ნატალია ჯვარიძე
16.06.2026

რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი საერთაშორისო კულტურულ თანამშრომლობის საკითხებში, მიხაილ შვიდკოი ბოლო 3 თვეში უკვე მეორედ ეწვია თბილისს. პირველად პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოვიდა და მეორედ კინოსპექტაკლების ჩვენებებს დაესწრო. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ამის უკან პოლიტიკური მიზანი იდგეს.

მიხაილ შვიდკოი მოსკოვის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. პარალელურად არის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი. 2008 წლის 1-ლი აგვისტოდან კი მას უკავია საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა, რომლის მთავარი მოვალეობაა უცხოეთში რუსეთის დადებით იმიჯზე ზრუნვა.

შვიდკოი წელს პირველად 22 მარტს თბილისში ჩამოვიდა, როგორც რუსეთის დელეგაციის წევრი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვაზე დასასწრებად. ის ხელმძღვანელობდა რუსეთის ეკლესიისა და საერო პირებისგან შემდგარ დელეგაციას.

მეორე ვიზიტი 14-15 ივნისს შედგა. თბილისში, კერძოდ „სითი მოლსა" და კინოთეატრ „კავეაში", გაიმართა თეატრალური დადგმების/კინოსპექტაკლების („ცირკის პრინცესა" და „რევერსი") ჩვენება, რასაც შვიდკოი დაესწრო.

თვითონ შვიდკოიმ განაცხადა, რომ მიზანი იყო ქართული საზოგადოებისთვის თანამედროვე რუსული ხელოვნების ჩვენება.

„მიმაჩნია, რომ კულტურა ის სფეროა, რომელსაც შეუძლია ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ნდობის ის ატმოსფერო აღადგინოს, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ადრე იყო. ხალხები ყოველთვის ერთმანეთისკენ ისწრაფვიან. ჩვენ შორის ძალიან ღრმა კავშირებია.

„უნდა ითქვას, რომ რუსეთში ბევრი ქართველი შემსრულებელია. ქართველი ხელოვანების ჯგუფები რეგულარულად ჩამოდიან, ასევე, რუსეთში ბევრი შესანიშნავი მუსიკოსი და შემსრულებელი ცხოვრობს და მოღვაწეობს", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა", - განაცხადა შვიდკოიმ მოსკოვში დაბრუნების შემდეგ.

  • პაატა ზაქარეიშვილი: „რუსეთს საქართველოს ხელისუფლებასთან ყოველდღიური ბმა აქვს, ეს იგრძნობა. ამ ფონზე შვიდკოის ჩამოსვლა რაღაც დიდ სენსაციებთან დაკავშირებული არ არის."

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებასა" და მოსკოვს შორის გარკვეული კავშირები არსებობს, რისი მაგალითებიც არსებობს.

„არ გამოვრიცხავ, რომ ამ ვიზიტების უკან პოლიტიკური მიზნები იდგეს. არავითარი ფაქტები არ გამაჩნია და არ შემიძლია რამე ვამტკიცო, მაგრამ რუსეთს, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, სერიოზული ბერკეტები აქვს საქართველოს მმართველობასთან ჩართულობის კუთხით. მაგალითად, როცა საქართველოს მესაზღვრეები საზვარზე რომელიმე რუსს არ ატარებენ, რომლებსაც რუსეთთან პრობლემები აქვთ, მგონი ეს რუსეთის სპეცსამსახურებთან შეთანხმებულია. ასე რომ არ იყოს, რა იცის მესაზღვრემ, თუკი საბუთები წესრიგში აქვს? რომ არ ატარებენ? ესე იგი იქიდან რაღაც ინფორმაცია აქვთ.

„რუსეთს საქართველოს ხელისუფლებასთან ყოველდღიური ბმა აქვს, ეს იგრძნობა. ამ ფონზე შვიდკოის ჩამოსვლა რაღაც დიდ სენსაციებთან დაკავშირებული არ არის. ფორმალურად მასაც აქვს ჩამოსვლის უფლება ვიზიტორის სტატუსით. თუმცა, თუ ეს ოფიციალური ვიზიტი იყო, მას ამის არავითარი უფლება არ აქვს, რადგან ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გაგვაჩნია, თუ ჩამოვიდა როგორც კერძო პირი, სხვა საკითხია", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×