
„კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთი ლიდერის, თენგო თევზაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სწრაფად უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ოპოზიციურ ალიანსში დარჩენა.
როგორც თევზაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ალიანსში წევრობა გულისხმობს საერთო წესებზე შეთანხმებას, პროცესებში სრულ ჩართულობასა და პასუხისმგებლობის გაზიარებას.
„მნიშვნელოვანია პოლიტიკურ პარტიებს შორის მოხდეს კოორდინაცია. რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს თუ არა თავი წარმოადგინოს „ალიანსის“ წევრად, ეს დამოკიდებულია მათ აქტიურობაზე და პასუხისმგებლობის განაწილებაზე. თვითონ უნდა გადაწყვიტოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა, თუ არა „ალიანსის“ წევრობა. იძულებით და ხელის გადაგრეხით არავის ვტოვებთ, რადგან „ალიანსი“ არის წესებზე შეთანხმება და პარტიების, რომლებიც ამ წესებს დაიცავენ და აქტიურად იქნებიან ჩართულები მათი გადასაწყვეტია. დაველოდებით რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.
წერტილი უნდა დაუსვან ყოფნას [ოპოზიციურ ალიანსში] თუ ტანჯვას თვითონ. თვითონ უნდა გადაწყვიტონ უნდათ თუ არა ეროვნულ დემოკრატიული ძალების კოორდინაციით ბრძოლა. „ალიანსის“ შექმნაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილი მაქვს შეტანილი, ვფიქრობ, რომ ეროვნული დემოკრატიული ძალების კოორდინაციით შეგვიძლია უფრო სწრაფად დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი. თუ ვინმე დამოუკიდებლად შეძლებს, ამ გზაზე წარმატება“,- განაცხადა თევზაძემ.
ამასთან, თევზაძემ აღნიშნა, რომ ნაკლებად აინტერესებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდა საკადრო ცვლილებები და პარტიის ხელმძღვანელ პოზიციებზე ვინ იქნება წარმოდგენილი.
„არ მაინტერესებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ რა სახის გადაადგილებები იქნება. ეს მათი შიდა საკითხებია. თუ „ალიანსში“ დარჩებიან, იყვნენ უფრო ქმედითები. ამის მიღმა, თუ ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე, რეგიონული მდივანი, საგარეო მდივანი, ეს ნაკლებად მაინტერესებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკურ გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა ბირთვი მაინც არ იცვლება. ერთი რასაც ვუსურვებ არის ის, რომ სწრაფად ჩამოყალიბდნენ რას აპირებენ „ალიანსთან“ დაკავშირებით“, - დასძენს ის.
თევზაძემ განაცხადა ისიც, რომ მისი პარტიის წევრების მხრიდან არ ჰქონია ადგილი „გარჩევას“, პირიქით თავდასხმის ინიციატორები იყვნენ სწორედ „ნაციონალურ მოძრაობაში“.
„ახალის“ მხრიდან არანაირი ურთიერთ გარჩევა არ ყოფილა. ნიკა მელიას წერილი იყო პასუხი. ორკესტრირებული თავდასხმა მიმდინარეობდა „ახალის“ ლიდერებზე, განსაკუთრებით, ნიკა მელიაზე და ნიკა გვარამიაზე. სხვა ლიდერებს და წევრებსაც შეგვეხო ეს თავდასხმა.
მივესალმებით ნანუკა ჟორჟოლიანის პოლიტიკაში შემოსვლას. ჩემი აზრით, ის ისედაც იყო პოლიტიკაში. ხშირად პოზიციონირებდა, როგორც მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი“,- განაცხადა თევზაძემ.
კითხვაზე, რა მთავარი შეუთანხმებლობა არსებობს „ოპოზიციურ ალიანსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, თევზაძე პასუხობს, რომ პარტიამ „ალიანსის“ საქმიანობაში სრულად უნდა იყოს ჩართული და აიღოს პასუხისმგებლობა პროცესზე.
„თუ მათ არ უნდათ და ფიქრობენ, რომ დამოუკიდებლადაც შეუძლიათ მუშაობა, მათი არჩევანია. სურთ კამპანია დამოუკიდებლად განახორციელონ?- ეს მათი არჩევანია, უბრალოდ სწრაფად უნდა გადაწყვიტონ. გადაძახილებს წერტილი დაესვას! ჩვენი მხრიდან ისედაც დასმული აქვს, და გაგრძელდეს პოზიტიური პროცესი, რომელიც „ალიანსმა“ დაიწყო“, - განაცხადა თევზაძემ.