
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა დღეს ირანთან ომი დაასრულა. ირანის ოფიციალური პირები კი ამბობენ, რომ თეირანს შეთანხმებასთან დაკავშირებით „საბოლოო დასკვნამდე ჯერ არ მიუღწევია" და ხაზგასმით აღნიშნავს, ნებისმიერ შეთანხმებაში საკუთარ პრინციპულ პოზიციებსა და „წითელ ხაზებს" არ დათმობს.
„არ ვიცი, გსმენიათ თუ არა, მაგრამ ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ. დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი, რასაც ჩვენ დაჟინებით მოვითხოვდით; ეს იყო მთელი მიზანი. ეს იყო ყველაფრის 95 პროცენტი", - აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის, მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმებას მიაღწიეს და საბოლოო დოკუმენტს ხელი, შესაძლოა, რამდენიმე დღეში ევროპაში მოაწერონ.
ირანის საგარეო უწყებამ ამ ინფორმაციას „სპეკულაცია" უწოდა და განაცხადა, რომ თეირანს შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. დონალდ ტრამპის ხმამაღალი განცხადების საპასუხოდ, ირანის მხრიდან რეაქცია ბევრად უფრო ფრთხილი, თავშეკავებული და ნაწილობრივ კრიტიკულია.
თეირანში ოფიციალური პირები სრულად არ იზიარებენ ტრამპის ოპტიმიზმს ომის საბოლოო დასრულების შესახებ. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა და აშშ-სთან მოლაპარაკებების ჯგუფის ხელმძღვანელმა, ისმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ თეირანს შეთანხმებასთან დაკავშირებით „საბოლოო დასკვნამდე ჯერ არ მიუღწევია". ბაღაიმ დაადასტურა, რომ სამშვიდობო დოკუმენტის ტექსტის უმეტესი ნაწილი მართლაც მზადაა და დაახლოებულია დასასრულთან, თუმცა იქვე დასძინა, რომ „ამერიკელები მუდმივად იცვლიან აზრს" და ვაშინგტონს პოზიციების ხშირ ცვლაში სდებს ბრალს.
მისი თქმით, კატარი და პაკისტანი აქტიურები არიან, როგორც შუამავლები, მაგრამ აშშ-ის ქმედებები გავლენას ახდენს დიპლომატიურ პროცესზე.
„თავიდანვე ჩვენთვის მოლაპარაკებების სტატუსი ნათელი იყო და ტექსტის დიდი ნაწილი უკვე დასრულებული იყო. თუმცა, ამერიკელები პოზიციებს ცვლიდნენ", - განაცხადა ბაღაიმ. „ირანს, ჯერჯერობით, არანაირ შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია", - აღნიშნა ბაღაიმ.
თეირანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერ შეთანხმებაში საკუთარ პრინციპულ პოზიციებსა და „წითელ ხაზებს" არ დათმობს, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა დაგეგმილი საჰაერო დარტყმები გააუქმა.
ირანის მთავარი სამხედრო სარდლობის ხელმძღვანელმა, ალი აბდოლაჰიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ქმედებებში აშკარა წინააღმდეგობაა - ერთის მხრივ მოლაპარაკებებზე საუბრობენ, მეორეს მხრივ კი რეგიონში „ბოროტმოქმედებას" აგრძელებენ. მან გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ თავდასხმების განმეორების შემთხვევაში კონფლიქტის მასშტაბები რეგიონის საზღვრებს გასცდება.
ირანული სააგენტო „Mehr"-ი ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის 14-პუნქტიანი პროექტის ახალ დეტალებს ავრცელებს: „ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, ომის დაუყოვნებლივი და მუდმივი შეწყვეტა; „აშშ-ის ვალდებულება ირანის შიდა საქმეებში ჩაურევლობისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის სუვერენიტეტის პატივისცემის შესახებ;
„საზღვაო ბლოკადის სრული მოხსნა 30 დღის განმავლობაში; აშშ-ის ვალდებულება, გაიყვანოს თავისი ძალები ირანის შემოგარენიდან; ჰორმუზის სრუტის გახსნა 30 დღის განმავლობაში, ირანული მხარის მიერ განსაზღვრული წესებითა და მოწყობით; ნავთობის, ნავთობქიმიური პროდუქტებისა და მათი წარმოებულების გაყიდვაზე დაწესებული სანქციების შეჩერება და ირანის სრული წვდომა საკუთარ ფინანსურ რესურსებთან;
აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხრიდან ირანისთვის მინიმუმ 300 მილიარდი დოლარის ღირებულების რეკონსტრუქციის გეგმების წარდგენის აუცილებლობა; 60-დღიანი მოლაპარაკებები ბირთვულ საკითხებზე საბოლოო შეთანხმების მისაღწევად და აშშ-ის პირველადი და მეორადი სანქციების, ასევე გაეროს უშიშროების საბჭოსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მმართველთა საბჭოს რეზოლუციების სრული გაუქმება;
ირანის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებით (NPT) ნაკისრი ვალდებულების ხელახლა დადასტურება, რომ ის არ აწარმოებს ბირთვულ იარაღს; მოლაპარაკებების პერიოდში აშშ იღებს ვალდებულებას, რომ რეგიონში არ დაამატებს სამხედრო ძალებს და არ დააწესებს ახალ სანქციებს; ირანის ბლოკირებული 24 მილიარდი დოლარის გათავისუფლება 60-დღიანი საბოლოო მოლაპარაკებების პერიოდში.
ამ თანხის ნახევარი ირანისთვის ხელმისაწდომი უნდა გახდეს მოლაპარაკებების დაწყებამდე; შეთანხმების იმპლემენტაციის (შესრულების) მონიტორინგისთვის საზედამხედველო მექანიზმის შექმნა; საბოლოო შეთანხმება დამტკიცდება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით; საბოლოო მოლაპარაკებები არ დაიწყება ირანის დაბლოკილი ფინანსების ნახევრის გათავისუფლებამდე, ნავთობის სანქციების შეჩერებამდე და საზღვაო ბლოკადის მოხსნამდე.
საბოლოო შეთანხმება მხოლოდ გამდიდრებული მასალებისა და ურანის გამდიდრების ბედს, სანქციების მოხსნასა და ირანის ეკონომიკური რეკონსტრუქციის გეგმას შეეხება; დისკუსიები ირანის სარაკეტო პროგრამისა და წინააღმდეგობის ჯგუფების მხარდაჭერის შესახებ საბოლოოდ ამოღებულია დღის წესრიგიდან".
ცნობისთვის, მემორანდუმის საკითხები ემთხვევა, მანამდე „აქსიოს" მიერ გავრცელებულ დეტალებს. მეტიც, ცნობილი ხდება, რომ ტრამპი გეგმავს, რომ შეთანხმება გაფორმდეს ამ შაბათ-კვირას ჟენევაში. ამ პუნქტების მიღებაზე აბსოლუტურად განსხვავებული რეაქციები და უმწვავესი შიდა დისკუსიაა დაწყებული. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ტრამპს ეჩქარება დიდი საგარეო პოლიტიკური გამარჯვების გაფორმება, რათა შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირება „ომების დასრულების" შესახებ.
თუმცა, ანალიტიკოსები რამდენიმე პუნქტს აშშ-ისთვის „კაპიტულაციად" აფასებენ. ისრაელის ანალიტიკოსები პირდაპირ ამბობენ, რომ თუ ტრამპი ამ პირობებით მოაწერს ხელს შეთანხმებას, ისრაელი თავს იძულებულად ჩათვლის, იმოქმედოს დამოუკიდებლად.
ეს ნიშნავს, რომ ისრაელმა შესაძლოა მაინც განახორციელოს ცალმხრივი საჰაერო დარტყმები ირანის ბირთვულ ობიექტებზე, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ვაშინგტონი ამის მომხრე.
თუ შაბათ-კვირას ჟენევაში შეხვედრა მართლაც შედგა, ანალიტიკოსები ელიან, რომ ტრამპი ირანს აიძულებს ამ პუნქტების მოდიფიცირებას. ამასთან, 12 ივნისს დონალდ ტრამპსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისრაელი ირანთან პოტენციურ შეთანხმებას მხარს უჭერდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, ნეთანიაჰუმ ტრამპის მიმართ მადლიერება გამოხატა იმის გამო, რომ ირანთან საბოლოო შეთანხმება მოიცავს თეირანის გამდიდრებული ურანის ამოღებას, მისი ბირთვული ინფრასტრუქტურის დაშლას, მისი რაკეტების წარმოების შეზღუდვასა და რეგიონში „პროქსი რეჟიმების" მხარდაჭერის შეწყვეტას.
„პრეზიდენტი ტრამპი პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან ესაუბრა ირანთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმზე (MOU). მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი არ არის ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის მხარე, პრემიერ-მინისტრმა მადლიერება გამოხატა პრეზიდენტ ტრამპის ვალდებულების მიმართ, რომ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ საბოლოო შეთანხმება მოიცავს გამდიდრებული მასალის ამოღებას, ბირთვული ინფრასტრუქტურის დაშლას, რაკეტების წარმოების შეზღუდვასა და ირანის მიერ რეგიონული პროქსების მხარდაჭერის შეწყვეტას", - აღნიშნულია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.