
სომხეთის ოპოზიციური ალიანსი „ძლიერი სომხეთი“ საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას ამომრჩეველთა აზრს გაითვალისწინებს.
ამის შესახებ განაცხადება „ძლიერი სომხეთის“ წარმომადგენელმა, გოარ მელოიანმა გააკეთა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული არ არის და საკითხზე ფართო დისკუსიებიც არ გამართულა. მისი თქმით, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნება, რადგან ხმების გადათვლის პროცესში შესაძლოა, კორექტირება მოხდეს, რაც არსებულ სურათს შეცვლის.
კერძოდ, ჯერ უცნობია გადალახავს თუ არა საარჩევნო ბარიერს კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთი“.
მელოიანმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველი პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ ხმების 3/5-ს თუ დაკარგავს, ის ვეღარ შეძლებს ერთპიროვნულად ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, როგორიცაა გენერალური პროკურორის დანიშვნა ან საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირება.
„ჩვენ ვიცით, რა საკითხები დგას დღის წესრიგში, მაგალითად, ახალი კონსტიტუციის მიღება ან ანკლავების საკითხი“, – განაცხადა მელოიანმა.
საპარლამენტო მანდატებზე შესაძლო უარის თქმის საკითხზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ პოლიტიკური ძალა ამომრჩეველთა ნებას გაითვალისწინებს.
„ეს, უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლობის საკითხია. როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას, ვიყოთ საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია, უნდა გავითვალისწინოთ როგორც უფლებამოსილებების მასშტაბი და საკუთარი შესაძლებლობები, ისე ისიც, რომელი ვარიანტი იქნება უფრო ეფექტიანი“, – აღნიშნა „ძლიერი სომხეთის“ წარმომადგენელმა.