მარიამ ვეკუა
08.06.2026

რუსთაველის გამზირზე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად „მადლობის მარში" გაიმართა. მშობლების განცხადებით, ეს იყო ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლური მსვლელობა, რომელიც იმ ადამიანებს ეძღვნებათ, ვინც მათი მრავალთვიანი პროტესტის განმავლობაში გვერდით იდგა. მათი თქმით, სახელმწიფოს მიერ ორი აუცილებელი მედიკამენტის შემოტანაზე მიღებული გადაწყვეტილება ბრძოლის მნიშვნელოვანი შედეგია, თუმცა სხვა საჭირო პრეპარატების ხელმისაწვდომობის საკითხზე მუშაობა კვლავ გრძელდება.

რუსთაველის გამზირზე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი - „მადლობის მარში" ჩატარდა.

მარშის ორგანიზატორები და დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ ეს არის მადლობის, ერთიანობისა და გამარჯვების მარში და ამ შეკრებას ისინი იმ ადამიანებს უძღვნიან, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მშობლებს პროტესტის ფარგლებში გვერდით ედგა.

ორგანიზატორები ამბობენ იმასაც, რომ მარში ეძღვნება ილიაუნის სტუდენტებს, რომლებმაც მარათონი გამართეს და ბავშვებისთვის ფინანსების მობილიზება შეძლეს.

ორგანიზატორების განცხადებით, მრავალთვიანი ბრძოლის მთავარი მიზანი მიღწეულია - სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება ორი საჭირო მედიკამენტის შემოტანის შესახებ, რის შედეგადაც ყველა ბავშვი შეძლებს წამლის მიღებას. მათივე ცნობით, სხვა საჭირო მედიკამენტების შემოტანის საკითხზე მუშაობა კვლავ გრძელდება.

„გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა ადამიანს, ვინც გვერდით გვედგა ამ ბრძოლაში. შემოგვიერთდით და ერთად ვიზეიმოთ ბავშვების გამარჯვება", - აცხადებენ მარშის ორგანიზატორი მშობლები.

აქვე, შეგახსენებთ, რომ ეს მარში რუსთაველის მეტროსთან დაიწყო და სიმბოლურად კანცელარიასთან დასრულდება.

ცნობისთვის, მშობლებთან მოლაპარაკებების შემდეგ, მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მედიკემენტებით უზრუნველყოფის საკითხზე იმუშავებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×