თამთა ჩაჩანიძე
12.06.2026

პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ენმ-მა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი გამოკვეთა. მისი თქმით, ოპოზიცია შიდა უთანხმოებებსაც ვერ უმკლავდება და ქართველ ამომრჩეველთან წარმატების მიღწევის შანსიც არ გააჩნია.

კობახიძის განცხადებით, ახალი ოპოზიციური გაერთიანება ფაქტობრივად უკვე დაშლის პროცესშია, რაც, მისი თქმით, ოპოზიციის საერთო სისუსტისა და შიდა უთანხმოებების შედეგია.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მბობს, რომ ჟორჟოლიანის ჩართვა სულაც არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია და მმართველი პარტია მაქსიმალურად ცდილობს მისი ოპონენტები სუსტად წარმოაჩინოს.

  • ნიკა ჩიტაძე: "ქართულ ოცნებას" უბრალოდ სურს, რომ ოპოზიცია სუსტი წარმოაჩინოს, მაქსიმალური მცდელობაა, რომ ოპოზიციის დისკრედიტაცია მოხდეს"

"არა მგონია ეს სისუსტის ნიშანი იყოს, პირიქით. თვითონ ნანუკა ჟორჟოლიანს ქართველი ხალხის წინაშე დიდი დამსახურება აქვს. ვიცით როგორ მუშაობდა იმაზე, რომ ჯარიმები დაეფარა, იგივე პოლიტპატიმრებსა და მის მშობლებს დახმარებოდა და ა.შ. მგონია, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის პოლიტიკაში უფრო მეტად ჩართვა ოპზიციას გააძლიერებს.

"ქართულ ოცნებას" უბრალოდ სურს, რომ ოპოზიცია სუსტი წარმოაჩინოს, მაქსიმალური მცდელობაა, რომ ოპოზიციის დისკრედიტაცია მოხდეს",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ჟორჟოლიანის წინ წამოწევა, მართლაც ოპოზიციური სისუსტის ნიშანია და "უმძიმეს მდგომარეობაზე მეტყველებს".

"ნანუკა ჟორჟოლიანის წინ წამოწევა მძიმე არა, უმძიმეს მდგომარეობაზე მეტყველებს. ბატონმა სააკაშვილმა ბრძანა, რომ ბრწყინვალე ნანუკასი და მისი გუნდის შემოერთებას ვგეგმავო, ამის მერე დიდი დრო არ გასულა, როცა ნანუკამ კიდევაც განაცხადა, რომ მე ვუერთდებიო.

  • ედიშერ გვენეტაძე: "ნანუკა ჟორჟოლიანის წინ წამოწევა მძიმე არა, უმძიმეს მდგომარეობაზე მეტყველებს"

"ნანუკა და სააკაშვილი ერთად რომ არიან ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ხელისუფლება, თორემ ვინ იცის რა წუთში ჩამოაგდებენ რევოლუციის, ან სხვა გეგმებს, რომლებიც მათ დამუშავებული აქვთ სხვადასხვა ლიტერატურით - მე ამას იუმორით ვსაუბრობ, ამაზე რეალურად რა შეიძლება ითქვას? ეს "ნაციონალური მოძრაობის" დამბლა დაცემაა.

"კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოში აღარ არსებობს და ჩემდა სამწუხაროდ, არ არსებობს საერთოდ ოპოზიციური მოძრაობა, ესენი მხოლოდ არიან მეხუთე კოლონის წარმომადგენლები",- განაცხადა გვენეტაძემ.

რას ამბობს ირაკლი კობახიძე

პრემიერის თქმით, ოპოზიციას არ აქვს შანსი ქართველ ხალხთან წარმატებას რომ მიაღწიონ.

"გახსოვთ რამდენიმე თვის წინანდელი პროგნოზები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ახალი გაერთიანება აუცილებლად დაიშლებოდა, ისევე როგორც დაიშალა ათამდე მსგავსი გაერთიანება წარსულში. ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი - მთლიანობაში ოპოზიცია არის სუსტი და სისუსტის პირობებში რთულია მათთვის ერთმანეთთან თანამშრომლობა.

"ერთმანეთიც კი არ მოსწონთ, როგორ უნდა მოაწონონ ქართველ ხალხს თავი?! ეს არის მარტივი შეკითხვა, რომელიც შეიძლება დაისვას. აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს ამ ოპოზიციას იმის, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქართველ ხალხთან და ამიტომ არიან ორიენტირებული არა ქართველ ხალხზე, არამედ მათ გარე პატრონებზე. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა

"რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანის წინ წამოწევას ამ პროცესში, ესეც მეტყველებს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც არის შექმნილი რადიკალურ ოპოზიციაში",- განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×