ვაშინგტონი და თეირანი ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას უახლოვდებიან და ურთიერთგაგების მემორანდუმი შესაძლოა უკვე ამ დღეებში, „დიდი შვიდეულის" სამიტის წინ, ან უშუალოდ სამიტის მსვლელობისას გაფორმდეს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მხარეები ზავის ტექსტზე პრინციპულად შეჯერდნენ და თეთრი სახლი წარმატების 85%-იან შანსზე საუბრობს, პროცესს ფონად სამხედრო ინციდენტები, ლიდერებს შორის აზრთა სხვადასხვაობა და ირანის მიერ ურანის მარაგების დანაღმვის საიდუმლო ოპერაცია ახლავს.
13 ივნისს აშშ-ის სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰორმუზის სრუტის სიახლოვეს რამდენიმე ირანული დრონი ჩამოაგდეს, რომელთა სამიზნეც სრუტეში მყოფი კომერციული გემები იყო.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს მკაცრად გააკრიტიკა ირანის სახელმწიფო მედიის მიერ პოტენციური შეთანხმების პირობების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ ის მნიშნელოვნად განსხვავდება ამერიკული ვერსიისგან, რამაც მოლაპარაკებების მიმდინარეობას გარკვეული ბუნდოვანება შესძინა. ჯერჯერობით უცნობია, მისცა თუ არა თანხმობა დოკუმენტს ირანის უზენაესმა ლიდერმა, თუმცა ქვეყნის საგარეო უწყებაც მიანიშნებს, რომ ჩარჩო შეთანხმება მიღწევადია.
საინტერესოა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირის განცხადებით, ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა საფუძველს ჩაუყრის კიდევ 60-დღიან „ტექნიკურ" მოლაპარაკებას, რომელიც დოკუმენტის იმპლემენტაციასა და სხვა დარჩენილ საკითხებს შეეხება.
დასავლური მედია ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას „დიდი შვიდეულის" სამიტთან აკავშირებს, რომელიც 15-17 ივნიის საფრანგეთის ალპებში, შვეიცარიის საზღვართან მდებარე ქალაქ ევიანში გაიმართება. სამიტში მონაწილე ქვეყნების დელეგაციები დანიშნულების ადგილას შვეიცარიის გავლით, ჟენევის აეროპორტიდან ჩავლენ. სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონიალი შესაძლოა სამიტის დაწყების წინ, ან მისი მსვლელობისას სწორედ ჟენევაში შედგეს. ზოგიერთი წყაროს ცნობით კი, მემორანდუმს შეიძლება დისტანციურად მოეწერს ხელი.
- ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, დაგეგმილია კიდევ 60-დღიან „ტექნიკური" მოლაპარაკება, რომელიც დოკუმენტის იმპლემენტაციასა და სხვა დარჩენილ საკითხებს შეეხება.
შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევს განაცხადა, შვეიცარია მზადაა უმასპინძლოს აშშ-სა და ირანს შორის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას.
„შვეიცარია პროცესში სრულადაა ჩართული. ჩვენ მჭიდრო კავშირი გვაქვს როგორც შეერთებულ შტატებთან, ისე ირანთან", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა პარასკევს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „80-დან 85 პროცენტამდეა" დარწმუნებული, რომ უახლოეს დღეებში თეირანთან გააფორმებს შეთანხმებას, რომელიც ომს წერტილს დაუსვამს.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შაჰბაზ შარიფმა, რომლის ქვეყანაც ომის დასრულების მცდელობებში მედიატორის როლს ასრულებს, პარასკევს განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე შეთანხმება უკვე მიღწეულია.
ურანის საკითხი
ამერიკულ დაზვერვასთან დაახლოებულ ხუთ წყაროზე დაყრდნობით, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ირანმა მკვეთრად გააძლიერა ძალისხმევა გამდიდრებული ურანის მარაგების საიმედოდ დასამალად, რომელიც, შესაძლოა, ბირთვული იარაღის დასამზადებლად იქნეს გამოყენებული. ამ წყაროების ცნობით, ირანელებმა მიზანმიმართულად ჩამოანგრიეს გვირაბები, სადაც ურანია დასაწყობებული და მათი შესასვლელები დანაღმეს.
- მედიის ცნობით, ირანმა ჩამოანგრია გვირაბები, სადაც ურანი ინახებოდა და მათი შესასვლელები დანაღმა.
წყაროების ცნობით, დაახლოებით ნახევარ ტონა მაღალგამდიდრებულ ურანთან მიღწევა ახლა ბევრად უფრო რთული, სახიფათო და დროში გაწელილი პროცესია, ვიდრე სულ რაღაც ერთი თვის წინ იყო, როდესაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საჯაროდ მიანიშნებდა, რომ შესაძლოა აშშ-ის არმიისთვის ამ მარაგების ხელში ჩაგდების ბრძანება მიეცა.
ტრამპი ბევრჯერ აცხადებდა, რომ გამდიდრებული ურანის საკითხი აშშ-ისთვის მიმდინარე მოლაპარაკებებში პრიორიტეტულია. როგორც მისი ადმინისტრაციის წარმომადგენელმა პარასკევს ჟურნალისტებთან ბრიფინგზე აღნიშნა, მხარეები ნელ-ნელა უახლოვდებიან შეთანხმებას, რომელიც ირანს დაავალდებულებს, გამდიდრებული ურანი აშშ-ს გადასცეს.
მიუხედავად ამისა, ამერიკელი და ირანელი ოფიციალური პირები ამ საკითხზე წინასწარი შეთანხმების შესახებ ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებს ავრცელებენ და მისი ზუსტი პირობები კვლავ ბუნდოვანი რჩება.