თამთა ჩაჩანიძე
12.06.2026

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ საქართველოს დელეგაციასთან გამართული შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იყო და განხილვის მთავარი თემა ის საკითხები გახდა, რომლებმაც ევროკავშირს საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება მიაღებინა.

მათი შეფასებით, ევროკომისიამ ქართულ მხარეს დეტალურად გააცნო გადაწყვეტილების მიზეზები, ხოლო მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრის შედეგებს საკუთარ ხელისუფლებებს წარუდგენენ და შესაძლო შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ.

საქართველოს საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეს იყო ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის პირველი შეხვედრა სამუშაო დონეზე, რომლის ფარგლებშიც პოზიციები გაცვალეს. საქართველოს ხელისუფლება "მოელის, რომ ევროკავშირის მხარე უფრო მეტად გაითვალისწინებს იმ ლეგიტიმურ მიზეზებს, რაც არსებობს სავიზო დიალოგის ფარგლებში".

"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი შეხვედრას ეხმიანება, მისი ინფორმაციით, ევროკავშირის მხარემ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხში მხარეები "შორს ვერ წავიდნენ".

"როგორც ვიცი, ქართულმა მხარემ თქვა, რომ ეს საკმაოდ კარგი შეხვედრა იყო. ევროკავშირის მხარემ კი, ჩემი ინფორმაციით, თქვა, რომ ამ საკითხში შორს ვერ წავედითო. ასე რომ, აქ ვართ. ეს არის ზუსტად იგივე, იგივე პროცესის თავიდან დაწყება...

"მათ(საქართველოს ხელისუფლებას) სურთ პოლიტიკური დიალოგი. მათ სურთ დიალოგის განახლება ყველა პოლიტიკურ დონეზე. როგორც იცით, ევროკავშირი ამით განსაკუთრებით არ არის დაინტერესებული, რადგან ვერ ხედავენ, რა არის ამის აზრი",- ამბობს იოზვიაკი "პირველებთან".

რას აცხადებენ ევროკომისიაში

ევროკომისიის პრესსპიკერის მარკუს ლამერტის თქმით, 11 ივნისის შეხვედრა და ეს პროცესი მიმდინარე წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა შეჩერდა.

  • ევროკომისიის პრესსპიკერი: "პროცესის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რამაც შეჩერება გამოიწვია და ეს არის საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების დარღვევა დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში"

„ამ პროცესის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რამაც შეჩერება გამოიწვია და ეს არის საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების დარღვევა დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში", - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, კომისიამ ქართულ მხარეს დეტალურად გააცნო თავისი გადაწყვეტილების მიზეზები.

„გუშინდელი შეხვედრა ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, რომელიც ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე. კომისიამ დეტალურად გააცნო თავისი გადაწყვეტილების მიზეზები, რომლებიც დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებს ეხება. ქართულმა მხარემ ასევე წარმოადგინა თავისი შეხედულებები. დისკუსია ფაქტებზე დაფუძნებულ ატმოსფეროში წარიმართა. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ხელისუფლებას წარუდგენენ ანგარიშს და განიხილავენ არსებით და პოტენციურ შემდეგ ნაბიჯებს", -განაცხადა ლამერტმა.

საქართველოს ხელისუფლების პოზიცია

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს დელეგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის სავიზო დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს იყო პირველი სამუშაო შეხვედრა სამუშაო დონეზე, სადაც მხარეებმა პოზიციები გაცვალეს.

  • მაკა ბოჭორიშვილი: "მოველით, რომ ევროკავშირის მხარე უფრო მეტად გაითვალისწინებს იმ ლეგიტიმურ მიზეზებს, რაც არსებობს სავიზო დიალოგის ფარგლებში და იმ ლეგიტიმურ პირობებს, რაც აქვს ქართულ მხარეს"

"ჩვენი მხრიდან მთავარი მიზანი იყო, რომ ევროპულ მხარეს ამ დონეზე მისწოდებოდა ინფორმაცია და ქართული მხარის პოზიციები თითოეულ საკითხზე, რაც შეეხება სავიზო დიალოგს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მოველით, რომ ევროკავშირის მხარე უფრო მეტად გაითვალისწინებს იმ ლეგიტიმურ მიზეზებს, რაც არსებობს სავიზო დიალოგის ფარგლებში და იმ ლეგიტიმურ პირობებს, რაც აქვს ქართულ მხარეს.

"ქართულმა მხარემ წარმოადგინა ინფორმაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ აქამდე ვიხილეთ ევროკავშირის მიერ დაფიქსირებულ ანგარიშებსა თუ რეგულაციებში, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილია", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

პრემიერი ირაკლი კობახიძე კი იმედოვნებს, რომ ევრობიუროკრატიაში მიდგომები შეიცვლება.

"იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, ევროპულ ბიუროკრატიაში შეიცვლება მიდგომები, ჩამოყალიბდება სამართლიანი მიდგომა ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის მიმართ. ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი და აბსოლუტურად ღია ვართ დიალოგისთვის.

"რეალურად სამწუხაროა, რომ შანტაჟისთვის გამოიყენება ვიზალიბერალიზაციის საკითხი. ჩვენ თავის დროზე რეალურად ჩავკეტეთ ყველა გზა შანტაჟისთვის, დარჩა ერთადერთი თეორიული ინსტრუმენტი, ეს არის ვიზალიბერალიზაცია და კონკრეტული ძალები ცდილობენ, ეს ინსტრუმენტი გამოიყენონ შანტაჟისთვის ქართველი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის არასწორი მიდგომა. ჩვენ გვინდა სამართლიანი მიდგომა და ამ გზავნილით ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რას ამბობენ ოპოზიციაში

ენმ-ს გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის ინტერესია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ შეეხოს საქართველოს მოქალაქეებს და მხოლოდ „ივანიშვილის რეჟიმი და მისი წარმომადგენლები" დაისაჯონ".

„ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში უფრო და უფრო ახლოვდება საქართველო ჩვენი მთავარი მონაგარის დაკარგვასთან, ვგულისხმობ უვიზო მიმოსვლას. ამისთვის ყველაფერს აკეთებს ივანიშვილის რეჟიმი, თუმცა ეს რომ არ მოხდეს, ამისთვის ყველაფერს აკეთებს ოპოზიცია. ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობაში ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ არ უნდა დაისაჯოს ქართველი მოსახლეობა, არამედ უნდა დაისაჯოს ივანიშვილის რეჟიმი და მისი წარმომადგენლები, თუმცა, ალბათ, მოთმინების ფიალასაც აქვს ზღვარი, ამიტომაც უნდა მოხდეს ამ სისტემის დემონტაჟი, რომ მოხდეს ამ საფრთხის თავიდან არიდებაც", - აღნიშნა ფავლენიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×