
დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთ მოადგილესთან შეხვედრას ითხოვენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მისი უწყება მზადაა მათთან შესახვედრად და მოსასმენად, თუმცა განსაკუთრებით ოპტიმისტურად არ არის განწყობილი.
„საინტერესოა, როგორ შეძლებენ ეს ადამიანები ისეთი რამის გამოთქმას, რამაც შეიძლება კონსტრუქციული აზრები გამოიწვიოს მას შემდეგ, რაც ლიდერებმა, ამ ელჩების ხელმძღვანელებმა რუსეთზე შეურაცხმყოფელი რამ თქვეს და არაერთხელ პირად თავდასხმებს მიმართეს“, – აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „ბოლო დროს ევროკავშირი ცდილობს, უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში ლიდერის როლი შეასრულოს“. ლავროვის თქმით, ევროკავშირს „უკრაინის კრიზისის“ მოგვარებაში დახმარების მრავალი შესაძლებლობა ჰქონდა და ყველა მათგანი ხელიდან გაუშვა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნატო-ზეც ისაუბრა. როგორც ლავროვმა განაცხადა, ალიანსი დაინტერესებულია მთელი ევრაზიული კონტინენტით და აღნიშნა, რომ შეუძლია ევრაზიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა საკუთარი წესებისა და ხელმძღვანელობის შესაბამისად.
„როდესაც ყველანი ვსაუბრობთ კონტინენტზე ყველა ქვეყნის გაერთიანების აუცილებლობაზე, რათა განვიხილოთ საიმედო, ორმხრივი, განუყოფელი უსაფრთხოების შექმნის გზები … ნატო არის ორგანიზაცია, რომელიც, ზოგადად, გარკვეულწილად განსხვავებულ რეგიონს მოიცავს, ევროატლანტიკურს და ყოველთვის აცხადებდა, რომ წუხს თავისი წევრების უსაფრთხოებაზე. რამდენიმე წელია, ეს ევრაზიული უსაფრთხოება უზრუნველყოფილია საკუთარი წესების, გაგების შესაბამისად და საკუთარი ხელმძღვანელობით“, – აღნიშნა ლავროვმა.