
აფხაზეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა და დე ფაქტო პარლამენტის წევრმა კან კვარჩიამ განაცხადა, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გაუარესების ეტაპზეა, რასაც სოხუმის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
თავად კვარჩიას და რუსეთს ხელისუფლებასთან ურთიერთობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად დაეძაბა. თავდაპირველად მან რუსეთის მოქალაქეობა დაკარგა, მოგვიანებით კი რუსეთის სასამართლომ დაუსწრებლად 10,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე უკავშირდება ბრალდებას, რომლის მიხედვითაც კვარჩია რუსი პოლიტტექნოლოგებზე შეიარაღებულ თავდასხმაში მონაწილეობდა.
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატმა პრესკონფერენცია გამართა და განაჩენს „სახიფათო პრეცედენტი" უწოდა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ნეგატიურად აისახება მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობებზე.
„ამ ამბავში მთავარი ის არის, რომ მე აფხაზეთის მოქალაქე ვარ. მიუხედავად ამისა, რუსეთის სასამართლო სჯის ჩემს ქმედებებს, რომლებიც, სავარაუდოდ, აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხდა. ეს აბსოლუტური სისულელეა", - განაცხადა კვარჩიამ.
მისი შეფასებით, პრობლემურია ისიც, რომ აფხაზეთის ხელისუფლებას აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია. კვარჩიას აზრით, ასეთმა მიდგომამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს „რესპუბლიკის სუვერენიტეტის" აღქმაზე.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ აფხაზეთისთვის რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება აუცილებელია და ხაზს უსვამს, რომ ორმხრივმა კავშირებმა მნიშვნელოვანი განვითარება ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განიცადა. თუმცა, მისი თქმით, დღეს ეს ურთიერთობები რეგრესის ნიშნებს აჩვენებს.
- მამუკა არეშიძე: „საერთოდ ანტიქართული განწყობით გამოირჩევა, მაგრამ ამ ბოლო განცხადებაში ისეთი პასაჟი ჩასვა, რომ ურთიერთობის რაღაც სისტემა საქართველოსათანაც უნდა შევქმნათო."
„ურთიერთობები ურთიერთპატივისცემაზე უნდა იყოს აგებული. როდესაც ერთი მხარე მეორეს საკუთარ ხედვებს ახვევს თავს, ამას თანამშრომლობა აღარ ჰქვია. ჩვენ მზად ვართ მეგობრობისა და ძმობის ნიშნად ხელი ჩამოვართვათ, მაგრამ აფხაზ ხალხს საკუთარი შეხედულებები აქვს და მათი იგნორირება დაუშვებელია", - თქვა მან.
კვარჩიას განცხადებებს მალევე გამოეხმაურა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ბადრა გუნბა. მისი თქმით, აფხაზეთის მოსახლეობა აფასებს რუსეთთან მოკავშირეობას, რომელიც ურთიერთპატივისცემას, ნდობასა და საერთო ინტერესებს ეფუძნება.
უფრო მკაცრი შეფასება გააკეთა ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა ბესლან ბიგვავამ. მისი თქმით, რუსეთი აფხაზეთის მთავარი და, პრაქტიკულად, ერთადერთი სტრატეგიული მოკავშირეა.
„ნებისმიერი განცხადება ან ქმედება, რომელიც ჩრდილს აყენებს აფხაზეთსა და რუსეთს შორის მოკავშირეობას, მიუღებელია და არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს", - აღნიშნა მან.
დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ლაშა აშუბამ კი განაცხადა, რომ კვარჩიას პოზიცია მხოლოდ ერთი დეპუტატის პირადი მოსაზრებაა და არ გამოხატავს „პარლამენტის" საერთო დამოკიდებულებას.
ე.წ. მმართველი გუნდის რეაქცია გააკრიტიკა საზოგადო მოღვაწე ახრა ბჟანიამ. მისი შეფასებით, „ხელისუფლების" წარმომადგენლები შეშფოთებულები არიან იმის გამო, რომ მოსკოვის მხრიდან დუმილი შესაძლოა კვარჩიას განცხადებებისადმი თანხმობად იქნეს აღქმული.
„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი სასწრაფო დაგმობა რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს, ის ცდება. ეს მხოლოდ აფხაზეთის ავტორიტეტს აზიანებს", - განაცხადა მან.
კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ კვარჩია აფხაზეთში გავლენიანი პიროვნებაა და სმენადია.
„კან კვარჩია ჩვენს წინააღმდეგ ომის ვეტერანია, რომელიც რეგიონში საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა და ოპოზიციის ლიდერი. თან აფხაზეთში გავლენიანი პიროვნებაა, რომელსაც ეპატაჟური განცხადებები ახასიათებს. განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 2025 წლის ე.წ. სპარეზიდენტო არჩევნების წინ. ბოლოს და ბოლოს იმდენი ქნა, რომ რუსეთმა მოქალაქეობა შეუჩერა. პლუს, კრასნოდარის მხარეში მის წინააღმდეგ საქმე იყო აღძრული და 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის „დეპუტატია" და ამ სასჯელის აღსრულება ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
„საკმაოდ აქტიური პიროვნებაა. ეს არ ნიშნავს, რომ ანტირუსული განწყობისაა, უბრალოდ კრემლის პოლიტიკას აკრიტიკებს აფხაზეთის მიმართ. თან იცის საზოგადოებას როგორ მიაწოდოს ინფორმაცია და სმენადია.
„საერთოდ ანტიქართული განწყობით გამოირჩევა, მაგრამ ამ ბოლო განცხადებაში ისეთი პასაჟი ჩასვა, რომ ურთიერთობის რაღაც სისტემა საქართველოსათანაც უნდა შევქმნათო. ამის მაგალითად მოიყვანა ის, რომ გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა იომეს, მაგრამ მერე რაღაც ურთიერთობა მაინც ჩამოაყალიბეს. ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ და არ შეიძლება მუდმივად ამ სიტუაციაში ვიყოთო. ამან აფხაზური პოლიტიკური ელიტის გაღიზიანება გამოიწვია და „ვიცე-პრემიერმა" ერთი ამბავი ატეხა", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".