
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გივი მიქანაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა" 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ ისაუბრა.
როგორც მიქანაძემ აღნიშნა, უკვე წლევანდელი წლიდან ახლად ჩარიცხულ სტუდენტებს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში არ ექნებათ სწავლის საფასური გადასახდელი, რამაც სახელმწიფო უნივერსიტეტების მიმართ ინტერესი გაზარდა.
„სტატისტიკა მეტყველებს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების მიმართ გაზრდილ ინტერესზე. 4-ჯერ მეტი ახალგაზრდა დარეგისტრირდა და პირველადი არჩევანი აქვს გაკეთებული სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, ვიდრე კერძო უნივერსიტეტებზე. ბაზრის კვლევიდან გამომდინარე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ჩვენს სამინისტროსთან და ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით ჩაატარა, ჩვენ შემდგომში ამ კვლევის საფუძველზე დავთვალეთ კონკრეტული კვოტები, 19 სახელმწიფო უნივერსიტეტში ფაკულტეტების მიხედვით. სად არის ჭარბი რაოდენობა, სად დეფიციტური, რა მოთხოვნის წინაშე გვაყენებს ბაზარი და რა რაოდენობის სპეციალისტები გვჭირდება. სწორედ ამის საფუძველზე ჩვენ მთავრობას მივმართეთ შესაბამისი დადგენილების პროექტით, რომელიც დაამტკიცა მთავრობამ და 21 600 უფასო ადგილი განისაზღვრა 19 უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებელში", - აღნიშნა მიქანაძემ.
მისივე თქმით, აბიტურიენტებს წელს პირველად ჰქონდათ საშუალება, უმაღლესი სასწავლებლების გარდა აერჩიათ პროფესიული მიმართულებებიც.
„აბიტურიენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ მინიმუმ 3 პროფესიული მიმართულება აერჩიათ. შესაბამისად, თუ აბიტურიენტი მინიმალურ ბარიერს მაინც დაძლევს გამოცდებში, მაგრამ ვერ დააგროვებს საჭირო ქულების რაოდენობას, რომელიც ეყოფა მას, რომ ჩაირიცხოს უმაღლეს სასწავლებელში, ამ შემთხვევაში, ის ავტომატურად ჩაირიცხება მის მიერ არჩეული პროფესიული მიმართულებიდან ერთ-ერთში. იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო სასწავლებელი. დაფინანსება მთლიანად სახელმწიფოს მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი და 10 600 ასეთი ადგილი გვაქვს განსაზღვრული", - აღნიშნა მიქანაძემ.