
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარე ალენ სიმონიანს სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს - „გულითადად ვულოცავ ჩემს მეგობარს და სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარეს, ალენ სიმონიანს, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას.
მოძმე სომეხ ხალხს ვუსურვებ წარმატებას, მშვიდობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას. ჩვენს პარლამენტებს შორის ურთიერთობა დინამიური, მეგობრული და პროდუქტიულია. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ კავშირების განვითარებას ჩვენი მოძმე ერების მომავლის სახელით"- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცვლილებები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, პარლამენტში აკრედიტაციის სისტემაში ცვლილებები შედის. პაპუაშვილის განმარტებით, ცვლილებები ეხება როგორც ცალკეულ ჟურნალისტებს, ასევე მთლიანად მედია საშუალებებს.
ცვლილების თანახმად, პარლამენტის აკრედიტაციის წესების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ცალკეულ ჟურნალისტებს აკრედიტაცია 1 წლამდე ვადით შეუჩერდებათ, ასევე დარღვევის სიმძიმის და სიხშირის გათვალისწინებით შესაძლებელი იქნება, რომ აკრედიტაცია ერთ წლამდე ვადით გაუუქმდეს მთლიანად მედიასაშუალებას.
„როგორც იცით, თავის დროზე, ევროპარლამენტის მიერ მიღებული გარკვეული გადაწყვეტილებების დროს, მე ვთქვი კიდევაც, რომ ჩვენ შევისწავლიდით ევროპარლამენტში არსებულ აკრედიტაციის სისტემას და იყო რაღაც გარკვეული საკითხები, რომლებიც საინტერესო იყო, რომ გადმოგვეღო საქართველოს პარლამენტში და ამ მხრივ დაგვეახლოებინა საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემა ევროპულ სისტემასთან, ასე რომ, დღეს აკრედიტაციის სისტემაში შევა გარკვეული ცვლილებები ჩემს ბრძანებაში.
იცით, რომ საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევისთვის მხოლოდ ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოიყენებოდა სანქცია 1 თვე ან 6 თვე. ვნახეთ ჩვენ, რომ ევროპარლამენტში არა მხოლოდ ჟურნალისტის, არამედ მედიის მიმართაც შესაძლებელია სანქციის გამოყენება, ამიტომ ჩვენ დავაახლოებთ საქართველოს აკრედიტაციის სისტემას ევროპულ სისტემასთან და აქაც დარღვევის სიმძიმის და სიხშირის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება, რომ გაუუქმდეს მთლიანად მედიას აკრედიტაცია ერთ წლამდე ვადით.
არსებითად ეს ორი საკითხია, რომელიც ჩვენ ვნახეთ ევროპარლამენტის გამოცდილებით და რა თქმა უნდა, გვაქვს სურვილი, რომ გადმოვიღოთ ეს გამოცდილება და პარლამენტის აკრედიტაციის სისტემა, ერთი მხრივ, დაახლოვდება, მაგრამ მაინც უფრო დახვეწილი იქნება, ვიდრე ეს ევროპარლამენტის აკრედიტაციის სისტემაა.
მესამე საკითხი, რაც ჩვენ ვიხილეთ ევროპარლამენტის ბოლო ინციდენტის დროს, იყო მითითება, რომ წინასწარი თანხმობა არ ჰქონდა აღებული ჟურნალისტს ინტერვიუსთვის, ჩვენ წინასწარი თანხმობის საჭიროება არ გვაქვს დღემდე და ამ მხრივ ამას არ გადმოვიღებთ ევროპარლამენტისგან, რომ იყოს წინასწარი თანხმობა საჭირო პარლამენტის წევრისგან, რომ მასთან დაიწყოს ინტერვიუ, ამიტომ ევროპარლამენტის ამ მკაცრ მიდგომას ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემაში არ გადმოვიღებთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ვიზალიბერალიზაცია
11 ივნისს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით „ტექნიკური ხასიათის შეხვედრა გაიმართება და არა პოლიტიკური ხასიათის". პაპუაშვილი ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააკომპლექტა ჯგუფი, რომელიც შეხვედრაში მონაწილეობას მიღებს.
„წესებით გათვალისწინებული მექანიზმია, როდესაც ვალდებულება არის ჩატარდეს ასეთი ტექნიკური დონის შეხვედრა. შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააკომპლექტა ჯგუფი, რომელიც მიღებს მონაწილეობას. ეს ტექნიკური ხასიათის შეხვედრაა და არა პოლიტიკური ხასიათის. ჩვენ ვიხილეთ წინაპირობები, რაზეც იყო საუბარი. საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველო მიერთებოდა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
- 11 ივნისს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით „ტექნიკური ხასიათის შეხვედრა გაიმართება და არა პოლიტიკური ხასიათის".
ამაზე ჩვენ ვამბობთ, რომ არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყანა დავანგრიოთ და ომის საფრთხის წინაშე დავაყენოთ. მეორე მოთხოვნა იყო, რომ საქართველომ უარი თქვას მოთხოვნაზე, რომ უცხოელებმა გამჭვირვალედ დახარჯონ ფული. ევროკავშირს სურს, რომ კვლავ ფარულად ხდებოდეს დაფინანსება საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგისა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა ბრიუსელის მხრიდან. ჩვენ ვთქვით, რომ ეს შეუძლებელია ჩვენი სუვერენიტეტის პატივისცემიდან გამომდინარე.," - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ვიზალიბერალიზაცია, როგორც მარწყვი, ისეა წარმოდგენილი და გვთავაზობენ, სუვერენიტეტი მარწყვზე გავცვალოთ".