
"ევროპული სამეული" (ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია) უკრაინის სამშიდობო მოლაპარაკებებში ღიად ჩართვას იწყებს. 7 ივნისს ლონდონში უმაღლეს დონეზე გამართული შეხვედრის შემდეგ, 11 მოსკოვში „სამეულის" ელჩები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ გალუზინს შეხვდნენ.
მინისტ სერგეი ლავროვის ინფორმაციით, წინა დღეს, 10 ივნისს, ელჩებმა თავად ითხოვეს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრა.
ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი ხუთშაბათს, მოსკოვში საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ელჩებს - ნიკოლა დე რივიერს, ნაიჯელ ქეისსა და ალექსანდრ ლამბსდორფს შეხვდა. საუბარი დახურულ კარს მიღმა დაახლოებით საათნახევარს გაგრძელდა.
საფრანგეთის ელჩმა, ნიკოლა დე რივიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამეულს გალუზინთან „კარგი დისკუსია" ჰქონდა და განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებდნენ.
დღის ბოლოს შეხვედრის შესახებ მხოლოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება. მათი ცნობით, გალუზინმა ევროპელ დიპლომატებს წარუდგინა „ობიექტური შეფასება იმ დესტრუქციული პოლიტიკისა, რომელსაც მათი ქვეყნების ხელმძღვანელობა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ატარებს". მოსკოვში მიიჩნევენ, რომ ასეთი პოლიტიკა მიზნად „კიევის რეჟიმის მაქსიმალურ წახალისებას ისახავს, რათა მან გააგრძელოს ომი რუსეთის წინააღმდეგ დასავლური „მსურველთა კოალიციის" სახელით, ხარჯითა და პირდაპირი დახმარებით".
- ლავროვის უწყების ცნობით, გალუზინმა „სამეულის" ელჩებს აუხსნა „რუსული მხარის ფუნდამენტური მიდგომები კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების ძიების პროცესში, რაც მისი გამომწვევი ძირეული მიზეზების აღმოფხვრას ეფუძნება".
ლავროვის უწყების ცნობით, გალუზინმა „სამეულის" ელჩებს ასევე აუხსნა „რუსული მხარის ფუნდამენტური მიდგომები კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების ძიების პროცესში, რაც მისი გამომწვევი ძირეული მიზეზების აღმოფხვრას ეფუძნება".
ამას წინ უძღოდა ლონდონში ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და უკრაინის პირველი პირების - კირ სტარმერის, ემანუელ მაკრონის, ფრიდრიხ მერცისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა, სადაც უკრაინაში ომის დასასრულებლად საჭირო მთავარი პირობები განიხილეს.
შეხვედრის შემდეგ გავრცელდა ერთობლივი განცხადებაც, სადაც ნათქვამია, რომ სამართლიანი და მყარი მშვიდობის დასამყარებლად საჭირო 5 პირობა:
- საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა. პუტინს მოუწოდეს დასთანხმდეს ცეცხლის დაუყოვნებლივ და სრულად შეწყვეტას.
- მოლაპარაკებებისთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ფრონტზე ამჟამად არსებული ე.წ. შეხების ხაზი. საერთაშორისო საზღვრები ძალით არ უნდა შეიცვალოს. სრული პატივისცემა უკრაინის სუვერენული უფლების, თავად აირჩიოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და შექმნას ალიანსები.
- ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ უკრაინას უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საიმედო, იურიდიული გარანტიები, რაც მოიცავს უკრაინაში საერთაშორისო ძალების განთავსებასაც.
- რუსეთის აქტივები გაყინული იქნება, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიულ ომს და უკრაინას მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციას არ გადაუხდის.
- შეთანხმებაში გათვალისწინებული უნდა იყოს ევროპის უსაფრთხოების ინტერესები. ნებისმიერ მოლაპარაკებას, რომელიც ევროკავშირს და ნატოს ეხება, სჭირდება მხოლოდ ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების და ნატოელი მოკავშირეების თანხმობა.
რაც შეეხება კრემლის პოზიციას, რამდენიმე დღის წინ სანკტ-პეტერბურგში უცხოელ ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის ევროპელ პოლიტიკოსებთან დიალოგისთვის, თუმცა მიიჩნევს, რომ ისინი ომის დასასრულებლად მედიატორის როლისთვის შესაფერისი კანდიდატები არ არიან:
„როგორ შუამავლობაზე შეიძლება ვისაუბროთ ევროკავშირის ან ცალკეული ევროპული ქვეყნების მხრიდან, როდესაც ისინი პირდაპირ ეხმარებიან იმ სახელმწიფოს, რომელთანაც ჩვენ შეიარაღებულ კონფლიქტში ვიმყოფებით?"