
ირანსა და აშშ-ს შორის სამშვიდობო შეთანხმებამდე ბოლო ეტაპები დარჩა, რომელსაც მხარეები ხელს მოაწერენ, 19 ივნისს შვეიცარიაში. ირანი 14 პუნქტიანი მემორანდუმიდან ორის ამოქმედებას დღესვე ითხოვს, რაც ყველა ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტასა და საზღვაო ბლოკადის მოხსნას ითვალისწინებს.
ანალიტიკოსები საბოლოო შეთანხმებას ეჭვის თვალით უყურებენ და ამბობენ, რომ ცალსახად იმის თქმა, რომელი მხარე რჩება მოგებული, რთული სათქმელია. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იურიდიულ და საერთაშორისო საკითხებში განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი დასრულებულია და ოფიციალურად ხელი პარასკევს შვეიცარიაში მოეწერება.
„ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი დასრულებულია და ურთიერთგაგების მემორანდუმის ოფიციალური ხელმოწერა პარასკევს შვეიცარიაში გაიმართება", - განუცხადა ყაზემ ღარიბაბადიმ სახელმწიფო მედიას. მან ხაზგასმით აღნიშნა: "ჩვენი ვალდებულებები ძალაში პარასკევიდან შევა".
ასევე, ირანელმა ოფიციალურმა პირმა განმარტა, რომ "ორი საკითხი ძალაში შევა დღეს": „1. ომის სამუდამოდ და დაუყოვნებლივ დასრულება ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში. 2. საზღვაო ბლოკადის მოხსნა და დასრულება, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ დააწესა", - დასძინა მან.
ღარიბაბადიმ განაცხადა, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმი „არა მხოლოდ დიპლომატიური ძალისხმევის პროდუქტია", არამედ ირანის „სამხედრო მიღწევა".
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან შეთანხმება მიღწეულია და აშშ შეწყვეტს ქვეყნის საზღვაო ბლოკადას, ასევე, გაიხსნება ჰორმუზის სრუტე.
მთავარმა შუამავალმა პაკისტანმა კი განაცხადა, რომ ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია პარასკევს, 19 ივნისს, შვეიცარიაში გაიმართება. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ერთ-ერთი პუნქტი აშშ-ის მიერ დაწესებული საზღვაო ბლოკადის 30 დღის ვადაში მოხსნას ითვალისწინებს.
ირანული მედია იუწყება, რომ მემორანდუმი 14 პუნქტისგან შედგება პუნქტები მოიცავს : მუდმივი ცეცხლის შეწყვეტას ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში; აშშ-ის ვალდებულებას, არ ჩაერიოს ირანის შიდა საქმეებში; აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნა 30 დღის ვადაში; აშშ-ის ძალების გაყვანას ირანიდან; ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას 30 დღის ვადაში ირანის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად; აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ ირანისთვის მინიმუმ 300 მილიარდი დოლარის ღირებულების რეკონსტრუქციის გეგმების წარდგენას; ირანის ნავთობისა და ენერგეტიკულ პროდუქტებზე დაწესებული სანქციების გაუქმებას;
ირანის მიერ ბირთვული იარაღის წარმოების შეწყვეტის ვალდებულების დადასტურებას; აშშ-ის ვალდებულებას, არ გაზარდოს თავისი ძალები რეგიონში და არ დააწესოს ახალი სანქციები. ირანული საინფორმაციო სააგენტო Mehr-ის ინფორმაციით,
„საბოლოო მოლაპარაკებები არ დაიწყება მანამ, სანამ ირანის გაყინული სახსრების ნახევარი არ გათავისუფლდება, ირანის ნავთობზე დაწესებული სანქციები არ შეწყდება და საზღვაო ბლოკადა არ მოიხსნება".
სააგენტოს ცნობით, საბოლოო შეთანხმებას გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია დაამტკიცებს. ამასთან, დონალდ ტრამპი წერს, რომ ბეირუთზე თავდასხმა არ უნდა მომხდარიყო.
„ისრაელს უფლება აქვს, დაიცვას თავი საფრთხეებისგან, მაგრამ თავდასხმა, რომელზეც ის პასუხობდა, ძალიან მცირე და უაზრო იყო, არავინ დაშავებულა ან დაღუპულა და არ უნდა შეაფერხოს ეს მნიშვნელოვანი პროცესი", - აცხადებს ტრამპი.
მისი თქმით, ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან, რომელიც მშვიდობას მოიტანს რეგიონში.
„ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან, რომელიც მშვიდობას მოიტანს რეგიონში, მათ შორის ლიბანში, და ყველა მხარემ უნდა შეწყვიტოს მოქმედება. ისრაელის მხრიდან ლიბანის რომელიმე წერტილში აღარ უნდა იყოს თავდასხმები, მაგრამ ასევე არ უნდა იყოს თავდასხმები სხვა მხარისგან, მათ შორის „ჰეზბოლასგან", ისრაელის წინააღმდეგ. შეიძლება იყოს ხანგრძლივი და ლამაზი მშვიდობის დასაწყისი - ნუ ჩავაფლავებთ ამ შესაძლებლობას!"- წერს ტრამპი.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი წერს, რომ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და წესრიგის დამყარებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა.
„ხაზგასმით ვაცხადებ, რომ შეთანხმების ხელმოწერამდე პერიოდში თავიდან უნდა იქნას აცილებული რიტორიკა, პროვოკაციები და ქმედებები, რომლებმაც შეიძლება დაძაბულობა გაზარდოს", - აცხადებს ერდოღანი.
მისი თქმით, საჭიროა შესაძლო საბოტაჟის წინააღმდეგ სიფხიზლის შენარჩუნება. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხაზს უსვმს, რომ თურქეთი გააგრძელებს ყველა იმ ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და სიმშვიდის დამყარებას და ხელს შეუწყობს დიპლომატიასა და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ ხანგრძლივ გადაწყვეტილებებს.
ანალიტიკოსების აზრით, ამ შეთანხმებით ყველაზე მეტად უკმაყოფილო ისრაელი რჩება. ისრაელი ამ მოლაპარაკებების მიღმა აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება ლიბანში (ჰეზბოლას წინააღმდეგ) სამხედრო მოქმედებების დასრულებასაც ითვალისწინებს, ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი თავს ამ შეთანხმების მხარედ არ მიიჩნევენ და იტოვებენ მოქმედების თავისუფლებას, რაც ზავის მდგრადობას საფრთხეს უქმნის.
ანალიტიკოსების გარკვეული ნაწილის აზრით, სიტუაციას ტაქტიკური კუთხით თუ შევხედავთ, თეირანმა საკმაოდ ჭკვიანური მანევრი გააკეთა, რადგან მიაღწია მთავარს დათმობის გარეშე. ირანის უპირველესი მიზანი ეკონომიკური ბლოკადის გარღვევა და სანქციების მოხსნა იყო.
ამ შეთანხმებით ის იღებს ეკონომიკურ ამოსუნთქვას და წვდომას მილიარდობით დოლარის გაყინულ აქტივებზე. ანალიტიკოსების აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ირანს თავისი ბირთვული პროგრამა არ შეუჩერებია და არც ურანის გამდიდრების ცენტრიფუგები დაუშლია. ეს საკითხი უბრალოდ "სამომავლოდ გადადეს".
ანუ, ირანმა ეკონომიკური სარგებელი მიიღო ისე, რომ თავისი მთავარი სამხედრო ბერკეტი ხელუხლებელი შეინარჩუნა. ასევე, მათი შეფასებით, ომმა და ბლოკადამ ირანის შიდა ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა. ეს 60-დღიანი ზავი მათ საშუალებას აძლევს ძალები აღიდგინონ, ნავთობის ექსპორტი განაახლონ და შიდა უკმაყოფილება ჩააცხრონ.
მიუხედავად ამ აშკარა პლიუსებისა, სკეპტიკოსი ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ირანის ეს "მოგება" დროებითია და დიდ რისკებს შეიცავს. მაგალითად საუბრობენ მახეზე "60 დღეში"- ეს არის დროებითი მემორანდუმი და არა მყარი ხელშეკრულება. 60 დღის შემდეგ, როცა ბირთვულ პროგრამაზე რეალური მოლაპარაკებები დაიწყება, ვაშინგტონი თეირანისგან უმძიმეს დათმობებს მოითხოვს. თუ ირანი არ დათმობს, სანქციები კიდევ უფრო მკაცრად დაბრუნდება.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ ირანისთვის ჰორმუზის სრუტე მთავარი თავდაცვითი და გეოპოლიტიკური იარაღი იყო. მისი გახსნა საერთაშორისო ნაოსნობისთვის, თანაც ყოველგვარი ირანული კონტროლის გარეშე, თეირანის მხრიდან სერიოზული სტრატეგიული უკანდახევაა.