მარიამ ვეკუა
13.06.2026

მედიაში სამართალდამცავების მხრიდან დაკავებულ მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობის კადრების გავრცელებას მწვავე პოლიტიკური რეაქციები მოჰყვა. ოპოზიცია „ივანიშვილის რეპრესიულ სისტემაზე" საუბრობს, ხოლო მმართველი გუნდი ოპოზიციურ მედიას „მანიპულაციასა და ინფორმაციულ ძალადობაში" ადანაშაულებს, რადგან ჩანაწერი 4 წლის წინაა გაკეთებული, ინციდენტში მონაწილე პოლიციელები დიდი ხნის დაკავებული არიან და ამის შესახებ საჯარო წყაროებითაც ყველასათვის იყო ცნობილი.

დაკავებულებზე ძალადობის კადრები „ტვ პირველმა" გაავრცელა. მათი ცნობით, წამების კადრებს თავად პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო პირი, რომელმაც ეს ჩატი გატეხა და ფაილები გადმოწერა, დააკავეს.

ამ საკითხზე საგანგებო განცხადება გაავრცელა შსს-მ. უწყების ცნობით, საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში მივლინებით მყოფი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული. შს სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა, რომ ეს ადამიანები 2026 წლის 23 თებერვალს დააკავეს.

გარდა ამისა, ინტერნეტში იძებნება ინფორმაცია, რომ ამ ინციდენტზე და მასში მონაწილე პოლიციელების დაპატიმრებაზე 23 თებერვალს მედიამაც გაავრცელა ინფორმაცია, მათ შორის „ტვ პირველმაც".

ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევა და ამ სახის დანაშაულს, სავარაუდოდ, სისტემური ხასიათი აქვს.

  • არჩილ გორდულაძე: „(ბიძინა ივანიშვილმა) ხელისუფლება მთლიანად კობახიძის გუნდს - პრაქტიკულად სხვა ხალხს, მთავრობისა და ძალოვანების ახალ შემადგენლობას გადასცა, რომლებმაც პირწმინდად გაწმინდეს და გაასუფთავეს ეს პრობლემები".

„არსებობს, სავარაუდოდ, ათასობით სხვა შემთხვევა, რომლის დროსაც ვერ შეძლეს საქართველოს მოქალაქეებმა მტკიცებულების მოპოვება. ცხადია, რომ საქართველოში რეპრესიული სისტემა ივანიშვილის პირობებში ყოველდღიურად ხდება უფრო და უფრო ძალადობრივი. უნდა დაისაჯოს ყველა პირი. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, გამოაშკარავდეს ყველა დამნაშავე და დაისაჯოს", - განაცხადა „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ.

მომხდარს მმართველ გუნდშიც გმობენ და აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ ადრე მსგავსი გადაცდომები, სავარაუდოდ, ხდებოდა, თუმცა ხელისუფლებაში მოსულმა „კობახიძის გუნდმა" ეს პრობლემები სრულად აღმოფხვრა.

„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე, ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად, სხვადასხვა ცალკეული პრობლემაც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება და თქვა კიდეც! ხელისუფლება მთლიანად კობახიძის გუნდს - პრაქტიკულად სხვა ხალხს, მთავრობისა და ძალოვანების ახალ შემადგენლობას გადასცა, რომლებმაც პირწმინდად გაწმინდეს და გაასუფთავეს ეს პრობლემები, კორუფციაზე უმაღლესი თანამდებობის პირები დააკავეს და ისიც ფაქტია, რომ არც ის პოლიციელები დაინდეს, ვინც დანაშაული ჩაიდინა.

„როგორც აღმოჩნდა, ძალადობის გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ! რაც შეეხება ინფორმაციის დამალვას, რომ დანაშაულში მხილებული პირები დაკავებულები არიან, სწორედ ეს არის მავნებლობა და ინფორმაციული ძალადობა ადამიანებზე", - წერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე სოციალურ ქსელში.

მომხდარს გამოეხმაურა „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძეც და აღნიშნა, ტელეკომპანიამ, რომელიც აღნიშნული კადრები გაავრცელა, იცოდა, რომ ძალადობის ფაქტებში ჩართული პოლიციელები დაკავებულები იყვნენ და „მისი მხრიდან აღნიშნული კადრების გავრცელება საზოგადოებაში ვნებათაღელვის გამოწვევას ემსახურებოდა".

„ფაქტი, რაც ვნახეთ, ძალიან ცუდია, კრიტიკას ვერ უძლებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაშინვე მოჰყვა რეაგირება და სამივე ადამიანი, როგორც ჩვენ ვიხილეთ განცხადებაში, არის პასუხისგებაში მიცემული. აქ არის მეორე სამწუხარო თემა, რომ კონკრეტულმა ტელევიზიამ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან დაკავშირებით იცოდა, შესაბამის უწყებას მიწოდებული ჰქონდა ინფორმაცია და მიზანმიმართულად არ მოხდა ამ ყველაფრის გავრცელება. მიზეზს, მგონი, ყველა ვხვდებით რა არის - რომ ვნებათაღელვა გამოეწვიათ საზოგადოებაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ტელევიზიები მანიპულირებენ კონკრეტული საკითხებით", - განაცხადა კალაძემ.

რა დგას განცხადებების მიღმა

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი არჩილ გორდულაძეს განცხადებას, რომ კობახიძის გუნდის მოსვლამდე იყო პრობლემები და ახალმა გუნდმა ის აღმოფხვრა, „ამორალურად" აფასებს.

„ძალიან ამორალური განცხადებაა, რადგან გუნდი ერთია. მუდმივი ხდება გადაბრალება სხვებისთვის, რომლებიც აღარ არიან პარტიაში, მაგალითად, გახარიას წინააღმდეგ ჩორჩანის თემაზე და ეს კიდევ უფრო საშინელებაა - პოლიციელების გადაცდომების (გადაბრალება)...

  • პაატა ზაქარეიშვილი: „ცოტა ხნის წინ არ ვნახეთ, გორში რომ სცემდნენ პოლიციელები მოქალაქეს? ესეც ღარიბაშვილის დროს იყო? ამ ტიპის განცხადებებს გავლენა აქვთ მხოლოდ მათ ამომრჩეველზე, რომელიც მზად არის თავი მოიტყუოს".

„ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნონ და ყოველთვის ვიღაცას გადააბრალებენ, თუ რამე გადაცდომა იქნება. ვიდრე არ მოხდა გუშინდელი კადრების ჩვენება, მანამდე ჩუმად იყვნენ. კობახიძე რომ მოვიდა, რატომ არ თქვა - „იყო ამ ტიპის ფაქტები და ჩვენ ვცვლით პოლიტიკას"? ერთდერთი, რაზეც ჰქონდათ რეაგირება, ეს არის კორუფცია. ვიდრე კობახიძე არ შეიცვლება, არ გვეცოდინება რას აკეთებს კობახიძის გუნდი? მერე სხვა გუნდი ილაპარაკებს, რომ „ჩვენს მოსვლამდე ეს რაღაცები ხდებოდა"? ცოტა ხნის წინ არ ვნახეთ, გორში რომ სცემდნენ პოლიციელები მოქალაქეს? ესეც ღარიბაშვილის დროს იყო? ამ ტიპის განცხადებებს გავლენა აქვთ მხოლოდ მათ ამომრჩეველზე, რომელიც მზად არის თავი მოიტყუოს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ გორდულაძემ ხაზი ბოლო წლებში უკეთესობისკენ შეცვლილ ტენდეციას გაუსვა.

  • გია აბაშიძე: „როგორც ჩანს, ბოლო წლებში ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი უკეთესობისკენ... ვიცით, რომ იყო კიდევ სხვა პრობლემები უმაღლეს მმართველობაში და რამდენიმე მაღალჩინოსანი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა სხვა ბრალდებების გამო."

„უჩვეულო არ არის არაფერი იმაში, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება ხოლმე პოლიცილების მხრიდან ძალის გადაჭარბებულად გამოყენება. მსგავსი ფაქტი უამრავია ევროპაში, მთავარია როგორ ხდება ამის აღკვეთა - დროულად, თუ ფიქტიური გამოძიებით. როგორც ჩანს, ბოლო წლებში ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი უკეთესობისკენ. ვფიქრობ, სწორედ ამას გაუსვა ხაზი არჩილ გორდულაძემ. შესაბამისად, ვიცით, რომ იყო კიდევ სხვა პრობლემები უმაღლეს მმართველობაში და რამდენიმე მაღალჩინოსანი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა სხვა ბრალდებების გამო. შესაბამისად, როცა სისტემას სჭირდება მუდმივი მონიტორინგი, ვგულისხმობ სამართალდამცავებს, ეს ხორციელდება. ეს ჩანს გახსნილი საქმეების მაღალი პროცენტული მაჩვენებლით და როგორც კი მოხდება გადაცდომა პოლიციელების მხრიდან, ამას რეგირება აქვს", - განაცხადა აბაშიძემ.

როგორ გამოიყენებს ამას ოპოზიცია

გია აბაშიძე ამბობს, რომ დღევანდელ ოპოზიცია ისევ ფუჭ გასროლას ახორციელებს.

„ისევ ფუჭ გასროლას აკეთებენ ამ ე.წ გრანდიოზული აქციებით. შემთხვევა მოხდა 4 წლის წინ, ელემენტარულად შეიძლება ამის გადამოწება ინტერნეტში, თუმცა მაინც ჯიუტად მიჰყვებიან მელაძის მავნებლურ პროპგანდას. არ არის გასაკვირი, მაგრამ, ხომ ხედავენ, საზოგადოების უდიდესი ნაწილია არ დგას ოპოზიციის მხარეს. სიმართლეც რომ ილაპარაკოს რადიკალურმა ფრთამ, მაინც არ დაეჯერება, რადგან მათი მთლიანი აქტივობა დამოკისებულია მანიპულაციებზე", - განაცხადა აბაშიძემ.

პაატა ზაქარეიშვილსაც ჰგონია, რომ ოპოზიცია გავრცელებულ კადრებს ვერ გამოიყენებს:

„მე ოპოზიციისგან კარგს არაფერს ველოდები. „ქართული ოცნების" სიძლიერის, უტიფრობის, ანტიკოსტიტუციური ქცევების ერთადერთი წყარო არის უმსგავსო, უგვანი ოპოზიცია, რომელიც პარლამენტში არ შედის და ბოიკოტებს უცხადებს არჩევნებს."

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×