
ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის შეხვედრის მიზანი იმ გარემოებების გამოსწორებაა, რამაც სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია. სპეციალისტების შეფასებით, დიდი ალბათობით, ევროკავშირის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას არ შეაჩერებს, თუმცა ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ევრობიუროკრატებმა მუქარა აასრულეს და ვიზალიბერალიზაცია შეგვიჩერეს. ხომ საინტერესოა, რა ეკონომიკური შედეგი მოჰყვება ამას? ჰოდა, ირკვევა, რომ არავითარი უარყოფითი შედეგი ამ ფაქტს არ მოჰყვება.
ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენაა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესება ავტომატურად გამოიწვევს კრიზისს ან ლარის მკვეთრ გაუფასურებას. ამ ნარატივს ძირითადად ვხვდებით ოპოზიციურ საექსპერტო შეფასებებში. სინამდვილეში, ეკონომიკური პროცესები გაცილებით ინერციულია. თუ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი შეფერხდება, მისი "ფასი" არა ხვალ ან მომავალ წელს, არამედ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში უფრო გამოჩნდება, თუმცა ეს უმნიშვნელო იქნება.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 7.5%-ით გაიზარდა, ხოლო 2026 წლისთვის ზრდის პროგნოზი დაახლოებით 5.5%-ს შეადგენს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2026 წლის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა. პროგნოზი 6%-მდე გაზარდა საქართველის მთავრობამაც, ხოლო სავალუტო ფონდის ბოლო შეფასებით 5.3-% დან 6.5%-მდეა გაზრდილი. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს რეგიონში ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა ცუცქირიძემ.
რაც შეეხება რისკებს, ეკონომისტის განმარტებით, 2025 წელს, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1.69 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც თითქმის 50%-იანი ზრდაა, თუმცა ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინვესტიციების მოცულობა, არამედ მათი ხარისხიც.
„თუ პოლიტიკური გაურკვევლობა გაიზრდება და ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანი შეიქმნება, დასავლური კაპიტალი უფრო ფრთხილი გახდება. იმავდროულად, ევროკავშირის ფინანსური პროგრამებისა და დახმარების ნაწილის გაყინვა ამცირებს იმ რესურსებს, რომლებიც ინფრასტრუქტურულ, ინსტიტუციურ და სოციალურ პროექტებს უნდა მოხმარებოდა. შედეგად, პოლიტიკური რისკები, სხვადასხვა შეფასებით, ეკონომიკური ზრდის პოტენციალს დაახლოებით 0.5-1 პროცენტული პუნქტით შეამცირებს.
გასათვალისწინებელია, რომ 2024 წლიდან, ევროკავშირმა გაყინა დაახლოებით 120-150 მილიონი ევროს მოცულობის ფინანსური დახმარება. ბრიუსელის ბიუროკრატიის მიერ, ლამის ყოველდღიურ ლექსიკად გამოყენებული „დემოკრატიული უკუსვლის“ გამო. ეს წესი გავრცელდა 2025-2026 წლებზეც. ეს რესურსები, ძირითადად საბიუჯეტო კუთხით, ინფრასტრუქტურას, ინსტიტუციებსა და სოციალურ პროექტებს ხმარდებოდა“, - განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი ცუცქირიძე.
მისივე შეფასებით, ევროკავშირთან ინტეგრაციის შეფერხების შემთხვევაში, ქვეყანა დაკარგავს იმ „ევროპულ დივიდენდს“, რომელსაც კანდიდატი სახელმწიფოები ევროკავშირთან დაახლოების პროცესში იღებენ.
"ხშირად ისმის მოსაზრება, რომ ევროკავშირის ჩანაცვლება სხვა ეკონომიკური პარტნიორებით, მაგალითად ჩინეთით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებით ან რუსეთით იქნება შესაძლებელი. ნაწილობრივ ეს მართლაც ასეა, თუმცა ეკონომიკური წონის, ფინანსური რესურსების, ტექნოლოგიებისა და ინსტიტუციური გავლენის თვალსაზრისით ევროკავშირი მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება. ალტერნატიული ბაზრები, მათ შორის ჩინეთი, დამატებით შესაძლებლობებს ნამდვილად ქმნიან, მაგრამ დივერსიფიკაციის თვალსაზრისით. ევროპული ინტეგრაციის სრულფასოვან შემცვლელად მათი წარმოდგენა ნაკლებად სასურველია“, - მიაჩნია ცუცქირიძეს.
თუმცა, ეკონომისტმა „რეზონანსთან“ საუბრისას დასძინა, რომ გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, არც ბრიუსელი უნდა იყოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების და ხანგრძლივი დაძაბულობის მომხრე, მით უმეტეს, სომხეთში ფაშინიანის გამარჯვების შემდეგ.
ამ მოსაზრებას იზირებს და ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას კატეგორიულად გამორიცხავს ანალიტიკოსი დავით ჩიხელიძე და იქვე დასძინა, რომ თუ უვიზო მიმოსვლა შეჩერდება, ეს შეეხება საქართველოს მოსახლეობას და არა - ბიზნესს.
„არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირი უვიზო მიმოსვლას შეაჩერებს, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, ბიზნესს ამასთან არავითარი კვეთა არ აქვს. თუ იმაზეა საუბარი, მოახერხებენ თუ არა ბიზნესმენები საკუთარ პარტნიორებთან ევროპაში ჩასვლას, პრობლემა არ იქნება, რადგან მათ აქვთ საკმარისი გამოცდილება და კონტაქტები.
რაც შეეხება ეკონომიკური კუთხით გავლენას, საქართველოს აქვს გარკვეული ხელშეკრულებები ევროკავშირთან, რომელსაც მივყვებით და ვასრულებს. აქედან გამომდინარე, უვიზო მიმოსვლა ამ ხელშეკრულებებთან არავითარ კავშირში არ არის, შესაბამისად, არც პირდაპირი და არც ირიბი გავლენა არ აქვს. გარდა ამისა, ევროკავშირის ქვეყნებთან დიდი ვაჭრობა არ გვაკავშირება. ჩვენ ეკონომიკურად უმნიშვნელოდ ვართ დამოკიდებული ევროკავშირზე და რა შედეგიც არ უნდა იყოს, ეკონომიკაზე გავლენას ვერ მოახდენს“, - განუცხადა „რეზონანსს“ დავით ჩიხელიძემ.
საერთოდაც, საქართველოს ეკონომია ერთ, კონკრეტულ ბაზარზე დამოკიდებული არ არის. საკმაოდ დივერსიფიცირებულია იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ დაზიანდეს, რადგან საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი.
„ჩვენი ბაზარი იმდენად დივერსიფიცირებულია, რომ ერთ კონკრეტულ მოთამაშეზე არ ვართ დამოკიდებული. ევროკავშირის წილი ჩვენი ქვეყნის საერთო სავაჭრო ბრუნვაში საკმაოდ მწირია.
ძალიან ცუდი რამ უნდა ვთქვა და ბევრს არ მოეწონება, მაგრამ ვიზალიბერალიზაციის შემოღების შემდეგ, თუნდაც ფულადი სახსრები რომ ავიღოთ, რასაც ქართველი ტურისტები ხარჯავენ ყოველწლიურად ევროპაში, იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ევროპელი ტურისტები ხარჯავენ აქ - საქართველოში. ბოლო წლების სტატისტიკას რომ გადავხედოთ, საკმაოდ მზარდია და თითქმის ყოველწლიურად დიდი რაოდენობით ქართული ფული ხმარდება ევროპის ეკონომიკის განვითარებას - გაედინება ადგილობრივი მუშახელიც, საქართველომ კი მიიღო ავღანელი, ინდოელი მუშახელი, რომელთაც შესაბამისი გამოცდილება არ გააჩნიათ. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ამით ისევ ჩვენი ეკონომიკა დაზარალდა. ასე რომ, უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებით, ამ მხრივაც დაბალანსდება ვითარება.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, დღევანდელი მოცემულობით, მეეჭვება, ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაცია გააუქმოს საქართველოსთან“, - განუცხადა „რეზონანსს“ დავით ჩიხელიძემ.