
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დონალდ ტრამპი აცხადებას, რომ ირანთან შეთახნმება უახლოეს მომავალში დაიდება, რის საფუძველზეც მომავალი ორ კვირის განმავლობაში აშშ ამ ომში თავის გამარჯვებას ოფიციალურად გამოაცხადებს. ჰორმუზის სრუტე კი, მისივე შეფასებით, შეთანხმების ხელმოწერიდან 2-3 დღეში სრულად გაიხსნება. ანალიტიკოსთა მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ოპტიმიზმს არ იზიარებს. მედია კი წერს, რომ 23 მარტის შემდეგ ეს პრეზიდენტ ტრამპის რიგით 37-ე განცხადებაა ირანთან შეთანხმების სწრაფად მიღწევის შესახებ.
9 ივნისს სამხრეთ კაროლინელი სენატორის, ლინდსი გრემის მხარდასაჭერად გამოსვლისას პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანზე სრულ გამარჯვებას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გამოაცხადებს.
„ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და მათ ძალიან კარგი გარიგების დადება სურთ. ისინი მზად არიან ყველაფერი მოგვცენ, მზად არიან უარი თქვან ბირთვულ იარაღზე", - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, სრულ გამარჯვებას მალე მიაღწევენ და ნავთობის ფასიც დაეცემა.
„ვფიქრობ, ჩვენ ამ ბრძოლას ვიგებთ, მაგრამ ნამდვილად მოვიგებთ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, როდესაც სრულ გამარჯვებას გამოვაცხადებთ, ეს იქნება სრული გამარჯვება, ეს ძალიან მალე მოხდება და ნავთობის ფასები დაეცემა", - განაცხადა ტრამპმა.
გარდა ამისა, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისრაელი და ირანი ერთმანეთს სულ მცირე ერთი კვირის განმავლობაში თავს დაანებებენ.
„მას (ნეთანიაჰუს) დარტყმა მიაყენეს და მან საპასუხო დარტყმა განახორციელა და ამაში მას ვერ დავადანაშაულებ. ახლა მათ ყველაფერი შეწყვიტეს. ისინი ერთმანეთს კიდევ ერთი კვირით ან კიდევ რაღაც დროით თავს დაანებებენ", - განაცხადა ტრამპმა.
- დონალდ ტრამპი: „ვფიქრობ, ჩვენ ამ ბრძოლას ვიგებთ, მაგრამ ნამდვილად მოვიგებთ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, როდესაც სრულ გამარჯვებას გამოვაცხადებთ".
მისივე თქმით, შეერთებული შტატები „ძალიან, ძალიან კარგი შეთანხმების გაფორმების ბოლო ეტაპზეა, რომელიც არანაირად არ დაუშვებს ბირთვული იარაღის შექმნას".
ტრამპი იმასაც ამბობს, რომ ჰორმუზის სრუტე ხელშეკრულების ძალაში შესვლისთანავე გაიხსნება:
„ჰორმუზის სრუტე მაშინვე გაიხსნება. ის ხელმოწერისთანავე გაიხსნება, რაც შეიძლება ორ ან სამ დღეში მოხდეს".
ტრამპს არანაირი დეტალი არ გაუმჟღავნებია იმის შესახებ, თუ რას ეფუძნება მისი ოპტიმიზმი.
ამის პარალელურად, მედიატორები, ძირითადად პაკისტანის ხელმძღვანელობით, უკვე რამდენიმე კვირაა შეთანხმების ბოლომდე მიყვანას ცდილობენ, თუმცა, როგორც ირანმა, ისე აშშ-მა შეუვალი პოზიციები უკავიათ და კომპრომისის მოძიება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
- ლეო პანეტა: „მას სჯერა, რომ შეუძლია ნებისმიერ ლიდერთან დაჯდეს, დადოს გარიგება და ამით დასრულდეს საქმე, მაგრამ სამყარო ასე არ მუშაობს. საგარეო პოლიტიკა ეფუძნება ურთიერთობებს"
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ტრამპი ირანთან შეთანხმების მალე მიღწევაზე საუბრობს. მან მარტის ბოლოდან მოყოლებული სულ მცირე 37-ჯერ განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმება ახლოსაა. ამის შესახებ ტელეკომპანია „სიენენი" იტყობინება, რომელმაც ამერიკელი ლიდერის საჯარო გამოსვლები, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტები და მედიისთვის გაკეთებული კომენტარები გააანალიზა.
ტელეკომპანიის შეფასება ეფუძნება ტრამპის იმ განცხადებებს, რომლებშიც ის ამტკიცებდა, რომ ირანთან შეთანხმება დასკვნით ფაზაშია. „სიენენის" მონაცემებით, მსგავსი რიტორიკა 23 მარტიდან რეგულარულად ისმის.
მასალის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ ამ განცხადებების მიუხედავად, გარიგება ამ დრომდე არ შემდგარა, რასაც შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს: აშშ-ის პრეზიდენტი ან ზედმეტად ოპტიმისტურად აფასებს მოლაპარაკებების პერსპექტივას, ან ფინანსური ბაზრების დასტაბილურებას ცდილობს, ან იმედოვნებს, რომ მუდმივი განცხადებები რეალური შეთანხმების გაფორმებას დააჩქარებს.
აშშ-ს ყოფილი თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ აქცენტი საგარეო პოლიტიკაში ტრამპის მიდგომაზე გაამახვილა:
„როდესაც საქმე ეხება საგარეო პოლიტიკას, დონალდ ტრამპს აქვს ერთი მიდგომა - მას სჯერა, რომ ყველაფერი ტრანზაქციულია. მას სჯერა, რომ შეუძლია ნებისმიერ ლიდერთან დაჯდეს, დადოს გარიგება და ამით დასრულდეს საქმე, მაგრამ სამყარო ასე არ მუშაობს. საგარეო პოლიტიკა ეფუძნება ურთიერთობებს, ნდობას და მოკავშირეებს."
ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ტრამპი ოპტიმიზმს იყენებს როგორც ზეწოლის იარაღს. საჯაროდ იმის თქმით, რომ „ირანელებს ძალიან უნდათ გარიგება და ყველაფერს გვითმობენ", ის თეირანს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს და აიძულებს თავდაცვით პოზიციაში ჩადგეს. მათი შეფასებით, ეს არის კლასიკური ტაქტიკა მისი წიგნიდან „გარიგების ხელოვნება" - აჩვენე პარტნიორს, რომ ის უკვე წაგებულია, რათა რეალურ მოლაპარაკებებზე მეტი დათმობა გამოსტყუო.
თუმცა, ბოლო ოპტიმისტური განცხადების წინ, 8 ივნისს, გამოცემა „ფაინენშალ თაიმსთან" ინტერვიუში ტრამპმა არ გამორიცხა სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობა ირანის ტერიტორიაზე ამერიკული სპეცრაზმის გადასხმის გზით, თუკი ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებები შედეგს არ გამოიღებს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მოლაპარაკებების პროცესის ჩავარდნის შემთხვევაში შეერთებულ შტატებს მოქმედების ორი ვარიანტი აქვს: ან ამერიკელი სამხედროები კვლავ შევლენ ირანის ტერიტორიაზე და დაასრულებენ შეიარაღებულ კონფლიქტს, ან თეირანის ბლოკადას შეინარჩუნებენ.