მაგრამ იმის უკან რა პირობაა, რა სარგებელი მიიღო კომპანიამ, ფინანსური თუ კიდევ სხვა, ამას არავინ განმარტავს და შესაბამსიად, არ ვფლობ ინფორმაციას“, - უთხრა მალხაზ კუნელაურმა ,,ბიზნეს-რეზონანსს“.
რაც შეეხება ბაზრის კონკურენტუნარიანობას, „ემ-ქეი დეველოპმენტ გრუპის“ დამფუძნებელი შერჩებითი სამართლისა და ბიუროკრატიულ ხარვეზზეც საუბრობს, რაც კომპანიებს განვითარების შესაძლებლობას უსპობს.
,,სამშენებლო ბაზარი, რაღაც ფორმით, ხელისუფლების ნებაზე დამოკიდებული სფერო გახდა. ეს ჩანს სამშენებლო პროექტებშიც, სადაც შერჩევითი წესებია, პრივილეგირებული მიდგომით ხელმძღვანელობენ. უმეტესად, განვითარებას აღწევენ ისინი, რომლებიც ,,რაღაც ვალში“ არიან ხელისუფლებასთან, მაგრამ რა ვალია, რის სანაცვლოდ მიიწევენ წინ, ეს არ ვიცით. რამდენიმე კომპანიაა, რომელიც გარკვეული უპირატესობით სარგებლობს, მაგრამ ძალიან ბევრი ბიუროკრატიას ვერ ლახავს. დაახლოებით ასეთი დამოკიდებულებაა - "მოგცემ მშენებლობის ნებართვას, თუ შენ ამას დაიმსახურებ“. სამწუხაროდ ასეა, ამიტომ ბევრი დეტალი გაურკვეველია. ეს შემიძლია ვთქვა "ემ კვადრატთან" დაკავშირებითაც, ბევრი გაურკვევლობა და კითხვის ნიშანია“, - განაცხადა კუნელაურმა ჩვენთან საუბრისას.