
4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კიდევ 8 პირს - ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანიძეს, ვახტანგ ფიცხელაურს და თემურ ქურციკიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
ყველა მათგანი დღეს, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დაამტკიცა.
რვავე პირს საპროცესო შეთანხმება 3-წლიანი პირობითი მსჯავრით გაუფორმდა.
აღნიშნულ პირებს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზე მას შემდეგ დათანხმდა, რაც მათ ბრალი აღიარეს და მტკიცებულებები უდაო გახადეს.
აღნიშნულ ეპიზოდს 12 ბრალდებული ჰყავს, თუმცა, ოთხმა: აბო ნავერიანმა, ანტონ უპერმა[ძებნაშია], ნანა სანდერმა და მარიამ მეყანწიშვილმა ბრალი არ აღიარეს. შესაბამისად, მათ საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდათ, რის გამოც, აღნიშნული ბრალდებულების საქმის განხილვას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი გააგრძელებს.
ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ალექსანდრე ხაბეიშვილს, გიორგი მულაძეს, ავთანდილ სურმანიძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.
ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვახტანგ ფიცხელაურს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.