
„ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა 3 დღის წინ განაცხადა, რომ ოპოზიციის ალიანსის სიმბოლიკიდან მალე ამოიღებენ „ნაცმოძრაობის" ლოგოს, თუმცა ჯერჯერობით სიტუაცია უცვლელია - არც ენმ აპირებს ალიანსიდან გასვლას და არც ალიანსი - მის გარიცხვას. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ალიანსში ლიდერობისათვის „ჩუმი ბრძოლა" მიმდინარეობს.
ოპოზიციურ ალიანსში შემავალი „ახლების" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ამ ეტაპზე მხოლოდ ფორმალურად არის ალიანსის წევრი და გაერთიანების საქმიანობაში არ მონაწილეობს.
- ნიკა გვარამია: „მათი გადაწყვეტილებაა, რომ მონაწილეობა არ მიიღონ ალიანსის საქმიანობაში... თუ ამას თვლით წევრობად, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა" არის ალიანსში".
„არის, რამდენჯერ უნდა ითქვას, რომ არის, მაგრამ ფორმალურადაა ამ ეტაპზე. მისი გადაწყვეტილებაა, მონაწილეობა არ მიიღოს ალიანსის საქმიანობაში. ალიანსი ხომ არ არის ფურცლის ორგანიზაცია, თუმცა არსებობს ფურცელზეც, მაგრამ რეალობაში რაც ხდება, იმაში მონაწილეობას თუ არ იღებ, როცა არ დადიხარ სხდომებზე, არ მონაწილეობ გადაწყვეტილების მიღებაში, არც მიტინგის და დემონსტრაციის ორგანიზებაში, მაშინ ეს არის წევრობა? თუ ამას თვლით წევრობად, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა" არის ალიანსში", - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ კი განაცხადა, რომ ალიანსიდან გამოსვლას არ აპირებენ.
- გია ბარამიძე: „არის ხოლმე, რომ შეკრებებს არ ვესწრებით, ესეც ჩვენი უფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ალიანსიდან გასული ვართ".
„ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ალიანსის შექმნა არ ნიშნავს, რომ ვისაც ადრე არ გვიყვარდა ერთმანეთი, ახლა უცებ შეგვიყვარდება. ჩვენ სწორედ ამას ვსაუბრობთ რამდენი ხანია, რომ უნდა მოვახერხოთ ჩვენი ანტიპათიის, ბოღმისა თუ სხვა რაღაც უსიამოვნო ემოციების უკანა პლანზე გადაწევა და წინა პლანზე იმის დაყენება, რაც არის მართლა მთავარი და მნიშვნელოვანი. ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის წინაშე. „მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო", მით უმეტეს, ასეთ ბრძოლაში საქართველოს გადასარჩენად. ამას სჭირდება ერთიანობა. ამას ქადაგებს და მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილი ჩვენს საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს.
„ჩვენ არსაიდან არ გამოვდივართ, ვართ ალიანსში. იქიდან გამოსვლას არ ვაპირებთ. იმიტომ, რომ მიგვაჩნია - ერთიანობა არის მნიშვნელოვანი მიუხედავად ყველაფრისა. არის ხოლმე, რომ შეკრებებს არ ვესწრებით, ესეც ჩვენი უფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ალიანსიდან გასული ვართ", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე არც ენმ-ს და არც ალიანსში მყოფ პარტიებს გაერთიანებიდან „ნაცმოძრაობის" გასვლა არ აწყობთ.
- ვახტანგ ძაბირაძე: „თუ ეს ალიანსი, რაც ახლაა, არჩევნებამდე მივა, ოპოზიციისთვის კატასროფა იქნება."
„ეს ალინსი საკმაოდ გაუგებარია, არა მარტო მისი შემადგენლობითა და პოზიციებით, არამედ იმითაც, რომ ისინი ერთად აპირებენ მიტინგების ჩატარებას, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებში ერთად გამოსვლას - არა. რისთვის შეიქმნა ეს ალიანსი, უბრალოდ არ მესმის. თუ არჩევნების წინ ალიანსი დაიშლება, ეს ამომრჩეველში გამოიწვევს კიდევ ერთ გულგატეხილობას და შესაბამისად, ნიჰილიზმი გაჩნდება ოპოზიციური პარტიების მიმართ.
„მეორე მომენტია ის, რომ ალიანსში არის პარტიები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს არ განიხილავენ თუნდაც ენმ-ის ლიდერად. ეს გარკვეული დაპირისპირებაა. არადა თუ სააკაშვილის განცხადებებს თვალს გადავავლებთ, მუმდივად ცდილობს ალიანსის ლიდერად წარმოაჩინოს თავი. თუ ვინმე გამოჩნდება, ხაბეიშვილი ან სხვები, რომლებიც სავარაუდო კონკურენტებად შეიძლება მოვიაზროთ, იმავე წუთში მის პოლიტიკურ ჩაძირვას იწყებს. თუ ეს ალიანსი, რაც ახლაა, არჩევნებამდე მივა, ოპოზიციისთვის კატასროფა იქნება.
„ჯერჯერობით სააკაშვილი ცდილობს ამ ალიანსის ლიდერი გახდეს და სწორედ ამიტომ არ ტოვებს გაერთიანებას, თუმცა ბოიკოტს უცხადებს და შეკრებებში არ მონაწილეობს. როგორც ჩანს, 26 მაისს ენმ და მათ შორის სააკაშვილი ელოდნენ, რომ ამდენი ხალხი არ მივიდოდა და როცა ნახეს, სხვა ტაქტიკას მიმართეს - ნელ-ნელა იწყებენ ალიანსის შიგნით განხეთქილების ჩამოგდებას.
„სააკაშვილს ხმამაღლა მხოლოდ ჩერგოლეიშვილი უპირისპირდება. იმის საფუძველზე, რაც ხდება, ალიანსი ან სააკაშვილის პარტიამ უნდა დატოვოს, ან ჩერგოლეიშვილის. სააკაშვილი ეცდება, რომ ის არ გავიდეს და იქ შემავალი პარტიებს აიძულოს, რომ ის ლიდერად აღიარონ.
„როგორც ჩანს, არც ალიანსს აძლევს ხელს ენმ-ის ალიანსიდან გარიცხვა. „ნაცმოძრაოაბს" 200 ათასი ამომრჩეველი ჰყავს და დღეს თუ ალიანსი მოახერხებს იმას, რომ სააკაშვილი პოლიტიკის მიღმა აღმოაჩინოს, მაშინ ეს ამომრჩეველი მათთან წავა. ამიტომ ახლა ჩუმი ბრძოლაა „ნაცმოძრაობასა" და ალიანსის დანარჩენ წევრებს შორის", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".