მარიამ ვეკუა
15.06.2026

ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო მანქანისა და „ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ ახალი შეზღუდვები აამოქმედა და პარალელურად, სანქციების 21-ე პაკეტზე დაიწყო მუშაობა. ბრიუსელის მზარდ ეკონომიკურ ზეწოლას კრემლში თავდაჯერებული რიტორიკით ხვდებიან და აცხადებენ, რომ რუსული საბანკო სექტორი შეზღუდვების პირობებშიც „აბსოლუტურ სტაბილურობას" ინარჩუნებს.

ორშაბათს ევროკავშირმა დაამტკიცა ახალი შეზღუდვები იმ ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო აგრესიას. ევროკავშირის საბჭოს ორშაბათის განცხადებით, სანქციების სიას სულ 34 ფიზიკური და 47 იურიდიული პირი დაემატა.

მათ შორის არიან რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული სუბიექტები, ნავთობისა და გაზის ტანკერების ე.წ „ჩრდილოვანი ფლოტი" და ის პირები, რომლებიც რუსეთის პოლიტიკური ჩარევის კამპანიებში მონაწილეობენ.

ახალი შეზღუდვების დამტკიცების პარალელურად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები უფრო ფართო, სანქციების 21-ე პაკეტს განიხილავენ - აღნიშნულია ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის, კაია კალასის განცხადებაში.

„დღეს სანქციების კიდევ ერთი პაკეტი დავამტკიცეთ, რათა რუსეთზე ომის დასრულების მიზნით მეტი ზეწოლა მოვახდინოთ. ამ ზომების სამიზნე რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, მისი „ჩრდილოვანი ფლოტი" და სხვადასხვა ქსელებია, რომლებიც ევროპის წინააღმდეგ მოსკოვის ჰიბრიდულ თავდასხმებს ხელს უწყობენ. პარალელურად, 21-ე სანქციების პაკეტზე მუშაობა მიმდინარეობს", - აღნიშნა კალასმა.

  • კაია კალასი: „დღეს სანქციების კიდევ ერთი პაკეტი დავამტკიცეთ, რათა რუსეთზე ომის დასრულების მიზნით მეტი ზეწოლა მოვახდინოთ."

მთავარი სამიზნე, როგორც აღინიშნა, "ჩრდილოვანი ფლოტია"- ევროკავშირისა და G7-ის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული საფასო ზედა ზღვრის ($60 ბარელზე) გვერდის ავლის მიზნით, რუსეთმა შექმნა ძველი, ხშირად დაუზღვეველი ტანკერების ქსელი (ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი).

ბოლო პერიოდში ბრიუსელის მთავარი აქცენტი სწორედ ამ გემების ინდივიდუალურ ბლოკირებაზე გადავიდა, რათა მოსკოვმა ნავთობის ექსპორტიდან შემოსავლების მიღება ვეღარ შეძლოს. ვინაიდან წინა პაკეტებმა თითქმის სრულად მოიცვა პირდაპირი ვაჭრობა ევროკავშირსა და რუსეთს შორის, ახალი (მათ შორის 21-ე) პაკეტების მთავარი საზრუნავი სანქციების გვერდის ავლის სქემების ჩაკეტვაა.

ეს ეხება მესამე ქვეყნების (მაგალითად, ჩინეთის, ცენტრალური აზიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების) იმ კომპანიებს, რომლებიც რუსეთს ორმაგი დანიშნულების ელექტრონიკასა და სამხედრო კომპონენტებს აწვდიან. რუსული მხარე ამბობს, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება.

"ჩვენი უმსხვილესი ბანკები უკვე დიდი ხანია სანქციების ქვეშ იმყოფებიან. ეს მათ ხელს არ უშლის დიდი მოგების მიღებაში, განვითარებასა და აბსოლუტური სტაბილურობის შენარჩუნებაში",- განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, როდესაც მას ახალი შეზღუდვების ფონზე საბანკო სექტორის მდგრადობის შესახებ ჰკითხეს.

  • დიმიტრი პესკოვი: "ჩვენი უმსხვილესი ბანკები უკვე დიდი ხანია სანქციების ქვეშ იმყოფებიან. ეს მათ ხელს არ უშლის დიდი მოგების მიღებაში"

პესკოვმა ასევე გაამახვილა ყურადღება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ოთხშაბათის განცხადებაზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ ქვეყანაში საერთო ეკონომიკური სიტუაცია სრულად კონტროლდება.

„იგივე შეიძლება ითქვას საბანკო სექტორზეც. ჩვენი ცენტრალური ბანკი ამაზე არაერთხელ აკეთებდა აქცენტს, ის საკმაოდ ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და ყველა საჭირო ზომას იღებს ამ სტაბილურობის შესანარჩუნებლად",-დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×