ფასის კლება გარდაუვალია, მყიდველები უკვე ცდილობენ რაც შეიძლება ნაკლები გადაიხადონ
ირმა ჩიტაია
08.06.2026

საქართველოში ავტომანქანები ჭარბი რაოდენობით შემოდის. მიზეზი 2 აპრილს ამოქმედებული ახალი კანონმდებლობაა. როგორც სპეციალისტები ვარაუდობდნენ, წინასწარ დაჭრილი თადარიგის გამო ზაფხულში ავტობაზარი სრულიად გაჯერდება, რაც ფასზეც ჰპოვებს ასახვას. მოკლევადიან პერიოდში მიწოდების სიჭარბე მანქანებს გააიაფებს. რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში, როდის გაიწოვება დაგროვებული ავტომობილების გაწოვა ბაზრიდან?

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" აღნიშნა, რომ ადგილობრივ ბაზარზე მანქანების ჭარბი რაოდენობით შემოსვლა დაწყებულია, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათ ღირებულებაზეც ჰპოვებს ასახვას.

,,ახალი კანონმდებლობის ამოქმედებამდე შეძენილი ავტომობილების ნაწილი უკვე შემოვიდა, ნაწილი ისევ გზაშია. მოგეხსენებათ, შესყიდვა გაორმაგებული და გასამმაგებული იყო. რაც შეეხება ფასს, ჯერჯერობით ამაზე საუბარი ცოტა რთულია, თუმცა თუ დიდი ნაწილი ავტომობილებისა, დილერების მიერ არის შეძენილი, მაშინ იგი გარკვეულ პერიოდში, გაიაფებას გამოიწვევს. ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში უფრო ცხადი და აშკარა გახდება. ეს კი ისედაც დაზარალებულ ავტოდილერებს კიდევ უფრო დააზარალებს. 

შეიძლება ამით მომხმარებელმა ისარგებლოს, მაგრამ როცა დილერები იზარალებენ და ბაზრიდან გავლენ, საქართველოს მოქალაქეს, პირადი საჭიროებისთვის ავტომობილის შეძენა ყირგიზი და ყაზახი დილერისგან მოუწევს, რადგან ამ დროისათვი ქართველები შესაძლოა, ბაზარზე აღარც იყვნენ. 

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ახალი დადგენილების შემოღებამდე ავტობაზარზე პრობლემები ისედაც არსებობდა - იმპორტიც და ექსპორტიც შემცირებული იყო. ხელისუფლებამ კი, გაურკვევლობაში მყოფ დარგს ამ კანონით საკონტროლო გასროლა მოუწყო. ნაცვლად იმისა, რომ რაღაცით დახმარებოდნენ, კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააგდეს. თქვენ წარმოიდგინეთ, არსებული მდგომარეობით, მცირე და საშუალო კომპანიების საშუალო ვაჭრობა - 60%-ით, ხოლო დიდი კომპანიებისა 20%-ით შემცირდა, რაც ავტომობილების რაოდენობაში რომ გადავიყვანოთ, საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. გასაშუალებული მაჩვენებელი რომ ავიღოთ, ამ ეტაპისთვის ბაზარი განახევრებულია," - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ნონიაძემ.

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი დარგში შექმნილ პრობლემებსაც შეეხო და ცალსახად აღნიშნა, რომ ახალი კანონმდებლობა სიკეთეს ვერც საქართველოს მოქალაქეს და ვერც სახელმწიფოს მოუტანს. ამიტომაც, ამ ფორმით ბიზნესი განწირულია. 

,,ავტობიზნეს  რიგი თავისებურებები ახასიათებს. ერთ-ერთი ისაა, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ბაზარზე 3-4 თვის შემდეგ აისახება. ახლა რომ არ ყიდულობს დილერი და ლოგისტიკური კომპანიები იძახიან მოთხოვნა შემცირებულიაო, მოგვიანებით უფრო დიდ გავლენას იქონიებს ბაზარზე. კომპანიების შემცირებული ბრუნვა ნეგატიურად სექტემბერიდან აისახება. ფაქტობრივად, ბაზარი დარჩება ყირგიზი და ყაზახი დილერების ხელში. ქართული  ეკონომიკისთვის და ქართველი ოჯახებისთვის მათი მოგება ნულის ტოლია. ისევ მათივე ქვეყნის ეკონომიკა იხეირებს. 

ფაქტობრივად, ახალი გადაწყვეტილებით საქართველომ დაკარგა  ის უპირატესობა, რასაც გეოგრაფიული მდებარეობა ჰქვია და ვიქეცით სატრანზიტო დერეფნად, სხვა არაფერი. რეექსპორტს მთლიანად ხელში ჩაიგდებენ და ამის ტენდენცია უკვე არსებობს. ასეთი გაუაზრებელი გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ. მალე ადამიანები ამას თავადაც დინახავენ. საწყენი ისაა, რომ ჩვენს ზურგზე უნდა გადაიაროს უარყოფითმა შედეგებმა", -განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ალექსი ნონიაძემ.

მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსზე და სამომავლოდ ფასების შესაძლო კლებაზე საუბრობს „რობანი მოტორსის“ დამფუძნებელი და დირექტორი ელგუჯა ჯამაგიძეც. მისი აზრით, მოქალაქეებმა თავის დაზღვევის მიზნით დაიწყეს მანქანების დიდი რაოდენობით შეძენა, რაც იმთავითვე მცდარი გადაწყვეტილება იყო. 

,,მე ეს არამართებულად მიმჩნია. ავტომობილების ჭარბი რაოდენობა უკვე შემოსულია, კიდევ შემოდის და პორტები გადატვირთულია. მართალია, ეს დროებითია, მაგრამ როცა ბაზარი არაპროგნოზირებადია ხდება, იწყება ფასების ცვალებადობა, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგები. შესაბამისად, იქმნება პრობლემები. ჭარბი მოწოდება, ავტომატურად გამოიწვევს გაიაფებას, ეს ბიზნესის კანონია და ამას ჩვენ ვერ ვარეგულირებთ. 

მართალია, ბაზარზე ამ ეტაპისთვის განსაკუთრებული სიჭარბე არ შეინიშნება, მაგრამ ივლისიდან ვნახავთ, რომ ეს ჩამოყვანილი მანქანები გამზადდება და ბაზარში გასაყიდად გავა. დიდი რაოდენობის გასაყოდად გამზადებული პროდუქცია ყოველთვის ფასის ვარდნას იწვევს. თუ ბაზარს კარგად დავაკვირდებით, კლება ახლაც შესამჩნევია. მაგალითად, მყიდველები ხედავენ, რომ ავტომობილების ჭარბი რაოდენობაა და ამით მანიპულირებენ. ყველა ცდილობს რაც შეიძლება ნაკლები გადაიხადოს, რაც ბუნებრივია. 

ვფიქრობ, კომპანიებსა და დილერებს ავტომობილების გაყიდვა 10-20%-ით ნაკლებ ფასად მოუწევთ. ამიტომაც, იმთავითვე სხვანაირი მიდგომა იყო საჭირო. უკვე ბევრი კომპანია რეკლამირებას აკეთებს გზიდან და ურჩევნია ნაკლები მოგება, ვიდრე ჩამოიყვანოს და მერე საწვალებელი გაუხდეს," - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ჯამაგიძემ.

რაც შეეხება ბაზრიდან ჭარბი მანქანების გაწოვას, ეს უკანასკნელი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ თუ ირანისა და უკრაინის საკითხები მოგვარდება, შესაძლოა, ვითარება მალევე დარეგულირდეს. 

,,მთავარი მაინც ომებია, რომელიც ირანში და უკრაინაში მიდის. მოგეხსენებათ, ახლომდებარე ბაზრიდან საქონლის ყიდვა უფრო ადვილია. ამიტომაც, ამ მიმართულებით მოთხოვნა თუ გაიზრდება ჭარბი რაოდენობის მანქანები ჩვენი ბაზრიდან მალევე გაიწოვება. თუ ასე არ მოხდა, შესაძლოა,  სექტემბრის შუა რიცხვებიდან შემოდგომის ბოლომდე კრიზისს მივუახლოვდეთ. ამიტომ ჭარბი რაოდენობის მანქანების ბაზრიდან გაწოვაზე დიდი გავლენა აქვს ომის საკითხს. თუ ის დადებით ასპექტში გადაწყდა, მაშინ მალევე გაჩნდება მოთხოვნა ახლომდებარე ბაზრებიდან," - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ელგუჯა ჯამაგიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×