
აშშ-ის მიერ ირანზე დარტყმების ახალი ტალღის შემდეგ, ირანმა ჰორმუზის სრუტე ყველა გემისთვის ჩაკეტა. ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების მეთაური სეიედ მაჯიდ მუსავი აცხადებს, რომ თუ სრუტე დაუცველი გახდება, ირანი „რეგიონს ჯოჯოხეთად აქცევს". საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული არმია ახლო მომავალში დაიკავებს სრუტეში მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე კუნძულ ხარგს და ირანის სანავთობი ინფრასტრუქტურის სხვა საკვანძო წერტილებს.
„რეგიონში არსებული არასტაბილურობის გამო, ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ გამოცხადდა დახურულად ყველა გემისთვის, მათ შორის ნავთობტანკერებისა და კომერციული გემებისთვის. ნებისმიერი გემი, რომელიც სრუტის გადაკვეთას შეეცდება, სამიზნე იქნება", - ნათქვამია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.
- ანალიტიკოსები ბიზნესს ურჩევენ, დაგეგმონ მინიმუმ 3-6-თვიანი შეფერხება და ჰორმუზის სრუტის ადრეულ გახსნას მხოლოდ სასიამოვნო სიურპრიზად შეხედონ.
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სრუტის ჩაკეტვის შესახებ ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ კომერციული გემები კვლავ აგრძელებენ სრუტეში შესვლა-გამოსვლას.
მანამდე, ირანულმა საინფორმაციო სააგენტო „ფარსმა" განაცხადა, რომ ორ გემზე, რომლებიც „ჰორმუზის სრუტეში არალეგალურად გავლას" ცდილობდნენ, დარტყმა განხორციელდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ეს ინფორმაციაც უარყო და განაცხადა, რომ არცერთ ამერიკულ გემზე დარტყმა არ განხორციელებულა.
11 ივნის, დღის მეორე ნახევარში, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანზე მორიგი „ძალიან ძლიერი დარტყმა" დააანონსა.
„აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს (რომლის სამხედრო-საზღვაო ძალები, სამხედრო-საჰაერო ძალები, რადარები, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და თავდაცვის ყველა სხვა ფორმა, შეტევითი შესაძლებლობების უდიდეს ნაწილთან ერთად, აღარ არსებობს!)", - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში „თრუს სოუშალ".
გარდა ამისა, მისივე თქმით, აშშ „არცთუ ისე შორეულ მომავალში ხარგის კუნძულზე კონტროლს დაამყარებს".
„კონტროლს დავამყარებთ მათ ნავთობისა და გაზის ბაზრებზე, როგორც ეს ვენესუელის შემთხვევაში გავაკეთეთ, რაც შესანიშნავად მუშაობს როგორც ვენესუელისთვის, ისე აშშ-სთვის", - აცხადებს ტრამპი.
ირანული პოზიცია
ირანელი სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ სრუტის ჩაკეტვა არის იძულებითი, მაგრამ აბსოლუტურად ლეგიტიმური პასუხი „ამერიკულ აგრესიაზე". მათი პოზიციით, აშშ-მა დაარღვია საერთაშორისო სამართალი, როდესაც დაბომბა ირანის ტერიტორია (ბანდარ-აბასი, კუნძული ქეშმი და სირიკი). ექსპერტები ამბობენ, რომ ირანი იცავს საკუთარ საზღვრებს და რეგიონში უსაფრთხოების კონტროლის უფლება მხოლოდ რეგიონის ქვეყნებს აქვთ და არა „ოკეანის გაღმიდან მოსულ იმპერიალისტებს".
ირანული მედია და ანალიტიკოსები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ აშშ-ის მუქარის მიუხედავად, ირანმა მაინც გაბედა და სრუტე ჩაკეტილად გამოაცხადა. მათი შეფასებით, ეს არის პოლიტიკური და სამხედრო სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის, რომ აშშ აღარ არის „სამყაროს მბრძანებელი" და ირანს შესწევს ძალა, ამერიკას პირობები უკარნახოს.
- დონალდ ტრამპი: „კონტროლს დავამყარებთ მათ ნავთობისა და გაზის ბაზრებზე, როგორც ეს ვენესუელის შემთხვევაში გავაკეთეთ, რაც შესანიშნავად მუშაობს როგორც ვენესუელისთვის, ისე აშშ-სთვის".
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი პირდაპირ აცხადებს, რომ „უცხოურმა ძალებმა" უნდა დატოვონ რეგიონი, რადგან მათი ყოფნა აქ უსაფრთხოების გარანტიას ვეღარ შექმნის.
ირანელი ექსპერტების აზრით, ბურთი ახლა ვაშინგტონის მოედანზეა. მათი თქმით, თუ აშშ გააგრძელებს დარტყმებს, სრუტეში მყოფი ნებისმიერი ამერიკული გემი და კომერციული ტანკერი განადგურდება, ხოლო თუ აშშ-ს ნავთობის კრიზისის თავიდან არიდება სურს, იძულებული იქნება შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები და ირანთან ახალ პოლიტიკურ შეთანხმებას მოაწეროს ხელი.
დასავლური პოზიცია
განსხვავებული შეფასებები აქვთ დასავლელ ანალიტიკოსებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ირანი მუდმივად ტესტავს აშშ-ისა და საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციას. ისინი დგამენ აგრესიულ ნაბიჯებს - მაგალითად, დრონით თავდასხმა რომელიმე ტანკერზე ან დასავლური გემის გაჩერება, რათა დაინახონ, რამდენად შორს წავა აშშ საპასუხო რეაქციაში. ვინაიდან აშშ-ს ამჟამად ახლო აღმოსავლეთში დიდი ომის დაწყება პოლიტიკურად არ აწყობს, ირანი ამით სარგებლობს და პოლიტიკურ ქულებს იწერს თავის რეგიონულ მოკავშირეებთან - ჰუსიტებთან და „ჰეზბოლასთან".
„როიტერსის" ენერგეტიკული ანალიტიკოსები წერენ, რომ ჰორმუზის სრუტის „მომდევნო რამდენიმე კვირაში გახსნა" შესაძლებელია, მაგრამ ეს ჯერ საბაზო სცენარად არ ითვლება.
სხვა ლოგისტიკური და მიწოდების ჯაჭვის სპეციალისტები უკვე ბიზნესებს ურჩევენ, დაგეგმონ მინიმუმ 3-6-თვიანი შეფერხება და ადრეულ გახსნას მხოლოდ სასიამოვნო სიურპრიზად შეხედონ.
ანალიტიკოსების უმრავლესობა ასახელებს ოთხ ძირითად წინაპირობას, რა შემთხვწევაში გაიხსნება ჰორმუზის სრუტე: აშშ-ირანის სამხედრო დაპირისპირების შემცირება; ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამყარება; სრუტეში ნაღმებისა და საზღვაო საფრთხეების განეიტრალება; სადაზღვევო კომპანიების დაბრუნება რეგიონში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო ფაქტორი - ზოგი სამხედრო ექსპერტი ამბობს, რომ სრუტე შეიძლება ოფიციალურად გაიხსნას, მაგრამ თუ დაზღვევა არ დაბრუნდა, რეალური ტვირთბრუნვა მაინც შეზღუდული დარჩება.
ზოგიერთი ანალიტიკოსი უფრო პესიმისტურად უყურებს მოვლენებს და ვარაუდობს, რომ კონფლიქტის გაგრძელების შემთხვევაში სრუტის ფუნქციონირება 2027 წლამდეც ვერ დაუბრუნდება ნორმალურ რეჟიმს.